Facebook Twitter

საქმე №ას-823-2019 4 ივნისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.მ–ი, გ.ნ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე.პ.ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს "ე.პ.ი–ს" სარჩელი მოპასუხე თ.ნ–ძის, თ.მ–ის და გ.ნ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე თ.ნ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ.მ–მა და გ.ნ–ძემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.მ–ის და გ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს "ე.პ.ი–ის" სარჩელი მოპასუხე თ.ნ–ძის, თ.მ–ის და გ.ნ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში.

ამასთან, მათ მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

ზემოთ მოცემული მსჯელობისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თ.მ–ი და გ.ნ–ძე არ არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები, რის გამოც მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით, 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.თ.მ–ის და გ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი