Facebook Twitter

საქმე № ას-1590-2019 14 იანვარი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა.ძ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს "ს.ლ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ლ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ძ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 10 იანვრის ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1052,76 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 849 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 203,76 აშშ დოლარი) გადახდა დაეკისრა.

3. მოპასუხემ საჩივარი წარადგინა აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე მოპასუხის საჩივარი უარყოფილ იქნა, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

5. 2018 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 24 იანვრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 41 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

7.2. 2019 წლის 10 აპრილს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის 10 დღით გაგრძელება.

7.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით, მოპასუხეს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

7.4. 2019 წლის 5 ივნისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, ფინანსური მდგომარეობის გამო, კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

7.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით, მოპასუხეს 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

7.6. 2019 წლის 7 აგვისტოს განცხადებით, აპელანტმა კვლავ იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, იმგვარად, რომ მას არც ერთი საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია, სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული განჩინებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისი ეკონომიკური სიდუხჭირით იყო განპირობებული, კერძოდ, მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლო საჭირო თანხის შეგროვება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მისი მითითებით, დაუშვებელია, წაერთვას უფლებების დაცვის საშუალება მხოლოდ იმიტომ, რომ მან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო ხარვეზის შევსება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს, რომელსაც კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა და იმის მტკიცებით შემოიფარგლა, რომ სასამართლომ დაარღვია სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ მიიღება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა, თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

13. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის არაერთი შუამდგომლობა იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და მას არაერთხელ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად. აპელანტს, ნაცვლად ხარვეზის თუნდაც ნაწილობრივ გამოსწორებისა, მხოლოდ დაუსაბუთებელი შუამდგომლობები შეჰქონდა სასამართლოში საპროცესო ვადის უკანასკნელ დღეს და ყოველგვარი მტკიცების გარეშე მოითხოვდა ვადის კვლავ გაგრძელებას. ამ შემთხვევაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სიკეთის რეალიზაციისას ირღვეოდა ამავე კონვენციის პირველი დამატებით ოქმით დაცული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, ვინაიდან თავად აპელანტი, როგორც აღინიშნა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა დანიშნული ვადის კვლავ გაგრძელებას; საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, თუ რამ შეუშალა ხელი მომჩივანს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენით ნაწილობრივ მაინც გამოესწორებინა ხარვეზი და შემდეგ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოეთხოვა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ძ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი