გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-457-111-კს-03 04 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: დაუყოვნებლივი აღსრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.10.03წ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა შპს ,,გ.” სარჩელი მოპასუხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური კლინიკის მიმართ; მოპასუხეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალურ კლინიკას მოსარჩელის შპს ,,გ.” სასარგებლოდ დაეკისრა 432001.46 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
მითითებული გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.
2003წ. 27 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალურმა კლინიკამ, რომლის საფუძველზეც განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.10.03წ გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და ვადის შეცვლა, იმგვარად, რომ გადაწყვეტილების აღსრულება გადავადებულიყო მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბთებლობის მოტივით.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური კლინიკის დირექტორის მიერ წარდგენილი იქნა კერძო საჩივარი, რომლის საფუძველზეც კერძო საჩივრის ატვორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და აღსრულების შეჩერება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნულის საფუძვლად საჩივრის ავტორი მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
1. სასამართლომ ისე დაადგინა დაუყოვნებლივი აღსრულება, რომ არ მოუთხოვია აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
2. სასამართლოს მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა სსკ-ის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შესაძლოა ცენტრალურ კლინიკას მიადგეს.
3. გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება გამოიწვევს კლინიკის სრულ პარალიზებას. თანამშრომელთა უხელფასოდ დატოვებას და სოციალურად დაუცველი პირების მდგომარეობის გაუარესებას.
ყოველივე აღნიშნულზე მითითებით ცენტრალური კლინიკის დირექტორი ითხოვდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 ოქტომბრის გადაყვეტილებაზე, რომელიც ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე დაექვემდებარა დაუყოვნებელ აღსრულებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ც/კლინიკის წარმომადგენლის მიერ შეტანილი იქნა განცხადება. რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა აღსრულების წესისა და ვადის შეცვლას, ამასთან საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ განცხადება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მიზნად ისახავდა აღსრულების გადადებას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ე.ი. მოთხოვნა ფაქტობრივად მიმართული იყო დაუყოვნებელი აღსრულების გაუქმებისაკენ.
საოლქო სასამართლომ ისე მიიღო და განიხილა მითითებული განცხადება, რომ ყურადღება არ მიუქცევია განცხადების შინაარსისათვის. თუმცა, საკასაციო სასამართლო, საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიდის იმ დასკვნამდის, რომ სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე შეტანილი კერძო საჩივრისა და არა განცხადების განხილვას. საოლქო სასამართლო მითითებულ განჩინების სამოტივაციო ნაწილში ხაზგასმას აკეთებს იმ საფუძვლებზე, რამაც სასამართლო მიიყვანა დაუყოვნებელი აღსრულების გამოყენების აუცილებლობამდე, მიუთითებს რა მოსარჩელის მოთხოვნის კარნონიერებასა და დაუყოვნებელი აღსრულების აუცილებლობაზე, აქვე სასამართლო განმარტავს საჯარო სამართლის იურიდიული პირთან მიმართებაში აღსრულების მექანიზმის თავისებურებაზე.
საყურადღებოა, რომ სასამართლოს მხრიდან არა თუ მსჯელობა და დასაბუთება, არამედ მინიშნებაც კი არ არის სსკ-ს 263-ე მუხლის I ნაწილის გამოყენების შეუძლებლობაზე, მით უფრო მოცემული მუხლი არეგულირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რის გამოც მითითებული მოთხოვნის განხილვა მოცემულ ეტაპზე დაუშვებელია აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ცენტრალური კლინიკის განცხადება თავისი შინაარსით პასუხობს კერძო საჩივრის მოთხოვნებს, რის გამოც, საოლქო სასამართლო აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივარი შემოტანილი იყო ვადაში, ვალდებული იყო დაეზუსტებინა მხარის მოთხოვნა და განეხილა კერძო საჩივარი და არა განცხადება, გადაწყვეტილების აღსრულების წესის და ვადის შეცვალაზე, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ ასეთი განცხადება დასაშვებია მხოლოდ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.
საქართევლოს სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლების პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავადვე იმსჯელოს კერძო საჩივარზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართეველოს სსკ-ს 268-ე მუხლის ,,ზ” პუნქტის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგ მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შესძლებს მის უზრუნველყოფას.
როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება შპს “გ.” ქონება დაყადაღებულია გადასახადების გადაუხდელობის გამო, ამდენად გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში შეუძლებელია აღსრულების შებრუნება, ამასთან შეუძლებელია იმ ზარალის გამოთვლა, რომელიც შესაძლოა მიადგეს ცენტრალურ კლინიკას. კერძოდ ამ უკანასკნელის სახით საქმე გვაქვს იურდიული პირთან, რომელშეც დასაქმებულია 1500-მადე თანამშრომელი და სადაც ადგილი აქვს ავადმყოფთა სტაციონალურ მკურნალობას.
ცენტრალური კლინიკის ფუნქციონერების შეწყვეტის შედეგად, მისი ბიუჯეტის გათვალისწინებით, სახეზე იქნება არამხოლოდ იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანი, არამედ ის გამოუსწორებელი შედეგები, რისი წინასწარ განსაზღვრა თუ გამოთვლაც შეუძლებელია.
გარდა აღნიშნულისა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში არ შეიცავს საკმარის მითითებას იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რამაც განაპირობა დაუყონებლივი აღსრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სსკ-ს 268-ე მუხლის მე-3 მაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ საქმეზე გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა არ დაიშვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პიორველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური კლინიკის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 ოქტომბრისა და შესაბამისად ამავე სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებები;
3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.