საქმე №ას-1738-2019 6 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ჯ–ძე, რ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – თ.ჯ–ძისა და რ.გ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს – თ.ჯ–ძესა და რ.გ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 66226,55 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა – 60260,55 ლარი, სარგებელი – 4986,40 ლარი და პირგასამტეხლო – 976,6 ლარი. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნა ქ.ქუთაისში, ...... მდებარე რ.გ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ №...... იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეული იქნა თ.ჯ–ძისა და რ.გ–ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.ჯ–ძემ, რ.გ–ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით თ.ჯ–ძისა და რ.გ–ძის სააპელაციო საჩავარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ.ჯ–ძემ, რ.გ–ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით რ.გ–ძისა და თ.ჯ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით)წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თ.ჯ–ძეს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 17 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ.გ–ძისა და თ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ თ.ჯ–ძეს პირადად, ხარვეზის შევსების საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2019 წლის 17 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.213). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 18 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 23 დეკემბერს, ვინაიდან 22 დეკემბერი იყო დასვენების დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.გ–ძისა და თ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი