Facebook Twitter

საქმე №ას-788-2019 12 ნოემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ტ–ი (მოსარჩელე ლ.ქ–ის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - თ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.დ–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ჯ.მ–ი

II საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ტ–ი, თ.მ–ი (მოსარჩელე)

თ.მ–ის წარმომადგენელი - თ.მ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – სასაზღვრო მიჯნის დადგენა, კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენის დავალდებულება, სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.მ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, ან აპელანტი), მ.ტ–ი (ლ.ქ–ის უფლებამონაცვლე), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლე, აპელანტი ან პირველი კასატორი) და ლ.დ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მეორე კასატორი) ახმეტის რაიონის სოფელ ..... ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ.

2. 1039 კვ.მ ფართის უძრავი ქონება ს/კ-ით #.... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელის საკუთრება) სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად 2018 წლის 20 აგვისტოდან პირველი მოსარჩელის, ხოლო 1213 კვ.მ ფართის უძრავი ქონება ს/კ-ით #.... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელის საკუთრება) 2017 წლის 18 აგვისტოდან (სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის გამოკლებით) მეორე მოსარჩელის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 107; 145-146. ტ.2).

3. 808 კვ.მ ფართის ურავი ქონება ს/კ-ით #..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის საკუთრება) კი, 2014 წლის 9 ივლისიდან, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 51. ტ.1), რომელმაც, 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო გეგმის საფუძველზე, მიწის ნაკვეთის მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დააზუსტა (იხ. საკადასტრო გეგმა, ს.ფ. 52.ტ.1).

4. მოპასუხის მიერ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი იჭრება პირველი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, ხოლო მეორე მოსარჩელისა (ლ.ქ–ის) და მოპასუხის მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ფარავს.

5. 2014 წლის 8 აგვისტოსა და 4 სექტემბერს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (ახმეტის რაიონი, სოფელი ....) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვეს, თუმცა, აღნიშნულ განცხადებებზე კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს. მარეგისტრირებელი ორგანოს 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრები უარყოფილ იქნა (იხ. ს.ფ. 53-54; 108-114. ტ.1).

6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 23 ოქტომბრის #005717914 დასკვნის მიხედვით, 2014 წლის 4 ივლისს რეგისტრირებულ საკადასტრო გეგმაზე დატანებული მიწის ნაკვეთი (ს/კ #....) არ შეესაბამება ამჟამად მოპასუხის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, მნიშვნელოვანი სხვაობაა მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და კონფიგურაციაში (გვერდების სიგრძეებსა და საერთო ფართებში). 2014 წლის 4 ივლისის საკადასტრო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა განსხვავდება 2014 წლის 23 ივლისის საკადასტრო გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის მდებარეობისგან (32,0-43.0მ)), მოპასუხის მიწის ნაკვეთსა და პირველი მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ მიწის ნაკვეთებს შორის ფიქსირდება გადაფარვა, ხოლო მეორე მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ფარავს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა), (იხ. დასკვნა, ს.ფ. 61-91. ტ.1).

7. საპელაციო სასამართლომ 2018 წლის 2 აპრილს ადგილზე დაათვალიერა მხარეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და დააადგინა, რომ პირველი მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნულოვან წერტილებს შორის დაახლოებით სამმეტრიანი სხვაობაა, მოპასუხის ნაკვეთი განთავსებულია პირველი მოსარჩელის ნაკვეთის დაბლა ტერასულად და ბუნებრივად წარმოშობილია გამყოფი მიჯნა, მოპასუხის სახლის ჩრდილოეთი კედელი მიჯნის გასწვრივაა და მათ შორის მანძილი ძირში 120 სმ, ხოლო შუა ნაწილში 160 სმ-ია, ჩრდილოეთ კედელსა და მითითებულ მიჯნას შორის მანძილი ზოგიერთ ადგილას უფრო ვიწროა, ხოლო მეორე მოსარჩელესა და მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნულოვან წერტილებს შორის მკვეთრი სხვაობა არ დადგინდა (იხ. ოქმი, ს.ფ. 113-115. ტ.2).

8. 2014 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის მიმართ სასაზღვრო მიჯნის დადგენის, კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენისა და სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღების დავალდებულების მოთხოვნით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოპასუხის მიერ 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო გეგმის საფუძველზე, საჯარო რეესტრში შესული ცვლილების შედეგად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთს ფარავდა. რის გამოც ვერ შეძლეს მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. მოპასუხემ დაანგრია გამყოფი მიჯნის გალავანი, გადავიდა მათ საზღვრებში და იქ ააშენა დამხმარე სათავსი.

9. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ის ამტკიცებდა, რომ უძრავი ქონების რეგისტრირებული მონაცემები სწორია და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები არ იკვეთება. მისი მოსაზრებით, ვინაიდან, მოსარჩელეებს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში არ ჰქონდათ დარეგისტრირებული, მოთხოვნის უფლებაც არ ჰქონდათ.

10. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 158-ე, 170-ე, 171-ე, 172-ე, და 312-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის საოქმო განჩინებით, მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ტ–ი (იხ. განჩინება, ს.ფ. 124. ტ.2).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სასაზღვრო მიჯნის დადგენისა და კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენის დავალდებულების თაობაზე პირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველი მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნა დადგინდა ექსპერტიზის დასკვნის #1, #2 და #9 დანართებზე მითითებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი საზღვრის (მწვანე ფერით მონიშნული ხაზის) შესაბამისად. აღნიშნულის მსგავსად დაკორექტირდა მოპასუხის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზიც; მეორე მოსარჩელის სარჩელი უარყოფილ იქნა.

13.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 23 ივლისს მომზადებული საკადასტრო ნახაზი არასწორად ადგენდა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვარს და იჭრებოდა პირველი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, ხოლო მეორე მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ფარავდა.

13.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან პირველი მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის ზუსტი საზღვრის დადგენა შეუძლებელი იყო, მიწის ნაკვეთი მათი ფაქტობრივი მფლობელობის გათვალისწინებით (ექსპერტიზის დასკვნის #1, #2 და #9 დანართების მიხედვით) უნდა გამიჯნულიყო.

14. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მეორე მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება , ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

14.1. პირველი კასატორის (მეორე მოსარჩელის) მტკიცებით, ექსპერტისათვის დასმული კითხვები შეეხებოდა 2014 წლის 4 ივლისის საკადასტრო ნახაზს, მისი უფლება კი დაირღვა იმ საკადასტრო ნახაზით, რომელიც მოპასუხემ მარეგისტრირებელ ორგანოში 2014 წლის 23 ივლისს წარადგინა.

14.2. პირველ კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ადგილზე დათვალიერების ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მას და მოპასუხის მიწის ნაკვეთებს შორის ძველი გამყოფი კედლის ფრაგმენტები ამჟამადაც შემორჩენილია და სადავო მიჯნა სწორედ ეს კედელია. მოპასუხის საზღვარი კი, სცილდება მას და გადის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.

14.3. მეორე კასატორის (მოპასუხის) მითითებით, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა მარეგისტრირებელ ორგანოში კორექტირებული ნახაზები წარადგინეს და სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება დაირეგისტრირეს, დავის საგანიც აღარ არსებობდა.

14.4. მეორე კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, როცა დააკმაყოფილა სარჩელი სასაზღვრო მიჯნის დადგენისა და კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენის დავალდებულების თაობაზე.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, მეზობელ მიწის ნაკვეთებს შორის მიჯნის დადგენა, საქართველოს სამოქალაქო კოიდექსის, შემდეგში სსკ-ის, 181.2 (თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს სასამართლო) და 174-ე (მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთსა და პირველი მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზებს შორის ფიქსირდება გადაფარვა, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ პირველი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელსაც ფარავს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მოპასუხის მფლობელობაში იმყოფებოდა საქმეში არ წარდგენილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი იჭრება პირველი მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში და მეზობელ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრის დადგენის სამართლებრივ საფუძვლად სწორად განსაზღვრა სსკ-ის 181.2 მუხლი.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მეორე მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უარყოფის თაობაზეც და განმარტავს, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა სახეზე იყოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი) გათვალისწინებული იურიდიული შემადგენლობა, რაც მეორე მოსარჩელის შემთხვევაში არ იკვეთება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ადგილზე დათვალიერებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მეორე მოსარჩელისა და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ფარავს, მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციაზე უარიც იმ საფუძვლით ეთქვა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნახაზის საზღვრები, სცდებოდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებს. ამის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) მეორე კასატორს არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მეორე კასატორისა და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ფარავდა.

21. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, როცა დააკმაყოფილა სარჩელი სასაზღვრო მიჯნის დადგენისა და კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარდგენის დავალდებულების თაობაზე, არ იზიარებს და განმარტავს, რომ სასამართლო ვალდებულია დაადგინოს მხარის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და აქედან გამომდინარე, მოთხოვნაც კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოთხოვნასა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს შორის განსხვავება არ უნდა ფიქსირდებოდეს და აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი უნდა იყოს.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

23. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

24. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ტ–ისა და ლ.დ–ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი