№ას-155-2019 3 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ე–ს ..“, რ.დ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ვ.პ.ჯ–ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით:
- სს „ვ.პ.ჯ–ას“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- შპს „ე–ს ...“ (შემდეგში პირველ მოპასუხეს) და რ.დ–ძეს (შემდეგში მეორე მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 126 052.85 ლარის გადახდა, საიდანაც 96052.85 ლარი ძირითადი დავალიანებაა, 30 000 ლარი კი, პირგასამტეხლო;
- დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ბათუმში, ...., ს/კ N ..... - იძულებით აუქციონზე რეალიზაცია;
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება პირველი მოპასუხისთავის პირგასამტეხლოს 30 000 ლარის დაკისრების და სახლმწიფო ბაჟის 3781.60 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილებში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 15 848.55 ლარი.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგსამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
5. 2019 წლის 5 მარტს, საქმის წარმოებაში მიღების ეტაპზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენელმა, წარმოადგინა მხარეთა მიერ გაფორმებული და ხელმოწერილი მორიგების აქტი და მოითხოვა მისი დამტკიცება და შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტა.
6. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:
ერთის მხრივ, კასატორი რ.დ–ძე, წარმოდგენილი ლ.დ–ძის მიერ, ასევე მეორე კასატორი შპს „ე–ს ..“ (ს/კ ....) წარმოდგენილი დირექტორ თ.მ–ძის (პ/ნ ....) მიერ, როგორც „პირველი მხარე“ და, მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე სს „ვ.პ.ჯ–ა“ წარმოდგენილი შ.გ–ის (პ/ნ ....) მიერ, როგორც „მეორე მხარე“ მოქმედებენ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, თანხმდებიან, რომ დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
6.1. მხარეები თანახმა არიან მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე დასრულონ მორიგებით.
6.2. „პირველი მხარე“ იღებს ვალდებულებას, რომ 2019 წლის 25 იანვრიდან 31 მარტამდე გადაუხდის „მეორე მხარეს“ მხარეთა შორის არსებული დავალიანების, კერძოდ, შეძენილი საწვავის ღირებულების, სასამართლოში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს თანხას, რომელიც ჯამში შეადგენს - 100343.85 (ასიათას სამასორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარს.
6.3. „პირველი მხარე“ იღებს ვალდებულებას, რომ იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტის თანახმად განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება მხარეთა შორის შეთანხმებული 100343.85 (ასიათას სამასორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა, 2019 წლის 1 ნოემბრამდე გადაუხადოს „მეორე მხარეს“ შეთანხმებულ დავალიანების თანხასთან ერთად დამატებით პირგასამტეხლოს თანხა - 10 000 (ათი ათასი) ლარი.
6.4. ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ხელს შეუწყობენ და არავითარ შემთხვევაში არ შეუშლიან ხელს ერთმანეთს, არ შექმნიან ხელოვნურ ბარიერს წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებაში.
6.5. „მეორე მხარე“ გარდა წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული თანხებისა, „პირველი მხარის“ სასარგებლოდ უარს აცხადებს სხვა ყველა სახის თანხებზე.
6.6. წინამდებარე შეთანხმება გამოხატავს მხარეთა ნებას, ის შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად და თითოეული მათგანი გადაეცემა სასამართლოსა და მხარეებს, შესაბამისად მის სისწორესა და ნამდვილობას მხარეები ადასტურებენ შესაბამისი ხელმოწერებით.
7. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელეს დაევალა შ.გ–ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა მორიგების უფლებამოსილებით.
8. 2019 წლის 2 აპრილს საკასაციო სასამართლოს მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარმოადგინა მინდობილობა საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლობისა და მორიგების უფლებამოსილებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
11. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
I. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:
1. მხარეები თანახმა არიან მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე დასრულონ მორიგებით.
2. „პირველი მხარე“ იღებს ვალდებულებას, 2019 წლის 25 იანვრიდან 31 მარტამდე გადაუხადოს „მეორე მხარეს“ მხარეთა შორის არსებული დავალიანების, კერძოდ, შეძენილი საწვავის ღირებულების, სასამართლოში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს თანხა, რომელიც ჯამში შეადგენს - 100343.85 (ასიათას სამას ორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარს.
3. „პირველი მხარე“ იღებს ვალდებულებას, რომ, თუ წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტის თანახმად განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება მხარეთა შორის შეთანხმებული 100343.85 (ასიათას სამას ორმოცდასამი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა, 2019 წლის 1 ნოემბრამდე გადაუხადოს „მეორე მხარეს“, შეთანხმებულ დავალიანების თანხასთან ერთად, დამატებით პირგასამტეხლო - 10 000 (ათი ათასი) ლარი.
4. ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ხელს შეუწყობენ და არავითარ შემთხვევაში არ შეუშლიან ხელს ერთმანეთს, არ შექმნიან ხელოვნურ ბარიერს წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებაში.
5. „მეორე მხარე“ გარდა წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული თანხებისა, „პირველი მხარის“ სასარგებლოდ უარს აცხადებს სხვა ყველა სახის თანხებზე.
6. წინამდებარე შეთანხმება გამოხატავს მხარეთა ნებას, ის შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად და თითოეული მათგანი გადაეცემა სასამართლოსა და მხარეებს, შესაბამისად მის სისწორესა და ნამდვილობას მხარეები ადასტურებენ შესაბამისი ხელმოწერებით.
II. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;
III. შეწყდეს საქმისწარმოება სს „ვ.პ.ჯ–ას“ სარჩელზე;
IV. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
V. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი