Facebook Twitter

საქმე №ას-725-2019 10 დეკემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „სადაზღვევო კომპანია ჯ.ჰ–“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ.მ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ქ–ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - დ.ა–ი

მოპასუხე - სს "თ.ბ.თ.ფ–ი"

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – სადაზღვევო თანხის დაბრუნება და ვალდებულების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პ.ქ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კრედიტის ამღები, მსესხებელი, მოვალე, გარდაცვლილი ან მამკვიდრებელი), რომლის უფლებამონაცვლეც თ.ქ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მსესხებლის უფლებამონაცვლე) გახდა და სააქციო საზოგადოება „თ.ბ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, კრედიტორი ან ბანკი) შორის 2015 წლის 25 სექტემბერს დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ბანკმა მსესხებელს საკუთრებაში გადასცა - 6 000 ლარი; სესხის დაბრუნების ვადა 24 თვეს ხოლო წლიური საპროცენტო სარგებელი 32%-ს შეადგენდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).

2. კრედიტის მოქმედების პერიოდში მსესხებლის სიცოცხლე დაზღვეული იყო; მას გადაეცა სადაზღვევო პოლისი, რომლის პირობებით: მზღვეველია - სს „სადაზღვევო კომპანია ჯ.ჰ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მზღვეველი), დამზღვევი - მსესხებელი (პ.ქ–ძე), მოსარგებლე ანუ ბენეფიციარი - მეორე მოპასუხე (ბანკი). სადაზღვევო რისკს - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის - უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება წარმოადგენდა, გარდა დაზღვევამდე არსებული მძიმე დაავადებისა, რომელიც გარდაცვალების უშუალო მიზეზი იქნებოდა (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 19-34. ტ.1).

3. მსესხებელი 2015 წლის 27 სექტემბერს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 41. ტ.1).

4. გარდაცვლილის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები (სამკვიდრო აქტივი და პასივი) 2016 წლის 5 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, შვილებმა - თ. (მოსარჩელემ) და ნ. ქ–მა მიიღეს.

4.1. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სამკვიდრო მასაში არ შედიოდა (სსკ-ის 1328 მუხლი).

5. სარჩელის აღძვრის დროისათვის სადაზღვევო საზღაური - 6142.02 ლარი (ძირითადი თანხა - 6 000 ლარი, სარგებელი - 142,02 ლარი) იყო.

6. 2016 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების (კრედიტორისა და მზღვეველის) მიმართ სადაზღვევო თანხის დაბრუნებისა და ვალდებულების შეწყვეტის მოთხოვნით. მისი მტკიცებით, მოვალე მანამდე არსებული და/ან ქრონიკული დაავადებით არ გარდაცვლილა. შესაბამისად, მზღვეველი მის წინაშე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი იყო.

7. პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო; ის ამტკიცებდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული (გულის იშემიური) დაავადება იყო.

8. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

9. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს აწ გარდაცვლილ მოვალის მიმართ საბანკო კრედიტისა და სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის, საზღაურის - 6 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 799-ე, 802-ე, 805-ე, 808-ე და 844-ე მუხლები გამოიყენა.

10. სადაზღვევო კომპანიამ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო პალატა სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობდა დაზღვევამდე არსებული მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსესხებლის გარდაცვალების ფაქტის მიჩნევის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, რომ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ გაცემულ ცნობით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

11.2. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზია, მოსარჩელის არასათანადოობასთან მიმართებით უარყო და იმის გათვალისწინებით, რომ ბანკს სადაზღვევო თანხის მოთხოვნით მზღვეველისათვის არ მიუმართავს, ამასთან, მას, როგორც კრედიტორს, უფლება ჰქონდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მსესხებლის მემკვიდრისთვის წარედგინა, დადასტურებულად, მიიჩნია, რომ სწორედ ამ დავის ფარგლებში მიიღწეოდა ის შედეგი (ბანკის დაკმაყოფილება), რაზედაც მხარეები დაზღვევის ხელშეკრულებითა და დაზღვევის პოლისით შეთანხმდნენ.

11.3. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება, კრედიტორისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის შემდეგ, ჩაითვლებოდა შეწყვეტილად.

12. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.

12.1. კასატორის მითითებით, აღნიშნული საქმე თელავის რაიონული სასამართლო განსჯადი არ იყო, რადგან, როგორც ბანკის - ასევე მზღვეველის იურიდიული მისამართი და ხელშეკრულების შესრულების ადგილია თბილისი.

12.2. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად უარყო ის გარემოება, რომ მოვალის მემკვიდრე არასათანადო მოსარჩელეა, რადგან დაზღვევის პოლისის მიხედვით, სადაზღვევო მომსახურების მოსარგებლე და შესაბამისად, ამ დავაზე სათანადო მოსარჩელე, მეორე მოპასუხე ანუ ბანკია.

12.3. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, სადაზღვევო შემთხვევა არ იკვეთება, ვინაიდან, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობებით უტყუარად დასტურდება, რომ დამზღვევი ქრონიკული (გულის იშემიური) დაავადებით გარდაიცვალა.

12.4. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით დააკისრა საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაც.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.

14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, მეორე მოპასუხემ ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა.

14.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ სარჩელს პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი მხარე გააჩნია. დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა წარმოადგენს სარჩელის პროცესუალურ- სამართლებრივ გამოვლინებას, ხოლო მოპასუხისადმი მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მხარეა. ეს იმას გულისხმობს, რომ სარჩელს პროცესუალური თვალსაზრისით არ ექნება წარმატება, თუ მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით მოთხოვნა ნამდვილი, ან განხორციელებადი არ იქნება. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის განვრცობითი, და არა სიტყვა-სიტყვითი, განმარტების მიხედვით, მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ან პირების (კრედიტორი/ები) უფლებას ხელშეკრულებიდან ან კანონიდან გამომდინარე ვალდებულების ძალით, მეორე პირისგან ან პირებისგან (მოვალე/ები) მოითხოვოს გარკვეული ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა – მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმიდან/ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს. ამ შემთხვევაში სარჩელის უარყოფას, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 11.1 (მოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას) მუხლისა და სსკ-ის 844-ე (სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს) და 847.2 (მესამე პირს, რომელსაც აქვს სარგებლის მიღების უფლება, მისი განხორციელება შეუძლია მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დამზღვევს სხვა მითითება არ გაუცია) მუხლებით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წინაპირობების განუხორციელებლობა განაპირობებს.

14.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ დაზღვევის ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ ბანკს შეეძლო და აქედან გამომდინარე მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი.

14.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, მართალია, მოსარჩელე დაზღვეულის პირველი რიგის მემკვიდრეა, მაგრამ იმავე კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის“. ამდენად, დამზღვევის მემკვიდრის მიერ მზღვეველის მიმართ მოთხოვნის უფლების რეალიზაციისათვის უნდა დასტურდებოდეს, რომ ეს უფლება სამკვიდროში შედის.

14.4. განსახილველ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნებოდა მხოლოდ ბანკი, შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც მას ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზღვეველის მიმართ მოთხოვნის უფლება არ შედიოდა სამკვიდრო მასაში, შესაბამისად, დაზღვეულის მემკვიდრის მიერ მზღვეველისადმი მოთხოვნის წარდგენის წინაპირობაც არ იკვეთება.

15. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია დავის განსჯადობას შეეხება. საკასაციო სასამართლო მზღვეველის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი იურიდიული პირის (მეორე მოპასუხის) საქმიანობიდან გამომდინარეობდა, სარჩელიც ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით სწორად იქნა აღძრული (სსსკ-ის 16.3 მუხლი).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანსკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 540 (ხუთასორმოცი) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „სადაზღვევო კომპანია ჯ.ჰ–ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ.ქ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. თ.ქ–ძეს დაეკისროს სს „სადაზღვევო კომპანია ჯ.ჰ–ს" სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 540 (ხუთასორმოცი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი