Facebook Twitter

22 იანვარი, 2020 წელი,

საქმე №ას-1348-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.ლ–ა, ბ.ხ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ლ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი ) და ბ.ხ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ვ.ქ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტრი) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე მოპასუხეებს შორის 2017 წლის 7 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მეორე მოპასუხის სახელზე აღირიცხა. მათი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, როგორც მატერიალურ, ისე პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორების მტკიცებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე მოპასუხეს 70 000 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, აღსრულდა, კერძოდ, მოსაჩელემ აუქციონის გზით შეიძინა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, რითაც შეწყდა სააღსრულებო წარმოება.

1.2. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ მეორე მოპასუხემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისაგან 369 კვ.მ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით #.....) მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი 603 კვ.მ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით #....) შეძენის შემდეგ მიიღო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოსარჩელის სარჩელი მეორე მოპასუხისა და კ.და გ. მ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს 70 000 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა ქუთაისში, ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი უძრავი ქონება) მდებარე მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით (იხ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ. 13-15).

4.4. 2013 წლის 14 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 20 მარტის განკარგულებით, პირველი უძრავი ქონება იძულებით აუქციონზე - 58 240 ლარად მოსარჩელემ შეიძინა (იხ. განკარგულება, ს.ფ. 109).

4.5. მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციიდან ამონაგებმა თანხამ ნაწილობრივ დაფარა ვალი, ანუ ვალდებულება სრულად არ შესრულდა.

4.6. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე მოპასუხეს ქუთაისში, ...... მდებარე 369 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 103,52 კვ.მ ფართის ნაგებობა გადაეცა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე უძრავი ქონება) და ეს უკანასკნელი 2017 წლის 7 მარტს აღირიცხა მესაკუთრედ (იხ. 2017 წლის 24 თებერვლის საკუთრების უფლების მოწმობა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 34; 103-104).

5. მეორე მოპასუხემ ქონების საკუთრებაში რეგისტრაციისთანავე - 2017 წლის 7 მარტს, ზემოხსენებული უძრავი ქონება რძალს - ანუ პირველ მოპასუხეს მიჰყიდა. ხელშეკრულება მარეგისტრირებელ ორგანოში 2019 წლის 9 მარტს დაჩქარებული წესით აღირიცხა, რისთვისაც მხარემ გადაიხადა ჩვეულებრივზე ოთხჯერ მეტი მომსახურების საფასური (200 ლარი), (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 107-108; 101).

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

7. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ვალდებულება შეწყვეტილია შესრულების გამო (უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად).

8. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ მოსაზრებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხეს 70 000 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, უძრავი ქონება კი, მოსარჩელემ იძულებით აუქციონზე - 58 240 ლარად შეიძინა. ამდენად, უდავოა, რომ მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ვალდებულება სრულად არ დაიფარა, შესაბამისად, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ შეწყვეტილა.

9. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა გამოირიცხებოდა, თუკი კასატორები, დაამტკიცებდნენ, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ისინი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად არ მოქმედებდნენ. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. #ას-571-879-09, 30.04.2010წ).

10. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას სააპელაციო პალატამ მართებულად დაუშვა პრეზუმფცია, რომ პირველი მოპასუხისათვის მეორე მოპასუხის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესახებ ცნობილი იყო, რაც გამორიცხავს მათი, როგორც სადავო უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერებას. სააპელაციო პალატის მსჯელობა და დასკვნები, რომ მეორე მოპასუხემ იცოდა მის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე მოსარჩელის პრეტენზიის შესახებ, რასაც საქმეში წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც ადასტურებდა და ასეთ ვითარებაში გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება რძალთან (პირველ მოპასუხესთან), ამ გარიგების მოჩვენებითობასა და მოპასუხეთა მიზანს, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითებით, აერიდებინათ მოსარჩელის, როგორც კრედიტორის, სასარგებლოდ მეორე მოპასუხისათვის (მოვალისათვის) დაკისრებული თანხის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ადასტურებს იმგვარი პრეზუმფცია, რაც ახლო ნათესავებს, ოჯახის წევრებს შორის ერთმანეთის ვალდებულებითი ურთიერთობის შესახებ სადავო გარიგების დადების გამომწვევი ინფორმაციის ფლობას უკავშირდება.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

12. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-789-2019, 26.07.2019წ).

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ი.ლ–ას (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1000 (ათასი) ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 11.10.2019 წ.), 70% - 700 (შვიდასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ლ–ასა და ბ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ლ–ასა (პ/ნ ....) და ბ.ხ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეთ ი.ლ–ას (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1000 (ათასი) ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 11.10.2019 წ.), 70% - 700 (შვიდასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი