საქმე №ას-1880-2018 25 ოქტომბერი, 2019 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – სს "ი–ი", გ.შ–ძე, ც.შ–ძე, ნ.შ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - გარიგებების ბათილად ცნობა, სანოტარო აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, ბანკი) და სს „ი–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, საწარმო ან კასატორი) შორის 2007 წლის 8 მაისს დაიდო საკრედიტო ხაზის მომსახურების N002503 ხელშეკრულება, 10 000 000 აშშ დოლარის ლიმიტით, მომსახურების ვადა განისაზღვრა 120 თვის პერიოდით (ტ.1,ს.ფ. 45-50).
2. მხარეთა შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზის N002305-813506 ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 1 155 000 აშშ დოლარით, წლიური 17%-ის სარგებლის დარიცხვით (ტ.1,ს.ფ. 51-52).
3. მხარეთა შორის 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N002305-834322, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 1 000 000 ლარით, წლიური 19%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით (ტ.1,ს.ფ. 55-56).
4. ბანკსა და ნ.შ–ძეს (შემდეგში: პირველი თავდები) შორის 2010 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N002305-ვ, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების უზრუნველსაყოფად (ტ.1,ს.ფ. 129-133).
4.1. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს მოსარჩელეს, ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შესრულებისთვის, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობაა 20 000 000 აშშ დოლარი.
4.2. ბანკსა და თავდებს შორის 2010 წლის 20 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ამავე ხელშეკრულების თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას, ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის სრულად აგოს პასუხი ბანკის წინაშე. მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის ძირითადი თანხა საკრედიტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვს თავდებობის ფარგლებში (ტ.1,ს.ფ. 134-135).
4.3. ბანკსა და პირველ თავდებს შორის 2010 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა პირველი თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ქ. თბილისი, ….., ს/კ ….. და ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი N4, ნაკვ 66/17, ს/კ ….. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (ტ.1, 143-155).
5. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და გ.შ–ძეს (შემდეგში: მეორე თავდები) შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს საწარმოს, ბანკის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად, ხოლო 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 10 000 000 აშშ დოლარია (ტ.1,ს.ფ. 137-141).
5.1. ბანკსა და მეორე თავდებს შორის 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, …., ს/კ …... ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (ტ.1,ს.ფ. 158-166).
6. ბანკსა და ც.შ–ძეს (მესამე თავდები) შორის 2010 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ….., ს/კ …. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულება (ტ.1,ს.ფ. 167-175).
7. ბანკსა და საწარმოს შორის 2011 წლის 29 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის N203837296 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს საწარმოს საკუთრებაში არსებული ამავე ხელშეკრულების დანართი Nა-203837296-001-ში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონებები (ტ.1,ს.ფ. 20-40).
8. ბანკსა და საწარმოს 2011 წლის 29 დეკემბერს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები N1-203837296-1, რომლის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად, გამყიდველი უფლებამოსილია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი სრულად. გამოსყიდვის ფასად მიეთითა - ნასყიდობის საგნისთვის განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის სრული მოცულობა (ტ.1,ს.ფ. 41).
9. ბანკსა და საწარმოს შორის 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი გარიგება N1-203837296-2, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგნის გამყიდველის მიერ გამოსყიდვის ვადა გაიზარდა 2013 წლის 30 ივნისამდე. ამავე შეთანხმების 2.2. პუნქტის შესაბამისად, თუკი გამყიდველი არ გადაიხდის ნასყიდობის საგნის გამოსყიდვისას საფასურს, ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულება მოშალოს სრულად ან ნაწილობრივ და გამოსყიდვის საფასურის შესაბამისი მოცულობა, გამყიდველის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, მიმართოს საკრედიტო ვალდებულების დასაფარად ან შესამცირებლად. გამოსყიდვის ხელშეკრულების მოშლა ხორციელდება ბანკის ცალმხრივი გადაწყვეტილებით და იგი უფლებამოსილია მიმართოს საჯარორეესტრს გამოსასყიდ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ბანკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით (ტ.1,ს.ფ. 42-44).
10. საკრედიტო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შედეგად, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 12 ივნისს, ნოტარიუსმა ი.შ–ძემ გასცა სააღსრულებო ფურცლები შემდეგი სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ნომრებით: N140603146, N140603158, N140603156, N140603162, 140603164. მათი შინაარსის თანახმად, სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო: პირველი თავდების საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები: ს/კ ….. და ს/კ …. ; საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები: ს/კ …..; ს/კ ……; ს/კ …. ; მეორე თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ს/კ ….. და მესამე თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: ს/კ …... ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა საკრედიტო ხაზის შესახებ N002305 ხელშეკრულება და მის ფარგლებში 30.04.2012 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება 002305-1145764, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 3 159 837.10 ლარს (ტ.1,ს.ფ. 176-195).
11. უძრავი ნივთები საკადასტრო კოდით: ….; …; ….; ….; …..; ….; ….; ….; ….; ….; …. და …. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ბანკის სახელზე, ხოლო, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2011 წლის 29 დეკემბრის N203837296 ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1,ს.ფ.196-219).
12. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკის განცხადების საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია 2014 წლის 12 ივნისს ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები, სადაც მოვალეებს წარმოადგენენ საწარმო და სამივე თავდები.
13. მოსარჩელის მოთხოვნა
13.1. საწარმომ და თავდებებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბანკის წინააღმდეგ, მოითხოვეს:
13.1.1. საწარმოსა და ბანკს შორის 2011 წლის 29 დეკემბერს დადებული N203837296 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
13.1.2. მხარეთა შორის 2011 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაში დამატების თაობაზე ბათილად ცნობა.
13.1.3. მხარეთა შორის 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება 2011 წლის 29 დეკემბერს დადებული N203837296 ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაში დამატებების თაობაზე, ბათილად ცნობა;
13.1.4. ბანკისთვის, საწარმოს სასარგებლოდ უძრავი ქონების, ქ. თბილისში, ...., და ქ. თბილისში, .... მდებარე უძრავი ქონებების ღირებულების - 313 414 აშშ დოლარის დაკისრება;
13.1.5. მხარეთა შორის დადებული 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხაზის #002305 ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
13.1.6. ბანკსა და პირველ თავდებს შორის 2010 წლის 31 აგვისტოს დადებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
13.1.7. ბანკსა და მეორე თავდებს შორის 2010 წლის 21 დეკემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
13.1.8. ბანკსა და მეორე თავდების მეშვეობით, პირველ თავდებს შორის 2010 წლის 24 დეკემბერს შედგენილი იპოთეკის ხელშეკრულების, რომლითაც დაიტვირთა მოსარჩელის ქონება, ბათილად ცნობა;
13.1.9. ბანკსა და მეორე თავდებს შორის 2010 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
13.1.10. ბანკსა და მესამე თავდებს შორის 2010 წლის 24 დეკემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
13.1.11. ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების N140603146, N140603158, N140603156, N140603162, 140603164 ბათილად ცნობა;
13.1.12. ბანკისთვის, საწარმოს სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 9 509 155 ლარის და 5 000 000 ლარის დაკისრება;
13.1.13. ბანკისთვის, საწარმოს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 2 077 480 ლარის დაკისრება;
14. მოპასუხის პოზიცია
14.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 56-ე, 302-ე, 408-ე, 411-ე, 509-ე, 895-ე, 160-ე-161-ე მუხლებით; ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით;
16. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
17.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და ყურადღება გაამახვილა, რომ მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულება, ამასთან, დამატებით დაიდო თავდებობისა იპოთეკის ხელშეკრულებები.
17.3. აპელანტების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ბანკსა და საწარმოს შორის 2011 წლის 29 დეკემბერს დადებული N203837296 ნასყიდობის ხელშეკრულების, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 31 დეკემბერს და 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ გარიგებათა ბათილად ცნობა. მათი განმარტებით ბანკმა მოვალის ქონების საკუთრებაში მიღების არაჯანსაღი მიზნიდან გამომდინარე, გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა, რეალურად სადავო გარიგებით დაიფარა იპოთეკის ხელშეკრულება. გასაჩივრებული გარიგება თვალთმაქცურ ხასიათს ატარებს. ასევე, სადავო გარიგებები მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
17.4. დადგენილია, რომ საწარმომ საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულებები დადებულია მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე. მეტიც, აღნიშნული გარიგების შესაბამისად მოვალეს (საწარმოს) გაუჩნდა შესაძლებლობა სათანადო თანხის ანაზღაურების სანაცვლოდ კვლავ მიეღო საკუთრებაში კუთვნილი ქონება. სადავო გარიგებების შედგენის პროცესში კრედიტორის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ირკვევა 2012 წლის 31 დეკემბერს მასსა (ბანკსა) და საწარმოს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობებით, რომლითაც გამოსყიდვის ვადა გაიზარდა 2013 წლის 31 ნოემბრამდე, რითაც საწარმოს დამატებით მიეცა შესაძლებლობა, გამოესყიდა ქონება.
17.5. სააპელაციო სასამართლომ მხარის პრეტენზიის პასუხად, თვალთმაქცური გარიგების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ განასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ # ას 871-821-2015, 05.02.2016წ; # ას-487-461-2015, 17.06.2015წ.).
17.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და შეფასება, რომ აპელანტების მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით გასაჩივრებული გარიგებების რაიმე ნიშნით მართლსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთებოდა და სასარჩელო მოთხოვნა 203837296, N1-203837296-1, N1203837296-2 ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელი იყო. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული ამავე გარიგებით ბანკისთვის გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიღებული თანხის და ნივთის ღირებულების 313 414 აშშ დოლარის ბანკისათვის დაკისრების მოთხოვნა.
17.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტების მოთხოვნა, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დადებული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლო იყო. ბათილად ცნობის საფუძვლად, საწარმო იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება.
17.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სადავო ხელშეკრულებები შედგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
17.9. სსკ-ის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
17.10. სააპელაციო სასამართლომ აპელანტების მოთხოვნაზე, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 12 ივნისს გაცემული N140603146, 140603158, N140603156, N140603162, N140603164 სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით განმარტა:
17.10.1. დადგენილი იყო, რომ მხარეები გაფორმებული გარიგებების მიხედვით შეთანხმდნენ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტორის მიერ ნოტარიუსის შედგენილი სააღსრულებო ფურცლის მიღების შესაძლებლობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა. ხოლო, იპოთეკის ხელშეკრულება კრედიტორს ანიჭებდა უფლებამოსილებას, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. შესაბამისად, ბანკმა გამოიყენა კანონით და ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება სააღსრულებო ფურცლების მიღების შესახებ, რომელთა ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.
17.10.2. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
17.11. მოცემულ შემთხვევაში, საწარმო მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარ ზიანს უკავშირებს ბანკის მიერ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს, რომელიც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეობისთვის. სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების 2.1 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტი ბანკს უპირობოდ არ ავალდებულებდა, რომ გაეცა საგარანტიო უზრუნველყოფა.
17.12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელატნმა ვერ დაასაბუთა ბანკის მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები, ბანკის მიმართ 9 509 155 და 2 077 480 ლარის ზიანის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელი იყო.
17.13. საწარმოს მოთხოვნა, აგრეთვე ეხებოდა მის საწარმოო ბაზაში განთავსებული ნივთების სანაცვლოდ 50 000 ლარის ანაზღაურებას.
17.14. ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 160-161-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეეძლო ვინდიკაციური სარჩელის აღძვრით მოეთხოვა მისი საკუთრების, თუმცა, ბანკის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ნივთების დაბრუნება, ან ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნების დაყენება.
18. აპელანტების საკასაციო საჩივარი
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა (საწარმომ და თავდებებმა), ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
18.2. კასატორების განმარტებით, დადებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ფარგლებში, ბანკს ეკისრებოდა სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფა, რაც მდგომარეობდა საბანკო გარანტიის შეუფერხებლად გაცემაში. გარანტიის გაცემაზე უარის თქმით, ბანკმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილითა და 115-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და უფლების მართლზომიერი გამოყენების პრინციპები.
18.3. კასატორების განმარტებით, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 31 აგვისტოს ბანკმა გასცა ტენდერში მონაწილეობის საგარანტიო უზრუნველყოფა, რომლითაც საწარმომ მიიღო მონაწილეობა ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა, ბანკმა უარი განაცხადა შესრულების საბანკო გარანტიის გაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო სატენდერო პირობების შესახებ, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იყო შესრულების გარანტიის წარდგენა (2011 წლის 31 აგვისტოს საბანკო გარანტიის მე-4 პუნქტი).
18.4. კასატორის განმარტებით, მოპასუხესთან ჰქონდა იმგვარი ურთიერთობა, რომ ბანკს უარი არ უნდა ეთქვა (ვალდებული იყო გაეცა) საბანკო გარანტიის გაცემაზე. ამასთან მისი ყველა ქონება, იპოთეკით დატვირთული იყო სწორედ მოპასუხესთან (ბანკთან), რის გამოც სხვა საფინანსო დაწესებულება უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, საბანკო გარანტიის გაცემის მიზნით.
18.5. კასატორის მტკიცებით, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, გასათვალისწინებელი არის ის გარემობა, რომ ბანკმა უარი თქვა 80 000 ლარის საბანკო გარანტიის გაცემაზე, მაშინ, როდესაც ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გასცა 1 000 000 ლარის კრედიტი, ამავე საწარმოზე, რომელიც უკვე შავ სიაში იყო.
18.6. კასატორების განმარტებით, ბანკის მიზანმიმართული და შეგნებული ნაბიჯების შედეგია, რომ საწარმო გადახდისუუნარო გახდა, რის გამოც კრედიტორმა უდიდესი მოგება მიიღო. აღნიშნული გამოიხატა იმაში, რომ გაცემული კრედიტების სანაცვლოდ, დავალიანების ოდენობაზე გაცილებით მეტი ღირებულების, საწარმოს ქონება ბანკმა საკუთრებაში მიიღო, რითიც გამდიდრდა, ხოლო თავდებების ქონებებზე იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელებით დამატებით მდიდრდება.
18.7. კასატორის მტკიცებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკს დომინანტური მდგომარეობა აქვს, ხელშეკრულებებიც მისივე შედგენილია, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო გარიგებები სსკ-ის 54-ე-55-ე მუხლების საფუძველზე.
18.8. კასატორის განმარტებით სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი. ბანკი ნასყიდობის საფუძველზე გადაცემულ ქონებას არ დაუფლებია, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ხელშეკრულებები. საწარმოს პრეტენზია ეხება, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...., ტერიტორიაზე განთავსებულ ნივთებსა და საწარმოო საშუალებებს, რომლის მიღებაც ვერ ხერხდება, ვინაიდან ტერიტორია დაკავებული აქვს ბანკს. ბანკის წარმომადგენლებმა ისე დაიკავეს უძრავი ნივთი, რომ კასატორები არ გაუფრთხილებიათ, ამასთან ტერიტორიიდან გამოაძევეს დარაჯი და მოვალეს არ მისცეს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება.
18.9. კასატორის მტკიცებით, მას არ მიეცა საშუალება მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდეგ წარედგინა სასამართლოსთვის მტკიცებულებები, რომელთა წარდგენა მანამდე შეუძლებელი იყო. კასტორის განმარტებით, წარსადგენი მტკიცებულების არსებობის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა, მაშინ როდესაც საქმის მომზადება დასრულებული იყო.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საწარმოსა და თავდებების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორების პრეტენზია ბანკის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ეხება, რითაც ზიანი მიადგა საწარმოს საქმიანობას, რაც გამოიხატა საწარმოს გადახდისუუნარო მდგომარეობაში ჩაგდებითა და, სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილ ზიანში, ასევე, საწარმოს შავ სიაში მოხვედრით, რაც, თავის მხრივ, დამატებით უარყოფითად აისახა საწარმოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
26. საკასაციო სასამართლო, მხარის იმ პრეტენზიების პასუხად, რომელიც შეეხება ბანკის (მოპასუხის) ვალდებულებას საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულების თაობაზე, მხარე საკრედიტო ხაზით მომსახურების 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულებაზე უთითებს (იხ. ტ.1,ს.ფ.45; პ. 2.1). და მისი მტკიცებით, სწორედ დასახელებული დანაწესიდან გამომდინარეობს ბანკის ვალდებულება, გაეცა საბანკო გარანტია.
26.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტია, საბანკო მომსახურების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის (ბენეფიციარის) მოთხოვნას მოვალის (პრინციპალის) მიმართ, სადაც ბანკი (გარანტი), იღებს ვალდებულებას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გარანტიის ფარგლებში. ამდენად, საბანკო გარანტია, ბანკსა (გარანტის) და მოვალეს (პრინციპალის) შორის დადებული ხელშეკრულების შედეგად წარმოშობს კანონითა და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და მოვალეობებს. თუმცა თავად ხელშეკრულების დადების (ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის) თაობაზე, მხარეთა შორის მოქმედებს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისთვის მხარეთა ნების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეთა დამოუკიდებელი ნების საფუძველზე გარკვეული ხელშეკრულების დადებას ან ასეთი ხელშეკრულების დადებისგან თავის შეკავებას შეეხება.
26.2. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, თუმცა, აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობდა ბანკის უპირობო და წინასწარ განსაზღვრულ ვალდებულებას, გაეცა საბანკო გარანტია. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს, ტენდერში მონაწილეობის შედეგად, სატენდერო წესების თანახმად წარმოეშვა ვალდებულება, შემსყიდველისთვის შესაბამისი დროისათვის წარედგინა ჯერ ტენდერში მონაწილეობის საბანკო გარანტია, ხოლო შემდეგ ეტაპზე, ტენდერის შესრულების საბანკო გარანტია. დასახელებული საბანკო გარანტია, ორი, დამოუკიდებელი ხელშეკრულების საგანია, და მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ერთ მათგანზე - მონაწილეობის საბანკო გარანტია იყო გაცემული, განსაზღვრული ვადით (ტ.2,ს.ფ.25), რაც არ ავალდებულებდა ბანკს, მეორე ეტაპისთვის მოთხოვნილი საბანკო გარანტიაც მასვე გაეცა. წინამდებარე განჩინების 18.4 ქვეპუნქტში ასახული საკასაციო პრეტენზია და ის გარემოება, რომ ბანკისთვის ცნობილი იყო ტენდერის შემდეგი ეტაპისთვის საბანკო გარანტიის გაცემის აუცილებლობა (კასატორის განმარტებით, ტენდერის ნომერიც კი არის მითითებული გარანტიაში, რაც ადასტურებს ბანკის ინფორმირებას ტენდერისა და სატენდერო მოთხოვნების თაობაზე), თავისთავად არ წარმოადგენს ბანკისთვის მბოჭავ (მავალდებულებელ) გარემოებას, მეორე ეტაპის უზრუნველსაყოფად გარანტიის გაცემაზე, ხოლო გარანტიის გაცემაზე უარის შემთხვევაში, საწარმოს არ ანიჭებს მისგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხისთვის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უპირველესად, სწორედ ტენდერში უშუალოდ მონაწილე პირისთვის (კასატორი საწარმოსთვის) იყო ცნობილი, მეორე ეტაპისთვის განსაზღვრული საბანკო გარანტიის მიღების აუცილებლობის თაობაზე, შესაბამისად, მის რისკს წარმოადგენდა, რომ ნათლად განესაზღვრა ბანკთან ურთიერთობის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის უფლებამოსილება, გაეცა საბანკო გარანტია ყოველი მომდევნო ეტაპისთვის. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მითითება, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაზე, რომელიც მხარეთა სამომავლო ურთიერთობის სავარაუდო ფარგლებს ადგენს, და ზოგადად აღწერს მხარეთა სურვილს, თანამშრომლობის ფარგლებში, მოვალემ ისარგებლოს გარკვეული საბანკო მომსახურებებით, უპირატესად კი კრედიტით, არ წარმოუშობს ბანკს ყველა საბანკო პროდუქტის უპირობოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულებას. საბანკო რესურსების ხელშეკრულება (საკრედიტო ხაზის, გენერალური საკრედიტო ხელშკრულების და ა.შ.) არ გულისხმობს კომერციული ბანკის ვალდებულებას, საკრედიტო რესურსებში მითითებული მაქსიმალური თანხის გაცემას (იხ. ზ. გაბისონია - საბანკო სამართალი- გვ.221-222, , თბილისი, 2017, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“). წინამდებარე შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დადებისა (2007 წელი) და საბანკო გარანტიის მიღების საჭიროების (2011 წელი) თარიღებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.
27. კასატორების შემდეგი პრეტენზია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ეხება, სსკ-ის 54-55-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ მოტივით, რომ ბანკმა ვალდებულების ოდენობაზე გაცილებით მეტი ღირებულების ქონება მიიღო, ამასთან უძრავ ქონებას ფიზიკურად არ დაუფლებია.
27.1. საკასაციო სასამართლო, მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ხოლო იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. როგორც დასახელებული ნორმებიდან ჩანს, კანონმდებელი, გარიგების ბათილობას პირველ შემთხვევაში, კანონის, საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების დარღვევას, ხოლო მეორე შემთხვევაში, განსაკუთრებული ნდობის პირობებში, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უკავშირებს.
27.2. განსახილველ შემთხვევაში, მხარის მითითება, ბანკის საკუთრებად გადაფორმებული ქონების ღირებულებასა და საწარმოს დაგროვილ დავალიანებას შორის დისპროპორციის გამო, ხელშეკრულებათა ბათილობის თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის დაიდო, ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გარიგებები (იხ. სსკ-ის 509-ე მუხლი), რომლებზეც ვადა ერთჯერადად გაიზარდა (აღნიშნული ხელშეკრულებები დადებულია 2011 წლის 29 დეკემბერს, სადაც გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 12 კალენდარული თვით - 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ გაიზარდა 2013 წლის 30 ივნისამდე, ჯამში 1 წლით და 6 თვით განისაზღვრა გამოსყიდვის უფლება), სწორედ, მოვალის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებითა და ფინანსური გაჯანსაღების იმედით, რაც გამორიცხავს ბანკის დაფარულ ინტერესებს მოვალის ქონების დაუფლების თაობაზე.
27.3. საკასაციო სასამართლო გარიგების ბათილობის თაობაზე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ თავისთავად გარიგების ბათილობის მოთხოვნა არ შეიძლება წარმოადგენდეს მხარის რეალურ იურიდიულ ინტერესს მიკუთვნებითი სარჩელის პირობებში, ამასთან, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სსკ-ის მითითებული ნორმები გარიგების ბათილობის დამოუკიდებელ საფუძვლებად ვერ იქნება მიჩნეული (შდრ. სუსგ-ებს: # ას-708-662-2017, 11.01.2018წ; # ას-497-2019, 05.07.2019წ.).
27.4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ცალსახად განმარტავს, რომ სსკ-ის 54-ე მუხლი დამოუკიდებლად მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად ვერ იქნება მიჩნეული. „დიდი პალატა იზიარებს კასატორთა პრეტენზიებს სსკ-ის 54-ე მუხლის, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენების დაუშვებლობაზე. ამ ნორმას ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს“.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან არ არსებობს გარიგებათა ბათილად ცნობის, საბანკო გარანტიის გაცემის ვალდებულება (იხ. წინარე პუნქტების მსჯელობა, გარიგების ბათილობაზე) და ბანკის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლები (იხ. სსკ-ის 394.1, 408.1 და 411-ე /საბანკო გარანტიის გაცემაზე უარის თქმის გამო, მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე/ მუხლები), საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს თავად ამ მოთხოვნების ოდენობებზე.
29. საკასაციო სასამართლო, მხარის მიერ მითითებული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნებს არ იზიარებს და განმარტავს, რომ დასახელებული ხელშეკრულებები დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით (იხ. სსკ-ის 286-ე და 891-892-ე მუხლები), ამასთან დადგენილია, რომ საწარმოს მიერ დარღვეულია ვალდებულება, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საშუალებები ექვემდებარება აღსრულებას.
30. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია, მის საკუთრებაში არსებული საწარმოო საშუალებებისა და სხვა მოძრავი ნივთების, ბანკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებას ეხება, რის გამოც კასატორი ვერ სარგებლობს დასახელებული ნივთებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განხილვის საგანს ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რის გამოც, მისი ვინდიკაციური თუ ნეგატორული პრეტენზიები სხვა დავის ფარგლებში გადასაწყვეტ მოთხოვნებს წარმოადგენს (იხ. სსკ-ის 160-ე, 161-ე და 172-ე მუხლები; შენიშვნა: დასახელებული ნორმების გამოყენება დამოკიდებულია, მოთხოვნის აღმძვრელი პირის უფლებაზე სადავო ნივთების მიმართ, კერძოდ, ეს მოთხოვნა ეფუძნება მფლობელობას თუ საკუთრების უფლებას).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ი–ის", გ.შ–ძის, ც.შ–ძის და ნ.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.შ–ძეს (პ/ნ .....), ც.შ–ძეს (პ/ნ ....) და ნ.შ–ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ.შ–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი, სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N19173600, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 იანვარი), 70% – 4200 ლარი, გ.შ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N19173638, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 იანვარი), 70%- 4200 ლარი და ა.კ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი, სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N19209106, გადახდის თარიღი 2019 წლის 1 თებერვალი), 70% – 4200 ლარი;
3. სს "ი–ს" (ს/კ ....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით (საქმე № ას-1880-2018) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 30 %-ის 2400 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე