საქმე № ას-1615-2019 14 იანვარი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოპასუხეები - თ.ლ–ძე, თ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ლ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) თ.მ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) და მ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.
3. გადაწყვეტილება მესამე მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარდგენა, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
5.2. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით პირადად ჩაჰბარდა 2019 წლის 16 აგვისტოს (იხ. ხელწერილიი, ს.ფ. 10. ტ.2.).
5.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 17 აგვისტოს დაიწყო და იმავე წლის 23 აგვისტოს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზებიდან (მას არა მარტო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარდგენა დაევალა, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში), არცერთი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსსკ - ის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (მის მიმართ სასამართლოში მიმდინარეობს არაერთი საქმის წარმოება, მას ჰყავს 2343 კრედიტორი, აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში და მთელ მის ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა), ზემოაღნიშნული განჩინებით კი, დაირღვა მისი უფლება, ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
11. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 30 ივლისის განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით პირადად ჩაჰბარდა 2019 წლის 16 აგვისტოს (იხ. ხელწერილიი, ს.ფ. 10. ტ.2.) და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 5.1-5.3 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2019 წლის 17 აგვისტოს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2019 წლის 23 აგვისტოს ამოიწურა (პარასკევი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
15. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოსარჩელის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
18. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოსწორდა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი