საქმე №ას-1359-2019 24 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – სს „მ.ო.კ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ს–ი, მ.ს–ი (მოპასუხეები)
მოპასუხე - ა.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ.ო.კ“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კრედიტის მიმცემი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან კრედიტორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც ნ. და მ.ს–ების (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან თავდებები) წინააღმდეგ 2828 ლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ მოთხოვნა უარყოფილ იქნა, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, თავდებობის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია და იგი ცალკე არ გაფორმებულა, მისი ნამდვილობისათვის საჭირო ინფორმაცია - თავდებობის ზღვრული მაქსიმალური ოდენობა, დაფიქსირებულია სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებაში, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებლობა თავდებებმა ხელმოწერით დაადასტურეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ა.გ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი) და მოპასუხეებს შორის 2014 წლის 15 მაისს დაიდო „სესხის, გირავნობისა და თავდებობით“ დასათაურებული წერილობითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელს სესხის სახით საკუთრებაში გადაეცა 2500 ლარი, 30 დღის ვადით, სარგებლის - 200 ლარის - გადახდის პირობით. იმავე შეთანხმებით, მოპასუხეებმა, როგორც თავდებებმა, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
4.4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მოპასუხეებს შორის ცალკე თავდებობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. თავდებობის ნამდვილობისათვის მათ არც წერილობითი თანხმობა (განცხადება) არ წარუდგენიათ.
4.5. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი.
4.6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეყილებით, მოსარჩელის სარჩელი მსესხებლის მიმართ დაკმაყოფილდა, მსესხებელს 2828 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4.7. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებისათვის 2828 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობა, სსკ-ის 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად), 892.1 (თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლების წინაპირობების არარსებობამ განაპირობა. საკასაციო სასამართლომ არაერხელ განმარტა რომ მოპასუხეების სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე აგებდნენ პასუხს. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა, სსკ-ის 464-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება. რადგან, მოცემულ საქმეზე არ დასტურდება აღნიშნული ნორმით დადგენილი საფუძვლის არსებობა, როგორიცაა, კანონიდან ან ვალდებულების საგნის განუყოფლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა; არ იკვეთება არც ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა, ვინაიდან სოლიდარული თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებით პირობად სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს თავდების წერილობით განცხადებას (თანხმობას) და შეთანხმების მიღწევას თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე. ნორმის მიზანი თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სსკ-ის 898.1 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მოპასუხეებს შორის ცალკე თავდებობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. თავდებობის ნამდვილობისათვის მოპასუხეებს არც წერილობითი თანხმობა (განცხადება) არ წარუდგენიათ. კასატორის მტკიცება, რომ მოპასუხეების საგარანტიო ვალდებულებას (თავდებობა) სესხის შეთანხმებაზე მათი ხელმოწერა წარმოშობდა, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, რადგანაც მათ არ გამოუვლენიათ ნება პასუხისმგებლობის ფარგლებთან მიმართებით, ანუ შეთანხმება არ ითვალისწინებს თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის ოდენობას; შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად დაასკვნა, რომ რადგანაც შესრულებული არ იყო თავდებობის ნამდვილობის კანონით გათვალისწინებული წინაპირობა, მოპასუხეებს ვალის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობიათ.
5. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
8. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 437 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 25.06.2019 წ.) 70% - 305.9 (სამას ხუთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ.ო.კ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „მ.ო.კ“-სს (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 437 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 25.06.2019 წ.) 70% - 305.9 (სამას ხუთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი