Facebook Twitter

საქმე №ა-4304-შ-129-2019 13 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ი.ქ–ა

დაინტერესებული პირები – ზ.ნ–ი, თ.კ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვნის შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით შ.ნ–ი იშვილა ნ.ქ–ამ, ბავშვის ბებიამ; შვილად აყვანის შემდეგ ბავშვის იურიდიული სახელი რჩება შ.ნ–ი; ბებიის მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლით გამოუხმობლად წყდება მშობლის ნათესაური კავშირი ბავშვსა და მის ბიოლოგიურ დედას შორის, აგრეთვე ყველა უფლება, ვალდებულება, რომელიც ამ ნათესაური კავშირითაა გათვალისწინებული, მათ შორის, ნიუ ჯერსის კანონმდებლობით უფლება სამკვიდროზე; ბებიის მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლით გამოუხმობლად წყდება მშობლის ნათესაური კავშირი ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მამას შორის, აგრეთვე ყველა უფლება, ვალდებულება, რომელიც ამ ნათესაური კავშირითაა გათვალისწინებული, მათ შორის, ნიუ ჯერსის კანონმდებლობით უფლება სამკვიდროზე; ბებიის მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლით ამ ნათესაური კავშირის ყველა უფლება, ვალდებულება წარმოიშობა ბავშვსა და შვილად ამყვან მოსარჩელეს შორის იმგვარად, თითქოს ბავშვი დაიბადა მოსარჩელისგან, მათ შორის, ნიუ ჯერსის კანონმდებლობით უფლება სამკვიდროზე; დაბადების მარეგისტრირებელი ორგანო ბავშვის დაბადების ქვეყანაში საქართველოს რესპუბლიკაში უფლებამოსილია გასცეს დაბადების მოწმობა, რომელშიც ბავშვის შ.ნ–ის მშობლის გრაფაში მითითებული იქნება შვილად ამყვანი ბებიის სახელი.

2. 2019 წლის 23 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.ი.ქ–ას წარმომადგენელმა თ.ხ–მა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ნ.ი.ქ–ას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი; 2. იმის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღნიშნული დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; 3. იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული „ნ.ქ–ა“ წარმოადგენს შუამდგომლობის ავტორს „ნ.ი.ქ–ას“; 4. ბავშვის ბიოლოგიური მშობლების ზ.ნ–ისა და თ.კ–ას მისამართები (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი).

4. 2019 წლის 28 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა თ.ხ–მა წერილობითი განცხადებით მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დამატებით 30 კალენდარული დღით იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ცნობის მიღებისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის აპოსტილით დამოწმებისთვის საჭიროა დამატებითი ვადა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ.ი.ქ–ას წარმომადგენლის თ.ხ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; ნ.ი.ქ–ას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი; 2. იმის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღნიშნული დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; 3. იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებული „ნ.ქ–ა“ წარმოადგენს შუამდგომლობის ავტორს „ნ.ი.ქ–ას“; 4. ბავშვის ბიოლოგიური მშობლების ზ.ნ–ისა და თ.კ–ას მისამართები (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი).

6. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს თ.ხ–ს ჩაბარდა 2019 წლის 20 ნოემბერს. თუმცა, შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 20 დეკემბრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.ი.ქ–ას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

10. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს თ.ხ–ს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა 2019 წლის 20 ნოემბერს, ხოლო დასახელებული განჩინებით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2019 წლის 21 ნოემბერს [სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა 2019 წლის 20 დეკემბერს (პარასკევი). ამასთან, შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2019 წლის 20 დეკემბრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ი.ქ–ას შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ი.ქ–ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს, კანცელარიის განყოფილების, მორისის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური