Facebook Twitter

საქმე №ას-1748-2019 17 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – კ.მ–ძე, ვ.მ–ძე, ნ.კ–ძე, ლ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება და იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – კ.მ–ძის, ვ.მ–ძის, ნ.კ–ძისა და ლ.მ–ის მიმართ თანხის დაკისრების, ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს – კ.მ–ძესა და ვ.მ–ძეს სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების – 4300.03 აშშ დოლარის გადახდა (ძირი თანხა - 3546.17; პროცენტი - 676.53; პირგასამტეხლო - 77.33). მოპასუხეებს – კ.მ–ძესა და ვ.მ–ძეს სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 07.07.2017 წლიდან 18.04.2018 წლამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე, სესხის ძირ თანხაზე (3546.17) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 75.78 ლარის ოდენობით, სულ 709.85 აშშ დოლარი. დადგინდა მოპასუხეების კ.მ–ძის და ვ.მ–ძის სს ,,თ.ბ–ის“ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდა ბაღდათის რაიონის, სოფელი ..... ნ.კ–ძის და ლ.მ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ .....) აუქციონზე რეალიზაციის გზით თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალა სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ დაკმაყოფილებულად ჩაითვალა მხოლოდ იპოთეკის საგნის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებლო წარმოება მიექცა მოპასუხეების კ.მ–ძის და ვ.მ–ძის სხვა ქონებაზე. გადაწყვეტილება მიექცა იძულებით აღსასრულებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ.მ–ძემ, ვ.მ–ძემ, ნ.კ–ძემ, ლ.მ–მა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ნ.კ–ძის წარმომადგენელ ნ.შ–ძის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენელ კ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. კ.მ–ძის, ვ.მ–ძის, ნ.კ–ძისა და ლ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს კ.მ–ძემ, ვ.მ–ძემ, ნ.კ–ძემ, ლ.მ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, კ.მ–ძის, ვ.მ–ძისა და ლ.მ–ის მიერ ნ.შ–ძის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულების ან კერძო საჩივრის ავტორების მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ნ.კ–ძის წარმომადგენელ ნ.შ–ძეს ჩაბარდა 2019 წლის 24 დეკემბერს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს – კ.მ–ძეს, ვ.მ–ძესა და ლ.მ–ს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ 2019 წლის 30 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ.მ–ძის, ვ.მ–ძის, ნ.კ–ძისა და ლ.მ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორ ნ.კ–ძის წარმომადგენელ ნ.შ–ძეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2019 წლის 24 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.403), ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს – კ.მ–ძეს, ვ.მ–ძესა და ლ.მ–ს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2019 წლის 30 დეკემბერს (ს.ფ.407-409). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა ნ.კ–ძისათვის დაიწყო 2019 წლის 25 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 27 დეკემბერს, ხოლო კ.მ–ძისათვის, ვ.მ–ძისათვის და ლ.მ–ისათვის – 2019 წლის 31 დეკემბერს და მოიწურა 2020 წლის 3 იანვარს, ვინაიდან 2 იანვარი იყო დასვენების დღე. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.მ–ძის, ვ.მ–ძის, ნ.კ–ძისა და ლ.მ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი