№ას-652-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ქ. თბილისის N.. საჯარო სკოლა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ ქალაქ თბილისის N.. საჯარო სკოლა (შემდეგში - პირველი მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებას, რომლითაც ა.ბ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
2. კასატორის პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის მტკიცებით, სარჩელი ხანდაზმულია. მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებას გაეცნო 2016 წლის 7 აპრილს, ხოლო 2016 წლის 19 აპრილსა და შემდგომ 10 მაისს სასამართლოში წარდგენილ სარჩელთა წარმოებაში მიღებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. კასატორის განსჯით, ვინაიდან 19 აპრილისა და 10 მაისის სარჩელები სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, საქართველის სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 140-ე მუხლით (1. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. 2. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან) გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე, მარტოოდენ სარჩელის სასამართლოში წარდგენის ფაქტი არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.2.1. მოსარჩელეს, პირველ მოპასუხესა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) შორის დაიდო სამმხრივი შრომის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ერთი წლით, 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე განისაზღვრა.
5.2.2. მეორე მოპასუხის 2016 წლის 19 თებერვლისა და 2016 წლის 14 მარტის ბრძანებებით, დასაქმებულს დაეკისრა შემდეგი დისციპლინური სახდელები, საყვედური და სასტიკი საყვედური, ხოლო 2016 წლის 5 აპრილის N2/კ-176 ბრძანებით - დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
5.2.3. პირველი მოპასუხის 2016 წლის 7 აპრილის N1კ-162 ბრძანებით, დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 481-ე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულს შეუწყდა 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული N819/16 შრომითი ხელშეკრულება.
5.2.4 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გასაჩივრების მიზნით, დასაქმებულმა სასამართლოს ჯერ 2016 წლის 19 აპრილს, ხოლო შემდეგ იმავე წლის 10 მაისს მიმართა. სასამართლომ ეს სასარჩელო განცხადებები, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, წარმოებაში არ მიიღო; სასამართლომ წარმოებაში მიიღო დასაქმებულის მიერ 2016 წლის 30 მაისს წარდგენილი სარჩელი.
6. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც სამართლებრივად შეფასდა დასაქმებულის სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, საკასაციო პალატის განსჯის საგანია სარჩელის შემაფერხებელი შესაგებლის საფუძვლიანობა.
6.1. საქმეზე გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს თავდაპირველად 2016 წლის 19 აპრილს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გასაჩივრებისათვის განსაზღვრულ 30 - დღიან ვადაში მიმართა სარჩელით, თუმცა სასამართლომ ეს სარჩელი სსსკ-ის 178-ე, 186-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო წარმოებაში არ მიიღო. იგივე სამართლებრივი ბედი გაიზიარა იმავე წლის 10 მაისს წარდგენილმა სარჩელმაც. 2016 წლის 30 მაისს დასაქმებულმა ხელახლა მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომელიც ამჟამად სამართალწარმოების პროცესშია. საკასაციო პრეტენზიის არსი ისაა, რომ, კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაზე სასამართლომ არ უნდა გაავრცელოს სსკ-ის 140-ე მუხლის დათქმა, რომელიც მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას, მისი სასარჩელო განაცხადი განიხილოს სასამართლომ, თუკი ის პირველი სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვის ვადაში ხელახლა წარადგენს სარჩელს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სსკ-ის 140-ე მუხლი კონცეპტუალურად სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის პროცესუალურ შედეგს ამ ნორმის მოწესრიგების სფეროში არ მოიაზრებს, სახელდობრ:
6.1.1. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში წამოყენებული საკითხის სამართლებრივი ანალიზისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიმარტოს, ერთი მხრივ, სსკ-ის 140-ე მუხლში მითითებული სარჩელის განუხილველად დატოვებისა და, მეორე მხრივ, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საპროცესო ინსტიტუტების პროცესუალური მნიშვნელობა და მხოლოდ ამ ნორმათა ფუნქციური დანიშნულების გაანალიზების საფუძველზე შეფასდეს ამ ნორმის დათქმა, ვიწროდ უნდა განიმარტოს და მხოლოდ სარჩელის განუხილველად დატოვების საპროცესო შედეგზე გავრცელდეს, თუ ნორმა ამ უფლებით იმ მოსარჩელესაც აღჭურავს, რომლის სარჩელიც სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
6.1.2. საკასაციო სასამართლო ამ საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე, 186-ე, 187-ე და 275-ე მუხლებზე შეაჩერებს. შესაბამის ნორმათა ფუნქციური დანიშნულების შედარებით სამართლებრივი ანალიზის ფარგლებში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვებისა და სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის პროცესუალური ინსიტიტუტები ფუნქციურად თანაბარი/ერთნაირი მნიშვნელობისაა. ამას მოწმობს სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიც, რომელიც ადგენს, რომ, თუ არსებობს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის წინაპირობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სარჩელი სამართალწარმოების პროცესშია, სასამართლომ ასეთი სარჩელი განუხილველად უნდა დატოვოს. ნორმის ეს დათქმა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი ერთგვაროვანია, უფრო კონკრეტულად, სარჩელი არ აკმაყოფილებს იმ წინაპირობებს, რაც სამართალწარმოების დაწყებასა თუ შემდგომ გაგრძელებას გაამართლებს. ნორმის ფუნქციური დანიშნულების შეფასებისას, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, ისე - სარჩელის განუხილველად დატოვების დროს, მოსარჩელე არ კარგავს უფლებას, შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, ხელახლა მიმართოს სასამართლოს.
6.1.3. სსკ-ის 140-ე მუხლის კონტექსტით, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და განუხილველად დატოვების საპროცესო ინტიტუტების გამიჯვნის თაობაზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „მართალია, სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში მითითებულია სარჩელის განუხილველად დატოვების და არა საქმის განხილვის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს მისი დანიშნულების გათვალისწინებით და არა გამოყენებული ტერმინების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია, ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან” (შდრ. საქმე №ას-1586-1489-2012, 22 აპრილი, 2013 წელი).
6.1.4. კანონმდებლის მიზნისა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მოქმედება არ შეიძლება, განვავრცოთ მხოლოდ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაზე, უფრო მეტიც, ნორმის მიზანი სწორედ ისაა, რომ, თუ ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენილი სარჩელი არ აკმაყოფილებს ფორმალურად ან/და შინაარსობრივად სამართალწარმოების განხორციელების წინაპირობებს, სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა 6 - თვიანი დროის მონაკვეთში აღმოფხვრას არსებული ნაკლოვანება/ხარვეზი და სასამართლოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი სარჩელით ხელახლა მიმართოს. ამ დათქმით კანონმდებელი აძლიერებს პირის დარღვეული უფლების დაცვის სტანდარტს და დარღვეული უფლების აღსადგენად მოტივირებულ სუბიექტს, რომელმაც ფორმალურად, დავის მიმართ ინტერესი სარჩელის წარდგენით გამოავლინა, არ წაერთვას საკუთარი უფლების სასამართლო წესით დაცვის საშუალება. ნიშანდობლივია, რომ სსკ-ის 140-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის სპეციალურ წესს მხოლოდ ორ შემთხვევაში განსაზღვრავს და ასეთად სარჩელის განუხილველად დატოვებასთან ერთად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის ვითარებასაც განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი უკიდურესი დაცვითი ღონისძიების სახით, დავის მიმართ იურიდიული ინტერესის მქონე პირს აძლევს დროს, მიიღოს დავის წამოწყების თაობაზე გააზრებული გადაწყვეტილება, სარჩელის აღძვრის უფლების საბოლოო გაქარწყლებამდე.
6.1.5. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელის მიერ თავდაპირველი და შემდგომი სარჩელის აღძვრის ქრონოლოგია და დროის შუალედი სარჩელთა წარდგენას შორის, ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ, სსკ-ის 140-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2016 წლის 19 აპრილს და, ამდენად, დასაქმებულმა ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს დაღვეული შრომის უფლების დასაცავად.
7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. საქმე Nას-103-2019, 31 ოქტომბერი, 2019 წელი, საქმე №ას-1586-1489-2012, 22 აპრილი, 2013 წელი).
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
10. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (225 ლარი, საგადახდო დავალება #7043, გადახდის თარიღი 11.04.2019; 75 ლარი, საგადახდო დავალება 7180, გადახდის თარიღი 20.05.2019) 70%– 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ქ. თბილისის N.. საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ქ. თბილისის N.. საჯარო სკოლას (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (225 ლარი, საგადახდო დავალება #7043, გადახდის თარიღი 11.04.2019; 75 ლარი, საგადახდო დავალება 7180, გადახდის თარიღი 20.05.2019) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი