#ას-160-160-2018 27 დეკემბერი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „დ–ე“
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ზ–ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართელოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ზ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ–ის“მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სახელზე გაეცა შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) 2013, 2014, 2015 წლების წლიური ანგარიშები და წლიური ბალანსები; 2016 წლის წლიური ანგარიში მოსარჩელისთვის წარდგენის დღის მიხედვით; 2014 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღისათვის სრული ინფორმაცია საზოგადოების შემოსავლისა და გასავლის შესახებ; 2014 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე საზოგადოების ყველა პუბლიკაცია; ბ) წლიური ანგარიშების შემოწმების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელს - აუდიტორს გააცნოს საზოგადოების სრული დოკუმენტაცია და საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.
2.1. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სახელზე სარჩელში მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.
3. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოტქომბრის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით შპს „დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინება.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხდებით მომართა შპს „დ–ის“ დირექტორმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რის საფუძვლადაც განმცხადებელმა მიუთითა შემდეგი:
8.1. 2017 წლის 30 ივნისს შპს „დ–ესა“ და მ.ზ–ს შორის დაიწყო დავა საზოგადოების საწინააღმდეგო და ზიანის მომტანი ქმედების გამო მ.ზ–ის პარტნიორობიდან გარიცხვის მოთხოვნით.
8.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „დ–ის“ პარტნიორი მ.ზ–ი გაირიცხა საზოგადოებიდან.
8.3. განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში წარდგენილი რომ ყოფილიყო საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან შპს „დ–ისთვის“ იმის დავალდებულება, რომ საზოგადოების უკვე ყოფილ პარტნიორს გააცნოს საზოგადოების ყველა პუბლიკაცია, სრული დოკუმენტაცია, მათ შორის საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტები, უკანონო და ზიანის მომტანია საზოგადოებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
11. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 30 ნოემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებასთან ერთად გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განჩინებით საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა. ამასთან, განმცხადებლის მიერ ახლადაღმოჩენილად მიჩნეული გარემოება მიმართულია სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ვინაიდან სწორედ ამ გადაწყვეტილებით დადგინიდა ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც განმცხადებლის მოსაზრებით არ დადგებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.03.2018 წლის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვისას. აქედან გამომდინარე, განცხადება უზენაესის სასამართლოს მიერ განხილვას არ ექვემდებარება და იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული სსსკ-ის 187.2 (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები) და ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის (მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის) საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი