საქმე Nა-5596-გან-1-2020 24 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
განმცხადებელი – ზ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი-ვ. ჩ–ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ჩ–მა სარჩელი აღძრა ი-ვ. ჩ–ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2013 წლის 11 სექტემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნება. თავის მხრივ, ი-ვ. ჩ–მა სარჩელი აღძრა ზ.ჩ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი-ვ. ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ი–ვ. ჩ–ს, ხოლო ზ.ჩ–ს უარი ეთქვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ზ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2013 წლის 11 სექტემბერს დადებული სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება დაუბრუნდა აპელანტს.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ი-ვ.ჩ–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა ზეპირი მოსმენით და რამდენიმე სხდომა ჩაატარა მხარეთა მორიგების მიზნით.
6. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, წარუდგინეს სასამართლოს მორიგების პირობები და იშუამდგომლეს მათი დამტკიცების შესახებ შემდეგი სახით:
7. წინამდებარე მორიგების მიზანია უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ..... (ს/კ 81.08.27.956), ი-ვ.ჩ–სა და ზ.ჩ–ს შორის გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად (მიწისა და მშენებარე სახლის გაყოფა ტოლ ნაწილებად), აღნიშნული ფაქტიური გაყოფილი საკუთრების აღრიცხვა საჯარო რეესტრში თითოეულის სასარგებლოდ ცალ-ცალკე და ამით უძრავი ნივთის გაყოფა თანაბრად მხარეებს შორის.
8. სადავო უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე), მდებარე ქ. თბილისი, ..... (ს/კ ....), აღირიცხოს ზ.ჩ–ის საკუთრების უფლება ½ ნაწილზე, ხოლო ი.ჩ–ის სახელზე საკუთრების უფლება ½ ნაწილზე.
9. მორიგების აქტის 1.2 პუნქტში აღნიშნული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, მოხდეს მიწის ნაკვეთის ნატურით გამიჯვნა.
10. ი-ვ ჩ–ი იღებს ვალდებულებას:
11. რომ მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს, მასალას, საბუთს, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში გადასცემს ზ.ჩ–ს;
12. რომ ზ.ჩ–ს მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში მისცემს იმ სახის რწმუნებულებას (მინდობილობას), რომ ზ.ჩ–მა შეძლოს უძრავი ქონების – წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ მშენებარე სახლის ზ.ჩ–ის კუთვნილი ½ წილის ექსპლუატაციაში მიღება კანონით დადგენილი წესით და დარეგისტრირება ზ.ჩ–ის სახელზე საჯარო რეესტრში;
13. ხელს შეუწყობს ზ.ჩ–ს, რომ მოხდეს უძრავი ქონების ნატურით რეალურად გაყოფა და აღრიცხვა ცალ-ცალკე მხარეებს შორის;
14. თვითონ გაიღებს ფინანსურ სახსრებს მისი კუთვნილი სახლისა და ეზოს შესაბამისად მოწყობაში (გზა, გაზი, წყალი, ელექტროობა და სხვა);
15. საჯარო რეესტრში მშენებარე სახლის მისი კუთვნილი წილის ექსპლუატაციაში მიღებისა და დარეგისტრირებისათვის საჭირო აზომვით ნახაზს გააკეთებს და საჯარო რეესტრში წარადგენს მას შემდეგ, რაც ზ.ჩ–ი განახორცილებელს მშენებარე საცხოვრებელი სახლის ორივე სართულზე ღიობის გარეშე კედლის აშენებას, რომელიც ორ ტოლ ნაწილად გაყოფს სახლის პირველ და მეორე სართულებს;
16. ზ.ჩ–ი იღებს ვალდებულებას:
17. მორიგების აქტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა საცხოვრებელ სახლში ორივე სართულზე ააშენოს ღიობის გარეშე კედლები იმგვარად, რომ სახლის ორივე სართულის ფართობები გაიყოს ორ ტოლ ნაწილად;
18. თვითონ გაიღებს ფინანსურ სახსრებს მისი კუთვნილი სახლისა და ეზოს შესაბამისად მოწყობაში (გზა, გაზი, წყალი, ელექტროობა და სხვა);
19. საჯარო რეესტრში მისი კუთვნილი წილის ექსპლუატაციაში მიღებისა და დარეგისტრირებისათვის საჭირო აზომვით ნახაზს გააკეთებს და საჯარო რეესტრში წარადგენს მას შემდეგ, რაც ზ.ჩ–ი განახორციელებს მშენებარე საცხოვრებელი სახლის ორივე სართულზე ღიობის გარეშე კედლის აშენებას, რომელიც ორ ტოლ ნაწილად გაყოფს სახლის პირველ და მეორე სართულებს;
20. მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთ თვეში, ი-ვ.ჩ–ს მისცემს შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ისარგებლოს მშენებარე სახლით და არ შეუშლის ხელს სახლით მისი კუთვნილი წილით სარგებლობაში;
21. რომ ი-ვ. ჩ–ს მორიგების დამტკიცებიდან ერთ თვეში მისცემს იმ სახის რწმუნებულებას (მინდობილობას), რომ ი-ვ.ჩ–მა შეძლოს უძრავი ქონების – წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ მშენებარე სახლის ი–ვ. ჩ–ის კუთვნილი ½ წილის ექსპლუატაციაში მიღება კანონით დადგენილი წესით და დარეგისტრირება ი-ვ.ჩ–ის სახელზე საჯარო რეესტრში;
22. მხარეები წინასწარ აცხადებენ თანხმობას, რომ ზ.ჩ–მა და ი-ვ.ჩ–მა მოახდინონ თავიანთი წილის (1/2) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, ასევე, ხელს შეუწყობენ ერთმანეთს ამ მიზნის მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედების განხორციელებაში.
23. წინამდებარე მორიგების აქტის 1.2 პუნქტში მითითებული მიწის ნაკვეთის ორ თანაბარ ნაწილად ნატურით გაყოფამდე და თითოეული მხარის მიერ თავის სახელზე ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვა, გაჩუქება, იპოთეკით დატვირთვა ან სხვა სახით უფლებრივად დატვირთვა აკრძალულია; აღნიშნული შეზღუდვა აისახება საჯარო რეესტრში; აღნიშნული შეზღუდვა გაუქმდება ნატურით გამიჯნული სადავო მიწის ნაკვეთის მხარეებზე თავიანთი წილების (1/2) ინდივიდუალურ საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე.
24. წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული ზ.ჩ–ის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება ილია-ვანო ჩ–ის სასარგებლოდ 2000 ლარის ანაზღაურება 1 (ერთი) თვის ვადაში.
25. წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში ილია-ვანო ჩ–ი უფლებამოსილია, თვითონ განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები.
26. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს წინამდებარე მორიგების აქტის 1.5.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებაში.
27. მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ არსებულ ყველანაირ დავაზე და არ გააჩნიათ სხვა პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ.
28. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს. ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს. მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა.
30. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაამტკიცა მორიგება მხარეთა შორის ზემოაღნიშნული პირობებით.
31. 2019 წლის 6 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ.ჩ–მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პ-1.18 -ის განმარტება, იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ბიურო უარს აცხადებს ზ.ჩ–ის ანგარიშები გაათავისუფლოს ყადაღისაგან (იხ., განცხადება).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
33. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განმცხადებელი მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პ-1.18-ის განმარტებას, რაც განმცხადებლის მითითებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სააღსრულებო ბიურო უარს აცხადებს ზ.ჩ–ის ანგარიშები გაათავისუფლოს ყადაღისაგან.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.
35. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი-ვ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი ზ.ჩ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. მოცემულ საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა მორიგების აქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს. ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს. მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგება, რომელიც არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, არ საჭიროებს განმარტებას. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე შეეხება მხოლოდ საკასაციო პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიღებულ საკასაციო საჩივარს და არ ვრცელდება მხარეთა შორის არსებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ჩ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი