24 დეკემბერი, 2019 წელი,
საქმე № ას-1380-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ.გ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ა (მოსარჩელე)
მოპასუხეები - ბ.გ–ა, ზ.გ–ა, ზ.გ–ა, ფ.გ–ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 30 ნოემბერს ა.გ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ბაგრატ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე), ზ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კერძო სჩივრის ავტორი), ზ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან საჩივრის ავტორი), ზ.გ–ებისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე) და ფ.გ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე) წინააღმდეგ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის რაიონში, სოფელ ....მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით # ....) მოპასუხეებს შორის 2014 წლის 22 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი ავტოსატრანსპორტო საშულების (სკანია R124 LA4X2NA 400, ფერი-თეთრი, გამოშვების წელი - 1998, სანომრე ნიშანი - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი - YS2R4X......, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - CVO...) საკუთრებაში გადაცემის შესახებ პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 2015 წლის 11 სექტემბერს დადებული შეთანხმება; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 40 000 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.
3. მეორე და მესამე მოპასუხეებმა საჩივარი წარადგინეს აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე მეორე და მესამე მოპასუხეების საჩივარი უარყოფილ იქნა, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
5. 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით, მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი გამოუცხადებლობის გამო.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 3 ივლისს, 17:000 სთ-ზე, სხდომას ესწრებოდა აპელანტი, სხდომა 2019 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე გადაიდო, აპელანტმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ ინფორმირებული იყო 2019 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 38. ტ.1).
7.2. 2019 წლის 31 ივლისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387-ე და 229.2 მუხლებზე და მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მეორე მოპასუხის წარმომადგენლებმა. მათი მტკიცებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სხდომის დღეს შეფერხებით იმგზავრეს, რის თაობაზეც წინასწარ სასამართლოს აცნობეს სატელეფონო შეტყობინებით, ხოლო ორი საათით ადრე სასამართლო შენობაში მისული აპელანტი, მათ გარეშე სხდომაზე არ შევიდა და პროცესს არ დაესწრო.
9.1. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განჩინება გამოტანილია საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.1 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
13. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.208 წ).
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს, სახელდობრ, კერძო საჩივრის ავტორმა/მეორე მოპასუხემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ ინფორმირებული იყო 2019 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე, სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 38. ტ.2, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), თუმცა დანიშნულ დროს აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობა სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს (შდრ. სუსგ-ები № ას-1312-1232-2017, 24.11.2017; № ას-633-591-2017, 21.09.2017; №ას-48-44-2017, 01.03.2017; № ას-880-830-2015, 21.10.2015).
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზმა, კერძოდ, მგზავრობის შეფერხებამ განაპირობა. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია ზემოხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად.
19. დაუსაბუთებელია სასამართლოში მცირედი დაგვიანებით გამოცხადების შესახებ კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტიც. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2019 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე, თუმცა სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება 15:36:21 საათზე სხდომის გახსნა და 15:47:16 საათზე დახურვა. შესაბამისად, თუ აპელანტი სასამართლოში მცირედი დაგვიანებით გამოცხადდებოდა, იგი სხდომაზე დასწრებასაც შეძლებდა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში მისი დაგვიანებით გამოცხადებას ან კერძო საჩივარში მითითებულ გამოუცხადებლობის მიზეზს დაადასტურებდა.
20. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის შედეგებით დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ აპელანტმა თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.
21. საკასაციო სასამართლო კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში არასწორადაა მითითებული როგორც მოწინააღმდეგე მხარე, ისე -წარმომადგენელი, ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ზღუდავს პროცესის მონაწილე მხარეს, მოითხოვოს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება მათი აღმოჩენისთანავე. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ტექნიკური ხარვეზია სახეზე, რომელიც შესაძლოა, უსწორობის გასწორებით აღმოიფხვრას.
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.გ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი