Facebook Twitter

საქმე №ას-738-2019 19 დეკემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ.გ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ბ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შემკვეთი ან მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „დ.გ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მენარდე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) 2014 წლის 14 აგვისტოს გააფორმეს „უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის უფლების ხელშეკრულებით“ დასათაურებული წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს ქალაქ ბათუმში, ....../....... მშენებარე საცხოვრებელ სახლში, „A“ ბლოკში, 112,3 კვ.მ ფართის #95 ბინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მშენებარე საცხოვრებელი სახლი ან საცხოვრებელი სახლი) გადაეცემოდა. ფართის ღირებულება 44 920 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა.

2. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, სამშენებლო სამუშაოები დაესრულებინა მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ვადის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 მაისისა, ხოლო ექსპლუატაციაში მიეღო მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მენარდეს დაერიცხებოდა ჯარიმა - მიღებული თანხის 0.1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ქონების გადაცემამდე (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 28-31. ტ.1).

3. შემკვეთმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, გადაიხადა ნასყიდობის საფასური.

4. მენარდემ ნაკისრი ვალდებულება დათქმულ დროში ვერ შეასრულა, კერძოდ, შენობა ექსპლუატაციაში არ მიღებულა 2017 წლის 1 ნოემბრამდე.

5. შემკვეთმა სარჩელი აღძრა მენარდის მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 7726.24 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 44.92 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ის ამტკიცებდა, რომ, მართალია, მშენებარე სახლი საექსპლუატაციოდ მზად არ იყო, მაგრამ ამის მიზეზი ბინებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო. ძირითადი სამუშაოები დასრულდა და მოსარჩელეს, ბინის დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ხელს არაფერი უშლიდა. მან სადავო გახადა ასევე პირგასამტეხლოს გონივრულობაც.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მშენებარე საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შესვლამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8.98 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

8. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.1 მუხლი).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის/აპელანტის წარმომადგენელმა ნ.ვ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე წარმომადგენელი) გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა საქმის განხილვის გადადების თაობაზე შუამდგომლობა და არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან აპელანტის ადრინდელი წარმომადგენელი ა.ც–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი წარმომადგენელი), ამ საქმეში აღარ მონაწილეობდა, ხოლო მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საერთაშორისო არბიტრაჟში ჰქონდა სხდომა, რის თაობაზეც აცნობა კიდეც სასამართლოს.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა საქმის წარმოების განახლებას.

13. 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე წლის 5 მარტის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა შემდეგი დასაბუთებით:

13.1. კასატორის მტკიცებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას, წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში სხდომის გამართვის გამო, კომპანიის მეორე წარმომადგენელი პროცესზე ვერ მოვიდოდა, რის თაობაზეც აცნობა კიდეც სასამართლოს. რაც შეეხება პირველ წარმომადგენელს, იგი ამ საქმეში აღარ მონაწილეობდა, რის შესახებაც მეორე წარმომადგენელმა აცნობა სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

16. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და, 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2018 წლის 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დაინიშნა (სსსკ-ის 376-ე მუხლი). აღნიშნული სხდომა რამოდენიმეჯერ იქნა გადატანილი და საბოლოოდ სასამართლო მთავარი სხდომა 2019 წლის 22 იანვარს, 15:00 საათზე, დაინიშნა.

18. 2019 წლის 22 იანვარს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი/მოპასუხე და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, აპელანტის მეორე წარმომადგენელი სხდომის თაობაზე ინფორმირებული იქნა 2019 წლის 17 იანვარს, სატელეფონო შეტყობინებით და მას განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 142, ტ.2). მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

19. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

20. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

21. მოპასუხის/კასატორის მეორე წარმომადგენელი საქმის განხილვის გადადებას საერთაშორისო აბრიტრაჟში საქმის განხილვაში მონაწილეობის გამო ითხოვდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მეორე წარმომადგენლის დროული გამოცხადებისათვის, კერძოდ, იგი სადავო პერიოდში (2019 წლის 22 იანვარს) მართლაც მონაწილეობდა საარბიტრაჟო სარჩელის განხილვაში, შესაბამისად, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, იმავდროულად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო, თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემული რწმუნებულება, რომლითაც მოპასუხემ პირველ წარმომადგენელს მიანიჭა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების უფლებამოსილება. აღნიშნული რწმუნებულება გაცემულია 2017 წლის 6 ნოემბერს, სამი წლის ვადით, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს (22.01.2019წ.) მინდობილობა ძალაში იყო (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 117. ტ.1). აქედან გამომდინარე, თუნდაც მეორე წარმომადგენელს, ვერ მოეხერხებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, პირველ წარმომადგენელს შეეძლო სხდომაზე დასწრება და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, მას კი, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, სასამართლოსათვის არ უცნობებია.

22. საკასაციო სასამართლო კასატორის მსჯელობას, რომ პირველი წარმომადგენელი საქმეში აღარ მონაწილეობდა და მოპასუხის ინტერესებს მხოლოდ მეორე წარმომადგენელი იცავდა, ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შესაგებელი და სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა მოსარჩელის პირველმა წარმომადგენელმა, რომლის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო; გარდა ამისა, დადგენილია, რომ მინდობილობა ძალაშია 2020 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით, კასატორის განმარტება, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მეორე წარმომადგენელმა 2019 წლის 18 დეკემბერს გამართულ სხდომაზე განაცხადა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება (იხ. 18.12.2019 წლის სხდომის ოქმი), ხოლო, ის ფაქტი, რომ კომპანიის დირექტორმა 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანებით, პირველ წარმომადგენელს უფლებამოსილება შეუწყვიტა (ბრძანება ერთვის საჩივარს), მოცემულ საქმეზე სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის, რადგანაც სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. წინამდებარე შემთხვევაში, უტყუარადაა დადგენილი, რომ აპელანტს, რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე წერილობით არ უცნობებია სასამართლოსათვის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესით და ამის თაობაზე ბრძანება მხოლოდ საჩივართან ერთად წარადგინა. ამდენად, არ დასტურდება მოპასუხესა და მის წარმომადგენელს შორის ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა. (შდრ. სუსგ. #ას-165-165-2018, 03.04.2018წ; #ას-614-573-2017, 30.06.2017წ; #ას-376-350-2017, 02.05.2017წ).

23. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რომ უწყება აუცილებლად პირველ წარმომადგენელსაც უნდა ჩაჰბარებოდა, ვინაიდან მოპასუხის მეორე წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარება სსსკ-ის 70.1 მუხლის საფუძველზე, უწყების მხარისა და მისი სხვა წარმომადგენლისათვის ჩაბარებასაც ნიშნავს.

24. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორმა ვერ წარმოადგინა.

25. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უცვლელად უნდა დარჩეს.

26. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი