23 სექტემბერი, 2016 წელი,
№ას-563-538-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ა.ს.ჯ–ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის იანავარში შპს ,,კ. ს-ჯ”-სა (საფირმო სახელწოდების ცვლილების შემდგომ შპს ,,ა.ს.ჯ–ა”) (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) და ზ.გ–ს (შედეგში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემძენი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადახდის გადავადების პირობით (შემდეგში ნასყიდობის ხელშეკრულება), რომლის შესრულების უზრუნველსაყოფად 2011 წლის 1 მარტს იპოთეკით დაიტვირთა შემძენის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. (იხ. ტ.1,ს.ფ.21-25)
2. ნასყიდობის ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, გამყიდველმა გაასხვისა, ხოლო მყიდველმა შეიძინა 54800 კგ ,,რენანისა” და ,,ფარანდოლის” ჯიშის ხორბლის სათესლე მასალა, გადახდის გადავადების პირობით.
3. ხელშეკრულების მეორე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1 კგ- 0.70 ევროს ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით. გადასახდელმა თანხამ ჯამურად 38 360 ევრო შეადგინა.
4. გამყიდველმა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს საკუთრების უფლებით გადასცა ,,რენანისა” და ფარანდოლის” ჯიშის სათესლე მასალა - 54 800 კგ, ხოლო მყიდველმა მიიღო იგი და იკისრა ვალდებულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება დაეფარა წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით .
5. შემძენმა გადაიხადა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ღირებულება 37 205 ევრო.
6. ნასყიდობის საგანი იყო საშემოდგომო ჯიშის სათესლე ხორბალი, რომელიც შემძენმა დათესა ზამთარში (იანვარში) და მოსავლის სახით მიიღო მხოლოდ 100.00 ტონა 38 000 ლარის ღირებულების ხორბლის მოსავალი.
7. 2012 წლის 4 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შემძენს შესყიდული სათესლე მასალის ღირებულების ანაზღაურება დაეკისრა.
8. 2014 წლის 6 იანვარს შემძენმა გამყიდველის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნაში ზიანის მოცულობა 126 891 ლარითა (მოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯი) და 37 205 ევროთი განსაზღვრა. მოსარჩელის მტკიცებით, გამყიდველის წარმომადგენელმა ზ.ჩ–მა ის შეცდომაში შეიყვანა ნასყიდობის საგნის თვისებრიობასთან დაკავშირებით, კერძოდ, შეუქმნა ვარაუდი, რომ შესყიდული პროდუქტი უხვმოსავლიანი იყო და ვარგისი ზამთარში დასათესად. ამასთან, ხორბლის დათესვასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესრულებაც (ჩეხვა, დათესვა, შეწამვლა, დატკეპნა) თავად იკისრა.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მხარეს საკუთრებაში გადასცა შეთანხმებული ხარისხის შესყიდული პროდუქტი, ხოლო მოსარჩელის მიერ შეძენილი ხორბლის არავეგეტაციურ პერიოდში დათესვით დამდგარ ნეგატიურ შედეგზე იგი არ იყო პასუხისმგებელი.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-317, 327-ე, 477, 487-488, 492-ე და 494-ე მუხლები.
10.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
10.2. სასამართლომ მხარეთა განმარტებებზე დაყრდნობით გამოარკვია, რომ, ზოგადად, ყველა ხორბლის თესლი არის საშემოდგომო, თუმცა არსებობს სპეციფიკური საგაზაფხულო ხორბალი, რომელიც ითესება იანვარ-თებერვალში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, ვინაიდან მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებდა ხორბლის სპეციალური ჯიშის - საგაზაფხულო ხორბლის მიწოდებასთან დაკავშირებით რაიმე სახის დათქმას, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ნასყიდობის საგანს შეადგენდა მხარეთა შორის შეთანხმებული ხარისხის, სწორედ საგაზაფხულო ხორბლის თესლი, მოსარჩელეს ეკისრებოდა. მოსარჩელემ ეს გარემოება ვერ დაადასტურა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნასყიდობის საგანი იყო შეთანხმებული ხარისხის და გამყიდველს არ მიუწოდებია შეთანხმებისგან განსხვავებული (ნაკლიანი) და უხარისხო ხორბლის თესლი.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განჩინებით -სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
12.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტები).
12.2. პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ მხარეები 01.03.2011 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმდნენ საგაზაფხულო ჯიშის ხორბლის თესლის ნასყიდობაზე, ხოლო გამყიდველმა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შემძენს მიაწოდა საშემოდგომო ხორბლის თესლი. პალატის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვერ დაადასტურეს საქმეზე გამოკითხულმა მოწმეებმაც, არ დადასტურდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებაც, რომ შეძენილი ხორბლის დასათესად მიწა დამუშავდა უშუალოდ გამყიდველის საკუთრებაში რიცხული ტექნიკით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. კასატორმა საკასაციო საჩივარში შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:
14.1. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, კანონი გამყიდველს აკისრებს უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულებას და, შესაბამისად, მისივე მტკიცების ტვირთია, გადაცემული საგანი იყო თუ არა უნაკლო.
14.2. კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეები არ შეთანხმდებოდნენ შესასყიდი ხორბლის კატეგორიაზე (საგაზაფხულო ჯიში იყო თუ საშემოდგომო) გამყიდველი ვალდებული იყო შემძენი გაეფრთხილებინა გაზაფხულზე მისი დათესვის შეუძლებლობის თაობაზე, რისი შეუსრულებლობაც ნივთის ნაკლს უთანაბრდება. კასატორის მსჯელობით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ხორბლის თესლის ზამთარში შესყიდვით გამოავლინა ნება მაშინვე დასათესი ხორბლის შესყიდვისა და გამყიდველს უნდა მიეღო ზომები, რათა მყიდველი არ შემცდარიყო. ზემოთქმულის გათვალისწინებით, კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად გაათავისუფლა მტკიცების ტვირთისგან მოწინააღმდეგე მხარე.
14.3. კასატორის მოსაზრებით, გამყიდველს ხორბლის გასაღება მინდობილი ჰქონდა მოპასუხე კომპანიის პარტნიორ ზ.ჩ–ისთვის. მან მოსარჩელესთან წარმოებული მოლაპარაკების ფარგლებში შემძენს გამოუყო ტექნიკა მიწის დასამუშავებლად და, ამავდროულად, მოსარჩელეს შეუქმნა ვარაუდი, რომ გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სსკ-ის 104 -ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, გამყიდველი პასუხს აგებს ვადაგასული ხორბლის გაყიდვით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
19.1. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 494.1 (ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
19.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე, რომელიც გამყიდველს აკისრებს ხორბლის თვისებრიობასთან დაკავშირებით შემძენის ინფორმირებულობის მტკიცების ტვირთს. ერთის მხრივ, მტკიცების ტვირთის, როგორც პროცესუალური ნიუანსის და მეორეს მხრივ, ნასყიდობის საგნის - მისი რეალიზაციის შემდგომ დაღუპვისა თუ დაზიანების რისკების თაობაზე გასათვალისწინებელია შემძენის, როგორც მეწარმე სუბიექტის სტატუსი. მოცემულ დავაში შემძენს წარმოადგენს ფერმერულ საქმიანობაში 20 წლიანი გამოცდილების მქონე სუბიექტი (იხ. ტ.1, ს.ფ. 146), შესაბამისად, როდესაც შემძენი მხარე მეწარმე სუბიექტია, სამოქალაქო კანონმდებლობა შესაბამის საქმიან ურთიერთობებში საგულისხმო გათვითცნობიერებულობის გათვალისწინებით მას უფრო მაღალ სამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტს უწესებს. სსკ-ის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა ცხადყოფს, რომ მყიდველი მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, ნაკლიანი შესრულების თაობაზე პრეტენზია გამოთქვას დაუყოვნებლივ ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში - ის კარგავს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას. განსახილველ დავაზე შემძენმა ვერ დაადასტურა გაზაფხულზე დასათესად უვარგისი ხორბლის თესლის გამო პრეტენზიის გონივრულ ვადაში წარდგენა, უფრო მეტიც საქმეში დაცულია 04.12.2012 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ტ, ს.ფ. 17-20), რომლითაც დაკმაყოფილდა გამყიდველის მოთხოვნა და შემძენს ხორბლის გადაუხდელი ღირებულების ანაზღაურება დაევალა. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ საქმეზე შემძენმა არათუ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც შეეძლო შედავებოდა თანხის გადახდის ვალდებულებას შესყიდული პროდუქციის ნაკლის გამო, არამედ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე (იხ. ტ.1. ს.ფ.99-103), რითაც სსკ-ის 495-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით დაკარგა ნივთის ნაკლის გამო შედავების უფლება.
19.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ, რაკი შესყიდული ხორბლის ღირებულების ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებულ დავაზე შემძენის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დავის სწორად გადასაწყვეტად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დანაწესიც უნდა იქნეს გათვალისწინებული. კერძოდ, ამ ნორმის დისპოზიციით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. როგორც უკვე აღინიშნა, ხორბლის ღირებულების ანაზღაურების დავის წარმოების დროს შემძენი გამყიდველს არ შედავებია შესყიდული პროდუქტის ნაკლზე, არ გამოუყენებია კანონმდებლობით მინიჭებული უფლება შესყიდული პროდუქტის ნაკლის სანაცვლოდ ფასის შემცირების მოთხოვნისა და ამ ფარგლებში ნასყიდობის საგნის ასანაზღაურებელი თანხის გაქვითვის თაობაზე, მას არც ხელშეკრულებიდან გასვლის ნება გამოუვლენია, და უფრო მეტიც, სამართალწარმოებაში მონაწილეობაზეც არ გამოხატა ინტერესი, რის შედეგადაც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფარგლებში დაადგინა, შემძენისათვის ხელშეკრულების პირობების შესატყვისი ნასყიდობის საგნის გადაცემა, რაც თავისთავში, შედავების არარსებობის პირობებში, სწორედ უნაკლო ნივთის გადაცემას მოიაზრებს. ფაქტია, რომ ღირებულების ანაზღაურების დავაზე სამართალწარმოების დროს მოსარჩელეს ხორბალი უკვე დათესილი ჰქონდა და ხორბლის მოუსავლიანობის/ნაკლის თაობაზე მისთვის უკვე ცნობილი იყო, მაგრამ შემძენს სამართალწარმოების პროცესში ამაზე პრეტენზია არ განუცხადებია, რაც გაიგივებულ უნდა იქნეს შემთხვევასთან, როდესაც შემძენს ნივთის ნაკლის თაობაზე პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დამტკიცებულ გარემოებებს საკასაციო პალატის განმარტებით, ამ დავის განხილვისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი არსით სპეციფიკურია, ასეთი სამართალწარმოების დროს საქმის განხილვაში არ მონაწილეობს ერთ-ერთი მხარე, სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად კი, მოპასუხის გამოუცხადებლობის დროს სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავდროულად აღსანიშნია, რომ სასამართლო ასეთ დროს ვალლდებულია გაარკვიოს სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა კი, მოიაზრებს სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად მოძიებას. ამის შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები აკმაყოფილებენ თუ არა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობაა. ამდენად, მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს ერთ-ერთი მხარის პასიურობის გამო, მოდავე მხარეთა შეჯიბრებითობის გარეშე გამოაქვს, მაგრამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ისეთივე იურიდიული ძალა და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, იმავე მხარეებს შორის სხვა დავისთვის, როგორც საქმის არსებითად განხილვის შედეგს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შედავება ნასყიდობის საგნის ნაკლთან დაკავშირებით სამართლებრივად უსაფუძვლოა.
19.4. მტკიცებულებების არასაკმარისობის პირობებში სასამართლომ ვერ დაადგინა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ფაქტობრივი გარემოების (ნაკლიანი შესრულების, ვალდებულების ,მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დარღვევის, შესრულებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის) არსებობა, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნებისა და საკასაციო პრეტენზიის სამართლებრივად დაუსაბუთებლობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
19.5. პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას გამყიდველის წარმომადგენლის უფლებამოსილების ნაკლთან დაკავშირებით. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაზე გამყიდველის სახელით ხელმომწერი პირია - გამყიდველი საწარმოს დირექტორი. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საწარმოს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს დირექტორი. მსგავსი შინაარსის დანაწესს ითვალისწინებს მოპასუხის წესდებაც. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თაობაზე მონაცემი საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უპირობო განსაზღვრისა, დასაბუთებას მოკლებულია კასატორის მითითება სსკ-ის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელზე აპელირებაც გამართლდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცალსახად დადგენის შესაძლებლობა.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: საქმე Nას 167-163-2016. 01.07. 2016წ).
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 6000.00 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 02.07.2016-04.07.2016) 70% – 4200.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ზ.გ–ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 02.07.2016-04.07.2016) 70% – 4200.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი