საქმე №ას-1756-2019 17 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ნ.ბ–ასა და ვ.გ–ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდნარე დავალიანების სოლიდარულად გადახდევინების თაობაზე.
მოპასუხე ვ.გ–მა სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სს ”თ.ბ–ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს – ნ.ბ–ასა და ვ.გ–ს (თავდებს ვ.გ–ს თავდებობის ზღვრული თანხის 20000 ლარის ფარგლებში) მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ: ძირი თანხის – 9764,86 ლარის, პროცენტის – 329,82 ლარისა და ჯარიმის – 166,30 ლარის გადახდა; 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე – გადაუხდელი ძირი თანხის 9 764.86 ლარის წლიური 15.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 123.85 ლარს; 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე – გადაუხდელი ძირი თანხის 9 764.86 ლარის, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 48.82 ლარს, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 1250 ლარისა. მოპასუხე ნ.ბ–ას მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის N3886799-8605296 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების – 3946.16 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 3620.36 ლარი და ჯარიმა - 325.80 ლარი; 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე – პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 3620.36 ლარის 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.10 ლარს, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 750 ლარისა. მოპასუხე ნ.ბ–ას მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 11 ივლისის საბანკო კრედიტის N3886799-8437157 ხელშეკრულებიდან გამომდინარე – დავალიანების 3 945.42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 2600 ლარი, პროცენტი - 230.46 ლარი და ჯარიმა - 560 ლარი. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე – ძირი თანხის 2 600 ლარის, წლიური 19% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 41.16 ლარს. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის – 2600 ლარის 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 13 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ბ–ამ, ვ.გ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით ნ.ბ–ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ვ.გ–ის სააპელაციო საჩავარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.გ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ვ.გ–ს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 24 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ ვ.გ–ს პირადად, ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2019 წლის 24 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.87). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 25 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 30 დეკემბერს, ვინაიდან 29 დეკემბერი იყო დასვენეების – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი