Facebook Twitter

საქმე №ას-618-2019 29 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს.პ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ლ.ბ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სს "ლ.ბ–ის" სარჩელი ს.პ–ის (კერძო საჩივრის ავტორი), გ.კ–ძის, ა.გ–ის, გ.პ–ის, ა.დ–ის და ე.კ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და შევსების მიზნით დაევალათ: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ბ)მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) სააპელაციო საჩივრის ხელმოწერა; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 509.15 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა; ე) სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.

5. საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ დასახელებული განჩინების ასლი გ.პ–ს ჩაჰბარდა 2018 წლის 4 ივლისს (ტ.2,ს.ფ.17), ე.კ–ისთვის გაგზავნილი გზავნილი კი 2018 წლის 4 ივლისს ჩაჰბარდა მის შვილს ა.კ–ს (ტ.2,ს.ფ. 18).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა, ს.პ–ის (პ/ნ ….. მის: ქ. თბილისი, …..), გ.კ–ძის (პ/ნ …..; მის: ქ. თბილისი,….), ა.გ–ისა (პ/ნ ……; მის: ქ. თბილისი, ……) და ა.დ–ისთვის (პ/ნ …..; მის: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება, ……) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინების ჩაბარება, გზავნილის მიღებიდან 5 დღის ვადაში. თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა, გზავნილის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის.

7. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა პოლიციის მაიორმა მ.მ–ძემ 2018 წლის 24 სექტემბერს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარუდგინა ა.დ–ისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი. დოკუმენტით ირკვეოდა, რომ ხარვეზის თაობაზე 2018 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი ადრესატს ჩაჰბარდა 2018 წლის 19 სექტემბერს (ტ. 1, ს.ფ. 37).

8. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის II განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ი.გ–ამ 2019 წლის 8 იანვარს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარუდგინა ა.გ–ისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი რომლითაც დგინდებოდა, რომ ხარვეზის თაობაზე 2018 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 2018 წლის 28 დეკემბერს (ტ. 1, ს.ფ. 67).

9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით ს.პ–ს და გ.კ–ძეს საჯარო გამოქვეყნების გზით ეცნობათ ხარვეზის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინების შესახებ. დასახელებული განჩინებები საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 14 იანვარს. ამდენად, აპელანტებს ს.პ–ს და გ.კ–ძეს ხარვეზის თაობაზე განჩინება ჩაჰბარდათ 2019 წლის 21 იანვარს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინებით დადგენილი 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო ადრესატებისთვის გადაცემის მომდევნო დღიდან, შესაბამისად:

10.1. გ.პ–ისა და ე.კ–ისათვის 2018 წლის 5 ივლისიდან და ამოიწურა 2018 წლის 14 ივლისს;

10.2. ა.დ–ისთვის 2018 წლის 20 სექტემბრიდან და ამოიწურა იმავე წლის 29 სექტემბერს, თუმცა, ვინაიდან, დასახელებული თარიღი დაემთხვა ყოველკვირეულ დასვენების დღეს - შაბათს, საპროცესო ვადა დასრულდა 2018 წლის 1 ოქტომბერს.

10.3. ა.გ–ისათვის 2018 წლის 29 დეკემბრიდან და ამოიწურა 2019 წლის 07 იანვარს, მაგრამ ვინაიდან, 2019 წლის 7 იანვარი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულდა 2019 წლის 8 იანვარს;

10.4. ს.პ–სა და გ.კ–ძესთვის 2019 წლის 22 იანვრიდან და ამოიწურა 2019 წლის 31 იანვარს, რომელიც არ ყოფილა უქმე და ან დასვენების დღე.

11. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 1 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით მიმართეს აპელანტებმა ს.პ–მა, ა.დ–მა, ე.კ–მა, გ.პ–მა და ა.გ–მა, დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის სახით 1 509.15 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

12. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა - ს.პ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ყველა საბუთსა თუ დოკუმენტს, ასევე ხარვეზის თაობაზე განჩინებას გაეცნო 2019 წლის 25 იანვარს. შესაბამისად ხარვეზის აღმოფხვრის 10- დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2019 წლის 26 იანვარს და ამოწურულიყო იმავე წლის 4 თებერვალს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადება სასამართლოში შეტანილია 2019 წლის 1 თებერვალს, შესაბამისად ვადა დაცულია და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

18. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით, კერძო საჩივარი აპელანტებიდან, მხოლოდ ერთს - ს.პ–ს აქვს წარდგენილი, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შეფასებისთვის გასათვალისწინებელია, ის გარემოებები, რაც კონკრეტულად დასახელებულ პირს უკავშირდება.

19. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა: „საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები:# ას-1033-2018, 30.10.2018წ; # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ; 3ას-21-2019, 21.01.2019წ.)“.

20. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე მითითებით განმარტავს, რომ ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, პოლიციის მეშვეობით გაეგზავნა. ბინაზე გამოცხადების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე, სხვა პირი ცხოვრობს, რომელმაც 5 წლის წინათ შეიძინა უძრავი ქონება ადრესატისგან (ტ.2,ს.ფ.45).

21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, საჯარო შეტყობინების გზით აცნობა კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინების შინაარსი. დასახელებული განჩინებები, საჯარო წესით შეტყობინების მიზნით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 14 იანვარს, შესაბამისად, განჩინება ადრესატისთვის ჩაბარებულად იმავე წლის 21 იანვარს ჩაითვალა.

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტებმა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით 2019 წლის 1 თებერვალს, ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს მიმართეს სასამართლოს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.პ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის, განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე