№ას-55-2020 27 იანვარი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.გ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ–ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხეები - მ.გ–ა, მ.გ–ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „მ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) წარადგინა სარჩელი მ.გ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“), მ.გ–ასა და მ.გ–ას (შემდეგში „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:
- 12.11.2014 წელს მასსა და პირველ მოპაუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 6896.64 აშშ დოლარის, პროცენტის - 3147 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 3153.85 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 3089.63 აშშ დოლარის დაკისრება;
- 27.02.2015 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 7000 აშშ დოლარის, პროცენტის - 3007.79 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 2855.13 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 3561.97 აშშ დოლარის დაკისრება;
- ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეების საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული, ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების ს/კ ..... სარეალიზაციოდ მიქცევა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12.11.2014წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა - 6896.64 აშშ დოლარი, პროცენტი - 3147 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1960 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალი - 247.12 აშშ დოლარი; 27.02.2015წ. სესხის ხელშეკრულებიდან დამომდინარე მასვე დაეკისრა ძირითადი თანხა - 7000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3007.79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1855 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალი - 284.25 აშშ დოლარი. ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპაუხეებს არ გაუსაჩივრებიათ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.04.2019წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
7. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სსსკ-ის 391-ემუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს საკასაციო საჩივრის სუბიექტთა წრეს. პალატა განმარტავს, რომ "მხარეში" იგულისხმება მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულია გადაწყვეტილება/განჩინება (მაგ.: მოსარჩელე, რომლის სარჩელი/სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ან მოპასუხე, რომლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა). მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების/ განჩინების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული.
ამავე კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი მოპასუხე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. ამდენად, ფაქტობრივად, კასატორი ასაჩივრებს მის სასარგებლოდ მიღებულ განჩინებას, რამეთუ სააპელაციო საჩივარი მის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
8. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ გასაჩივრების უფლების მქონე პირმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სადავოდ არ გახადა კანონით დადგენილ ვადაში, მაშინ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მხარე კარგავს მისი გასაჩივრების უფლებას. გათვალისწინებით იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ის დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და უარი განაცხადა მის გასაჩივრებაზე, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (სუსგ საქმეზე №ას-614-584-2013, 22 ივლისი, 2013 წელი). ამასთან, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, შესაბამისად მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა ამ უკანასკნელი განჩინებით არ შეცვლილა, აქედან გამომდინარე, მისი იურიდიული ინტერესი საკასაციო საჩივრის წარდგენით ვერ დადასტურდება. კასატორი საკასაციო მოთხოვნად მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.04.2019წ. განჩინების უცვლელად დატოვებას, ანუ ფატობრივად, მას არც აქვს პრეტენზია სააპელაციო პალატის შემაჯამებელ საპროცესო დოკუმენტზე. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ თავად მოსაჩელეს, რომლის სააპელაციო საჩივარიც არ დაკმაყოფილდა, განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არა აქვს.
9. სსსკ-ით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგი. მხარეს, რომლის წინააღმდეგ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა, არა აქვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, პირველი მოპასუხე არ არის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სუბიექტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 264-ე, 372-ე, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე