Facebook Twitter

საქმე №ას-1832-2018 22 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.ა–ი (მოსარჩელე, მოპასუხე ვ.მ–ძის სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე ე.ა–ის მიმართ სარჩელზე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ა–ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, მოპასუხე ვ.მ–ძის სარჩელზე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც აპელანტის სარჩელი ვ.მ–ძის მიმართ (შემდეგში: მოპასუხე, მესაკუთრე, მეორე მოსარჩელე) 2014 წლის 10 დეკემბერს დადებული ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა. აპელანტის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, ....., ს/კ:№...... (შემდეგში: სადავო ქონება), გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ განუხილავს წარდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, არ გაუმახვილებია ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ბინის ნასყიდობის ფასი 6 820 აშშ დოლარით განისაზღვრა, მაშინ, როდესაც საბაზრო ღირებულება დასახელებულ თანხას თითქმის ორჯერ აღემატებოდა.

3. კასატორმა, საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითა. საქართველო უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით (ას-694-665-2016) „ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდ შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს. აღნიშნული კარგად ჩანს ნასყიდობის მომწესრიგებელ ნორმებშიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 511-ე და 512-ე მუხლების განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, ნივთი გადადის მყიდველის მფლობელობაში, ე.ი. ამ გარიგების დადებისას შემძენის ინტერესი სწორედ ქონების დაუფლება და გარიგების პერიოდში ქონებით სარგებლობაა. ამოტომ, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი დროით იდება“.

4. კასატორმა დამატებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებიდან (ას-60-58-2016) ამონარიდზე მიუთითა - „ფაქტია, რომ მოპასუხე არ დაუფლებია უძრავ ნივთს“. აღნიშნულის გათვალისწინებით კი განმარტა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის და განსაკუთრებით კი გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო იმის დადგენა, დაეუფლა თუ არა მყიდველი ნივთს. ლოგიკურია, თუ მყიდველი არ ეუფლება ნაყიდ უძრავ ქონებას, ჩნდება ვარაუდი, რომ გარიგების საგანი და მყიდველის ნამდვილი ნება უძრავი ქონების შეძენა არ ყოფილა.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

8. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ)სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) :

10.1. სადავო ქონება, 2014 წლის 16 დეკემბრიდან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მეორე მოსარჩელის სახელზე, ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვის გარეშე. (ტ.1, 13-14).

10.2. აღნიშნული ქონება პირველი მოსარჩელის მფლობელობაშია.

10.3. მხარეებს შორის, 2014 წლის 10 დეკემბერს, გაფორმდა სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ფასი განისაზღვრა 6 820 აშშ დოლარით. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველს უფლება ჰქონდა ნასყიდობის საგანი გამოესყიდა ექვსი თვის ვადაში, ხოლო, ფასის სრულად გადახდამდე, მყიდველის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდებოდა, როგორც შეზღუდული უფლება. სადავო სახლის თავდაპირველმა მესაკუთრემ, მეორე მოსარჩელეს თანხა ვერ გადაუხადა, რის გამოც, ამ უკანასკნელის 2015 წლის 7 დეკემბრის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრში რიცხული საკუთრების შეზღუდული უფლება გაუქმდა (ტ.1, 15-17).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი მოსარჩელის (კასატორი) მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ხოლო მეორე მოსარჩელე სადავოდ ხდის კასატორის მფლობელობას მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ იყო დადებული მისი მიღწევის რეალური მიზნით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე და სათანადო ფორმით, არ არის გაბათილებული დამაჯერებელი და განკუთვნადი მტკიცებულებებით. ამასთან, კასატორის მითითება, მესაკუთრის მიერ ნივთის დაუფლებასთან დაკავშირებით, ეჭვქვეშ ვერ დააყენებს გარიგების ნამდვილობას (იხ. სსკ-ის 509-ე, 327.1-ე და 183-ე მუხლები).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნების საპირისპიროდ, მეორე მოსარჩელემ სარჩელით სადავოდ გახადა, მისი საკუთრების უფლებიდან გამომდინარე სადავო საგანზე, კასატორის არამართლზომიერი მფლობელობა.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 168-ე ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილსა მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

16. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, მეორე მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მეორე მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე