Facebook Twitter

საქმე №ას-1027-947-2017 4 ოქტომბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

თარჯიმნები - მ.შ–ძე, ნ.ი–ი

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „H.G.“

წარმომადგენლები - ს.რ.ა.ჰ. (დირექტორი), ზ.მ–ი (ადვოკატი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ა.დ–ი“

წარმომადგენლები - გ.თ–ი (დირექტორი), ნ.წ–ძე, გ.გ–ი, ი.ნ–ა (ადვოკატები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქალაქ თბილისში, .... მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე (ნაკვ. ....) უძრავი ქონება, 14 749 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით - #..... (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება), შპს „H.G. (შემდეგში - მოსარჩელე; აპელანტი ან კასატორი) საკუთრებას წარმოადგენდა (იხ. ტ.1. ს.ფ. 22).

2. 2014 წლის 8 ოქტომბერს ნ.უ–ძემ (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ი.ყ–მა (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), ერთი მხრივ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენლებმა და, მეორე მხრივ, როგორც ქონების შემსყიდველმა პირებმა, საკუთარ თავთან დადეს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სადავო ქონება მათ სახელზე აღირიცხა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 23-24; 54-57).

3. პირველ და მეორე მოპასუხეებს ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდათ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის (#52-01/147591) თარგმანით, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები უფლებამოსილებას ანიჭენენ პირველ და მეორე მოპასუხეებს თავიანთი შეხედულებისამებრ განსაზღვრული პირობებითა და ფასად, გაყიდონ ან გაცვალონ, დააგირაონ, დატვირთონ იპოთეკით, გადაიფორმონ საკუთარ სახელზე, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (სადავო უძრავი ქონება), (იხ. ტ. 1. ს.ფ. 50-53).

4. პირველ და მეორე მოპასუხეებსა და შპს „ა.დ–ს“ (შემდეგში - მესამე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მესამე მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა (იხ. ტ.1. ს.ფ 25-26; 57-60). ნასყიდობის საფასური 3 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მყიდველს გადახდილი აქვს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ მინდობილობა, რომლის გამოყენებითაც 2014 წლის 8 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ყალბია.

6. 2015 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხეთა წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სადავო მინდობილობისა და მის კუთვნილ ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ქონებაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვა.

7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ ბათილად ცნო სადავო მინდობილობა და 2014 წლის 8 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება; 2014 წლის 24 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და 2014 წლის 8 ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

10.1. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო მინდობილობისა (N52-01/147591) და 2014 წლის 8 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისათვის. აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა დადგენილიყო ფაქტი, რომ შემძენმა იცოდა, გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე და საჯარო რეესტრის ჩანაწერი იყო სადავო.

10.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დადასტურდა ნასყიდობის ხელშეკრულებით მესამე მოპასუხის წარმომადგენლობაზე უფლებმოსილი დირექტორის არაკეთილსინდისიერება. პალატის განსჯით, მესამე მოპასუხის მიერ იმ ფაქტის ცოდნა, რომ პირველმა და მეორე მოპასუხეებმა უძრავი ქონება მინდობილობის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით დაირეგისტრირეს, მას არაკეთილსინდისიერ შემძენად არ აქცევდა. შემძენს მხოლოდ იმ ფაქტის ცოდნა აქცევდა არაკეთილსინდისიერად, რომ მინდობილობა იყო გაყალბებული და. შესაბამისად, ყალბი მინდობილობის საფუძველზე გასხვისდა და აღირიცხა უძრავი ქონება გამსხვისებელთა სახელზე. პალატის განმარტებით, ამ უკანასკნელ ფაქტზე მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ და ეს გარემოება არც საქმის მასალებით არ დადასტურებულა.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო.

13. 2018 წლის 4 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების მოთხოვნით იშუამდგომლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ მორიგების დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა - ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.

17. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

18. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 272-ე, 49-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. შპს „ა.დ–ი“ (ს/კ ....) იღებს ვალდებულებას, შპს „H.G-ს“ (ს/კ ...) საკუთრებაში გადასცეს სადავო მიწის ნაკვეთი (ს/კ ....). თავის მხრივ, შპს „H.G.“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს შპს „ა.დ–ს“ 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი, შპს „ა.დ–ის“ მიერ გადასახდელი 6 (ექვსი) თვის საბანკო კრედიტის პროცენტის გამოკლებით. თანხის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, საქართველოს ბანკის მიერ გადახდის დღისათვის არსებული სპეციალური კომერციული კურსით, ლარის ეკვივალენტით;

1.2. შპს „ა.დ–ის“ მიერ შპს „H.G-სთვის“ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, იმავე დღეს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საქართველოს ბანკის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. 1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შესრულდეს წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში;

1.3. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული კრედიტის ვადად განისაზღვრება 120 (ას ოცი) თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 7%-ს (აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია, შეცვლას არ ექვემდებარება 5 წლის განმავლობაში). კრედიტის პირველი 6 (ექვსი) თვე წარმოადგენს „საშეღავათო პერიოდს“, 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მხოლოდ კრედიტის პროცენტი დაიფარება. კრედიტის საშეღავათო პერიოდის, ანუ 6 (ექვსი) თვის პროცენტის გადახდის ვალდებულებას იღებს შპს „ა.დ–ი“. კრედიტის უკეთესი პირობებით გაცემა არ ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების დარღვევად. სესხი გაიცემა შპს „H.G-ს“ დირექტორისა და დამფუძნებლის, წილის 60%-ის მფლობელის - ს.რ.ა.ჰ–ის სახელზე (პ/ნ .....). დამფუძნებელი ვალდებულია, ბანკისაგან საკრედიტო თანხის მიღებისთანავე ან, ყველაზე მეტი, მეორე სამუშაო დღის განმავლობაში თანხა გადარიცხოს შპს „H.G-ს“ საბანკო ანგარიშზე და შპს „H.G-ს“ ანგარიშიდან შპს „ა.დ–ის“ ანგარიშზე, კერძოდ, 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი, 6 (ექვსი) თვის საბანკო კრედიტის პროცენტის გამოკლებით, ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე: GE97BG0000000997051200GEL;

1.4. თუ კასატორი - შპს „H.G.“ უარს განაცხადებს წინამდებარე მორიგების აქტის 1.2., 1.3. და 1.6. პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სადავო მიწის ნაკვეთი უნდა დაუბრუნდეს შპს „ა.დ–ს“. მიწის დაბრუნება მოხდება შპს „ა.დ–ის“ მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცალმხრივი მიმართვის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები შეიქმნა ბანკის მხრიდან, კრედიტის პირობები შეიცვალა ან გაუქმდა, მხარეები აცხადებენ თანხმობას დამატებით 15 დღით მორიგების აქტის გაგრძელებაზე იმავე პირობებით. თუ დამატებით ვადაშიც მორიგების პირობები ვერ შესრულდა მხარეებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შპს „H.G-ს“ მიეცემა მორიგების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადა 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის გადასახდელად;

1.5. მხარეების მხრიდან წინამდებარე მორიგების აქტის 1.1., 1.2., 1.3. და 1.6. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შესრულდეს მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში;

1.6. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის დღიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ერთმანეთს წარუდგენენ, 3-3 (სამ-სამ) ეგზემპლარად, პარტნიორთა კრების ოქმებს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების მოწონების შესახებ. აღნიშნული კრების ოქმების პირველი ეგზემპლარი დარჩებათ მხარეებს, მეორე, მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინებასთან ერთად, წარედგინება საჯარო რეესტრს, ხოლო მესამე ეგზემპლარი კი - სასამართლოს;

1.7. გაუქმდეს საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....) ვალდებულებით გრაფაში მითითებული 08/10/2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების 5.1. მუხლით განსაზღვრული თანხის სრულად გადახდამდე მყიდველს ეკრძალება ნასყიდობის საგნის ჩუქება, გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა და ა.შ. (განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882014570590, თარიღი - 24.10.2014 წელი, უფლების რეგისტრაციის თარიღი - 27.10.2014 წელი);

1.8. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1.-1.3. პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისთანავე გაუქმდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 აგვისტოს #2/16688-15 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ა.დ–ის“ (ს/კ .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისში, .... მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვ. ...), ს/კ ....;

1.9. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შემდგომ, თუ კასატორი - შპს „H.G.“ დაარღვევს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას, მოპასუხე შპს „ა.დ–ს“ უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რის საფუძველზეც აღსრულდება მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობა და მიწის ნაკვეთი უპირობოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, საკუთრების უფლებით უკან დაუბრუნდება შპს „ა.დ–ს“;

1.10. კასატორ შპს „H.G-ს“ მიმართვის საფუძველზე ბანკის მიერ ამ აქტის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ მესაკუთრე შპს „ა.დ–ი“ უარს იტყვის თანხის მიღებაზე და სადავო მიწის ნაკვეთის კასატორ შპს „H.G-სათვის“ საკუთრების უფლებით გადაცემაზე, შპს „H.G-ს“ უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, არსებული მორიგების პირობების აღსასრულებლად;

1.11. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დადების დღისათვის მათ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ სხვა უფლებები და ვალდებულებები, გარდა ამ მორიგებით გათვალისწინებული უფლებებისა;

1.12. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე, 4 (ოთხ) გვერდზე, 4 (ოთხ) იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს, მესამე ეგზემპლარი გადაეცემა სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი - ბანკს;

1.13. წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის მასზე მხარეების მიერ ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ დამტკიცების დღიდან;

1.14. მხარეებისათვის ცნობილია საქმის მორიგებით დამთავრების შედეგები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით.

2. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარეებს შორის დავა აღარ დაიშვება;

4. შპს „H.G-ს“ (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ზ.მ–ის (პ/ნ ....) მიერ 2017 წლის 15 ივნისს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 (რვა ათასი) ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი