Facebook Twitter

საქმე №ას-1049-2019 18 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. ბათუმის მერიასა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მერია, მენარდე ან კასატორი) და ა.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე ან შემკვეთი) შორის 2009 წლის 29 მაისს დაიდო „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მერიამ აიღო ვალდებულება, საკუთარი ძალებითა და ხარჯებთ ქ. ბათუმში, .... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის სასარგებლოდ დაეშენებინა 63.61 კვ.მ ფართის სრული სართული (ტ.1,ს.ფ. 14-33).

2. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს, აქტით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მერიის სასარგებლოდ ეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულების მე-8 პუნქტი).

3. დასახელებულ ხელშეკრულებაზე, 2010 წლის 29 მარტს დაიდო შეთანხმება ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებების განხორციელების საფუძველი გახდა მხარეთა შორის შეთანხმება საცხოვრებელ სახლზე დაშენებული სრული სართულის ფართიდან, მოპასუხისათვის გადასაცემი ფართის დაზუსტების შესახებ (ტ.1,ს.ფ. 34-35).

4. აზომვითი ნახაზების საფუძველზე დაშენებული სრული სართულის ფართიდან, მოპასუხეს, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 63,61 კვ.მ. ფართისა, გადაეცა 24,12 კვ.მ. ფართი. ამ გარემოებამ განაპირობა ცვლილების განხორციელება ხელშეკრულებასა და შესაბამისად, მასზე არსებულ დანართში. კვადრატულობიდან გამომდინარე შეიცვალა მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობაც. დაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხის გადასახდელი მერიის სასარგებლოდ, ნაცვლად 19 083 ლარისა, განისაზღვრა 7 236 ლარით (იხ. დამატებითი შეთანხმების მე-2 პუნქტი).

5. სარჩელის მოთხოვნა

5.1. მერიამ, 2017 წლის 11 ოქტომბერს, სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება.

5.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა 19 083 ლარი, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ კი უნდა გადაეხადა 723,60 ლარი, შემდეგი პერიოდულობით, 2009 წლის 15 დეკემბრამდე, 2010 წლის 15 ივნისამდე, 2010 წლის 15 დეკემბრამდე, 2011 წლის 15 ივნისამდე, 2011 წლის 15 დეკემბრამდე, 2012 წლის 15 ივნისამდე, 2012 წლის 15 დეკემბრამდე, 2013 წლის 15 ივნისამდე, 2013 წლის 15 დეკემბრამდე, 2014 წლის 15 ივნისამდე.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 649-ე, 400-ე, 417-ე მუხლებით.

8. მერიის სააპელაციო საჩივარი

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

9.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მერიამ 2017 წლის 11 ოქტომბერს მიმართა სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თანხის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხა 2 169 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 8 851,68 ლარი იყო.

9.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ითხოვდა 2013 წლის 15 ივნისიდან 2014 წლის 15 ივნისამდე პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ვალდებულების შესრულებას. ამასთან, დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ, შესაგებელშივე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (იხ. სსკ-ის 144-ე მუხლი).

9.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი). დადგენილი იყო, რომ მენარდემ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება სრულად შეასრულა, ხოლო შემკვეთმა არ გადაიხადა შეთანხმებული საზღაური. შემკვეთის ვალდებულებას წარმოადგენდა, ყოველ ექვს თვეში გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2 პუნქტი; ე.წ. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება),

9.6. სსკ-ის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

9.7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის თანახმადაც, კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014; 2013 წლის 20 მაისის №ას-1432-1351-2012 განჩინება, 2011 წლის 14 აპრილის №ას-211-198-2011 განჩინება).

9.8. საქმეში წარდგენილი გრაფიკის მიხედვით დადგენილია, რომ შემკვეთს მოსარჩელისათვის 2013 წლის 15 ივნისამდე უნდა გადაეხადა 723,60 ლარი; 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 723,60 ლარი; 2014 წლის 15 ივნისამდე - 723,60 ლარი. ამდენად, მოსარჩელეს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა - 2013 წლის 15 ივნისს, 2013 წლის 15 დეკეკემბერს და 2014 წლის 15 ივნისს.

9.9. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 11 ოქტომბერს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

9.10. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის პრეტენზიის პასუხად განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაზე, ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობდა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან, რაც გამორიცხავდა მასზე დასახელებული ვადის გამოყენების შესაძლებლობას.

10. მერიის საკასაციო საჩივარი

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, შემკვეთმა დაარღვია ვალდებულება და, 2013 წლის 15 ივლისიდან 2014 წლის 15 ივლისამდე პერიოდში, ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეასრულა. აღნიშნულ პერიოდში, მერიის საფინანსო სამსახურის მიერ დაანგარიშებულმა დავალიანებამ ძირითადი თანხის სახით 2 169 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 8 852.68 ლარი შეადგინა.

10.3. კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა, არასწორად მიიჩნიეს, შესასრულებელი ვალდებულება, პერიოდულად შესასრულებლად, და გაავრცელეს მასზე ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. ვალდებულება მერიის მხრიდან სრულად შესრულდა, რაც გამოიხატა საცხოვრებელი ფართის დაშენებასა და მისი მოპასუხისთვის გადაცემაში, ხოლო საფასურის გადახდის გადანაწილება, მერიის კეთილ ნებას წარმოადგენდა, რაც არ გულისხმობს ვალდებულების პერიოდულობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე არა ხანდაზმულობის 3-წლიანი, არამედ 6-წლიანი ვადა უნდა გავრცელდეს.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობაზე და დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შორის ნარდობისსამართლებრივი ურთიერთობაა სახეზე, რომლის ფარგლებშიც, მენარდემ საცხოვრებელ სახლზე დააშენა დამატებითი საცხოვრებელი ფართი, ხოლო შემკვეთს, შეთანხმებული გრაფიკით უნდა გადაეხადა შესაბამისი საფასური.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, ხოლო შემკვეთს ხელშეკრულების საგნის საფასური სრულად არ გადაუხდია, კერძოდ, 2013 წლის 15 ივლისიდან 2014 წლის 15 ივნისამდე პერიოდის თანხა.

19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მენარდის მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმას წარმოადგენს, სსკ-ის 629.1-ე მუხლი „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ, შესაგებლითვე გამორიცხა, კრედიტორის მოთხოვნის განხორციელება, აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით.

20. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის (იხ. წინამდებარე განჩინების 10.3 ქვეპუნქტი) პასუხად განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, შემკვეთს, საფასურის გადახდა დაევალა გარკვეული პერიოდულობით, ვადის ბოლო დღის კონკრეტულ თარიღზე მითითებით, რაც აღნიშნულ ვალდებულებას, შესრულების სახის გათვალისწინებით, აქცევს ე.წ. პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის უფლების არსებობის მიუხედავად, ასეთი უფლების განხორციელებისა და იძულებით აღსრულების შესაძლებლობა, გამოირიცხა მოპასუხის მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, კრედიტორის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი „ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა სპეციალური ხასიათის ნორმას წარმოადგენს სწორედ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისთვის „კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად“ (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014), შესაბამისად, კრედიტორის მითითება 6-წლიან ხანდაზმულობის ვადაზე უსაფუძვლოა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეთა შორის სხვა სახის ვადაზე იქნებოდა შეთანხმება, თავად ვალდებულების არსიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლების იძულებითი განხორციელება 3-წლიან ვადაში იქნებოდა შესაძლებელი (იხ. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება).

22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარემ 2013 წლის 15 ივნისიდან 2014 წლის 15 ივნისამდე პერიოდში გადასახდელი თანხა არ გადასცა კრედიტორს, რის გამოც, სწორედ უკანასკნელი ვადის გასვლის შემდეგ უნდა აითვალოს 3-წლიანი ვადა, რომელიც 2017 წლის 15 ივნისს ამოიწურა. . საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 11 ოქტომბერს, რაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას იძულების წესით.

23. საკასაციო სასამართლო კრედიტორის იმ მოთხოვნის თაობაზე, რომელიც ძირითადი თანხის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას ეხებოდა, დამატებით აღარ იმსჯელებს და განმარტავს, რომ ვინაიდან ძირითადი ვალდებულების შესრულება, მოვალის შესაგებლის გათვალისწინებით გამოირიცხა, შესაბამისად მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული დამატებით მოთხოვნაც ვეღარ განხორციელდება. .

24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე