№ ას-361-361-2018 13 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – პ.ჭ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჯ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2017 წლის 28 აპრილს დ.ჯ–მა (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში პ.ჭ–ძის (შემდგომში – „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. 2016 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელემ იპოთეკური სესხის სახით მოპასუხისაგან მიიღო 16 000 აშშ დოლარი 4%-ის სარგებლით. გარიგება გაფორმდა საჯარო რეესტრში. მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ხელშეკრულებას, რადგან მას აჩქარებდა ხელშეკრულების მეორე მხარე, ამასთან, თან არ ჰქონდა სათვალე;
2.2. 3 თვის საპროცენტო სარგებლის გადახდის შემდგომ მოსარჩელეს გაუჭირდა პროცენტის გადახდა და შეეცადა მოლაპარაკებას მოპასუხის მამიდასთან – რ.ჭ–სთან, რათა საცხოვრებელი სახლის უზრუნველყოფით, სხვა ბანკში გადატანით დაეფარა მოპასუხის ვალი – 16 000 აშშ დოლარი. თუმცა ამ დროს გაირკვა, რომ გარიგებაში 16 000 აშშ დოლარის ნაცვლად მითითებული იყო 20 000 აშშ დოლარი. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ გაფორმებული იყო არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ – ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა მოპასუხეს;
2.3. გარიგება არის მოტყუებით დადებული და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, .....; განისაზღვრა შესაბამისი ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა და მოპასუხის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2016 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელი მოაწერეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, ...... ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ნასყიდობის საგანი გამოსყიდვის უფლებით გაიყიდა 20 000 აშშ დოლარად. ასევე მითითებულია, რომ მყიდველმა სრულად გადასცა 20 000 აშშ დოლარი გამყიდველს;
7.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხნენ მოწმეები. მოწმე მ.კ–ძემ, რომელსაც გააჩნია უძრავი ქონების საშუამავლო კომპანია, განმარტა, რომ „მოსარჩელეს ჰქონდა მისი ვალი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადახდის ვადა არ იყო მოსული, თუმცა მოსარჩელე გამოცხადდა ოფისში და თხოვა დახმარება. მას თანხის დამატება ესაჭიროებოდა. ამ მიზნით მ.კ–ძემ ის დააკავშირა მოპასუხეს, რომელსაც გააჩნდა საკმარისი თანხა. რა თანხაზე შეთანხმდნენ არ იცის, რადგან მისი მოვალეობაა მხარეები დააკავშიროს ერთმანეთს, დეტალებზე კი თავად მხარეები თანხმდებიან. მოსარჩელეს ესაჭიროებოდა თანხა. მათი შეთანხმების შემდეგ მოსარჩელემ მ.კ–ძის ვალი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით გაისტუმრა. . .”;
7.3. მოწმის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე დაიკითხა ი.კ–ძე, რომელიც მოსარჩელის ოჯახის წევრი, რძალია. ი.კ–ძემ განმარტა, რომ მათ ოჯახს ესაჭიროებოდა თანხა, რის გამოც შეთანხმდნენ მოპასუხე მხარესთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე. სესხი იყო პროცენტიანი. მოპასუხე მხარემ წინსწრებით წაიღო სამი თვის პროცენტი, თვეზე 640 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის თანხა მოიცავდა 16 000 აშშ დოლარს. გაისტუმრეს მ.კ–ძის ვალი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე გადაიხადეს 3 თვის პროცენტი წინსწრებით, გადაიხადეს მაკლერის მომსახურების თანხა და ხელზე რეალურად აიღეს 2000 აშშ დოლარი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ის ყველა მოლაპარაკების თანამონაწილე იყო. მოლაპარაკება მიდიოდა სესხზე და არა – ნასყიდობაზე;
7.4. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს ესაჭიროებოდა თანხა, ხოლო მოპასუხე მხარის მიზანი იყო – თუ მოსარჩელე სამი თვის ვადაში ვერ დააბრუნებდა სესხად გადაცემულ თანხას, უძრავი ქონება დარჩებოდა მას შედარებით დაბალ ფასად შეძენილად;
7.5. მოსარჩელე დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-4 მუხლით და მიუთითა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. თუ სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 63-ე მუხლით და მიუთითა, რომ თუ მოპასუხე შესაგებელში არ შეედავება ფაქტობრივ გარემოებებს, შემდგომში მისი ეს უფლება ქარწყლდება და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.
9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე მხარე არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს მან მოპასუხისაგან სესხის სახით მიიღო თანხა და რომ მათ შორის არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ – სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობა.
10. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით (მხარეთა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება შედავებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას (იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობა) სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რეალურად მხარეთა შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის და არა – ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე, 56-ე, 52-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ბათილია გარიგება, როდესაც მხარეთა ნამდვილი ნება გარიგების დადების თაობაზე არ არსებობს.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო გარიგების ნასყიდობად მიჩნევისათვის აუცილებელი იყო იმის დადგენა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა გამოხატეს უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების დაკარგვისა და მოპასუხის მიერ საკუთრების მოპოვების ნება, თუმცა საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდებოდა. პირიქით, სასამართლომდე (ნაწილობრივ კი სასამართლოშიც) მოპასუხე მხარე უთითებდა, რომ მოსარჩელეს ესაჭიროებოდა თანხა და მოპასუხემ გადასცა იგი. ამასთან, მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ თუ მოსარჩელე დააბრუნებდა სესხის თანხას, ქონება მას დაუბრუნდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სინამდვილეში სადავო ხელშეკრულება დაიდო სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო ამ ხელშეკრულებით დაიფარა იპოთეკის ხელშეკრულება. ამგვარად, ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგებას (სადავო ნასყიდობა წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას).
13. სააპელაციო პალატის მითითებით, თვალთმაქცური გარიგებისას გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბათილი, ასევე – ნამდვილი. თუკი დაფარული გარიგება ნამდვილია (რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში) მაშინ მან უნდა დაიკავოს თვალთმაქცური გარიგების ადგილი. სააპელაციო პალატის მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულების ადგილი უნდა დაეკავებინა ნამდვილ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
15.1. სასამართლომ იხელმძღვანელა მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია იმ გარემოებისთვის, რომ ეს ჩვენებები წინააღმდეგობრივია. კერძოდ, მ.კ–ძემ განმარტა, რომ მოსარჩელეს ესაჭიროებოდა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო ი.კ–ძის მითითებით, მოსარჩელეს ესაჭიროებოდა 16 000 აშშ დოლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მოწმე დაიკითხა მოსარჩელის ინიციატივით და ორივე მათგანი არის მოსარჩელის ახლობელი (ი.კ–ძე მოსარჩელის ოჯახის წევრი, რძალია). შესაბამისად, მათი ჩვენებები ობიექტური ვერ იქნებოდა;
15.2. სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელე დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და ვიდრე გამოსყიდვის უფლების ვადა არ გავიდოდა მოსარჩელეს ჰქონდა სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება. როდესაც ეს ვადა გავიდა, მოპასუხემ სარჩელი წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელისა და მისი ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოპასუხე აღნიშნული ნორმის სრული დაცვით გახდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისას მესაკუთრისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ ცხოვრობს მასში;
15.3. სასამართლო უსაფუძვლოდ უთითებს, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს მან მოპასუხისგან სესხის სახით მიიღო თანხა და რომ მათ შორის არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ – სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის მესამე ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე უთითებს, რომ: „გაიყიდა (გამოსყიდვის მეთოდით) სახლი, ქ. ქუთაისი, …... მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“ აღნიშნულით მოსარჩელემ უტყუარად დაადასტურა, რომ სახლი გაიყიდა გამოსყიდვის უფლებით და მოპასუხეს შესადავებელი არაფერი ჰქონდა. მოპასუხე არ დათანხმებია არცერთ ფაქტობრივ გარემოებას, ასევე არც სასარჩელო მოთხოვნას;
15.4. სასამართლოს არ უმსჯელია მოტყუებით დადებული გარიგების თაობაზე, რაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა. სასამართლომ გამოიჩინა თვითშემოქმედება და იმსჯელა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების შესახებ, რაც არსებითად განსხვავდება მოტყუებით დადებული გარიგებისაგან.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას.
21. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს მან მოპასუხისაგან სესხის სახით მიიღო თანხა და რომ მათ შორის არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ – სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობა (იხ. შესაგებელი, ტ.1. ს.ფ. 19-27).
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კვალიფიციური შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, § 201).
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, რადგან მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელში მითითებული გარემოება (იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა ნასყიდობის, არამედ – სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობა) შედავებული არ ყოფილა, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დადასტურებულად, რომ რეალურად მხარეთა ნება მიმართული იყო სესხისა და იპოთეკის და არა – გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისაკენ.
28. კასატორის მითითებით, მოსარჩელემ სარჩელის მესამე ფაქტობრივ გარემოებაში გაკეთებული ჩანაწერით დაადასტურა მხარეთა შორის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, რადგან სარჩელი მთლიანად სწორედ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მხარეთა ნებას არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების, არამედ – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა.
29. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ავტორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების შესახებ, რადგან მოსარჩელეს სადავო გარიგების ბათილობა აღნიშნული საფუძვლით არ მოუთხოვია.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
31. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ №ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი).
32. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით მოსარჩელე აღწერდა თვალთმაქცური გარიგების შემთხვევას, თუმცა გარიგების ბათილობას სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე (მოტყუებით დადებული გარიგება) ითხოვდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სადავო ხელშეკრულება მართებულად მიიჩნია თვალთმაქცურ გარიგებად და სწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
33. რაც შეეხება კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლამდე მოსარჩელეს ჰქონდა უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულის თაობაზე მითითება არ არის.
34. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას ვერც მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 426 ლარის 70% - 1698,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ პ.ჭ–ძეს (პ/ნ: ……) დაუბრუნდეს მ.გ-ძის (პ/ნ: ….) მიერ 2018 წლის 28 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 426 ლარის 70% - 1698,2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე