საქმე №ას-1047-2019 29 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ქ.წ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, კს „შპს N.. სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი და ზ.დ–ა“ (მოპასუხეები)
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი - წილის მესაკუთრედ ცნობა, წილის მესაკუთრედ რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ.წ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კს „შპს N.. სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი და ზ.დ–ას“ მიმართ წილის მესაკუთრედ ცნობის და წილის მესაკუთრედ რეგისტრაციის თაობაზე.
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო, ხოლო კს „შპს N.. სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი და ზ.დ–ას“ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2019 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა, უ.ქ–ამ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ აღარ გააჩნდა საკასაციო საჩივრის განხილვის ინტერესი, ვინაიდან მისი მარწმუნებელი (მოსარჩელე) მოპასუხე ორგანიზაციის, კს „შპს N.. სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი და ზ.დ–ას“ 65%-იანი წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება.
2019 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოითხოვნა და უარი განაცხადა სარჩელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ქ.წ–ის წარმომადგენლის უ.ქ–ას შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა; შეწყდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ქ.წ–ის სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კს „შპს N.. სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი და ზ.დ–ას“ მიმართ წილის მესაკუთრედ ცნობისა და წილის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია; კასატორ ქ.წ–ს (პ/ნ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა უ.ქ–ას (პ/ნ: ....) მიერ 2019 წლის 31 ივლისს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
2020 წლის 24 იანვარს ქ.წ–ის წარმომადგენელმა უ.ქ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში შეცდომით არის მითითებული ქ.წ–ის პირადი ნომერი. განმცხადებელმა მოითხოვა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, ქ.წ–ის პირად ნომრად ნაცვლად პირადი ნომერისა - ....., პირადი ნომრის - .... მითითება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით იქნა მითითებული ქ.წ–ის პირადი ნომერი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში დაშვებული უსწორობა და მასში ნაცვლად სიტყვებისა „ქ.წ–ს (პ/ნ: ....)“, მითითებულ იქნას - „ქ.წ–ს (პ/ნ: ....)“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა;
2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა „ქ.წ–ს (პ/ნ: ....)“, მითითებულ იქნას - „ქ.წ–ს (პ/ნ: .....)“;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე