Facebook Twitter

№ას-182-171-2017 27 დეკემბერი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.პ–ის უფლებამონაცვლე ნ.პ–ი

გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ–ის“ (შემდეგში - შპს, დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) დირექტორის 2006 წლის 30 ივნისის ბრძანებით გ.პ–ი (შემდეგში - დასაქმებული, მოსარჩელე) ბუღალტრის თანამდებობაზე დაინიშნა. 2007 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელემ და მოპასუხემ გააფორმეს შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა 2008 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების 12.5 მუხლის თანახმად კი, თუ ხელშეკრულება არ შეწყდებოდა მე-10 მუხლში მითითებული საფუძვლით, ის ავტომატურად გაგრძელებულად მიიჩნეოდა. ხელშეკრულებით მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 700 ლარით განისაზღვრა.

2. 2014 წლის 31 ოქტომბერს დასაქმებულმა შპს-ს იმჟამინდელ დირექტორს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. საწარმოს დირექტორმა განცხადება დააკმაყოფილა და დასაქმებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2014 წლის 1 ნოემბრიდან.

3. 2014 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შპს-ს დამფუძნებლის წარმომადგენელს, რათა დამფუძნებლებისათვის შეეტყობინებინა, რომ იგი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდა.

4. 2015 წლის 25 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებულ ფაქტებზე დაყრდნობით მოითხოვა 2012 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 21000 ლარისა და დაყოვნებული ყოველთვიური თანხის 0,07%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 20 მაისის ჩათვლით - 9202 ლარის გადახდა.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, მოპასუხეს არ აქვს სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ, რამდენადაც მოსარჩელეს სადავო პერიოდში რეალური შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელ ორგანიზაციასთან არ ჰქონდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი მოპასუხე შპს-ის მიმართ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს დაეკისრა 2012 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 21000 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) მოსარჩელის სასარგებლოდ;

- მოპასუხეს დაეკისრა 9202 ლარის გადახდა (დაყოვნებული ყოველთვიური თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 20 მაისი ჩათვლით) მოსარჩელის სასარგებლოდ.

დავის მოსაწესრიგებლად, სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 976-ე მუხლები გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. აღნიშნული განჩინება დამსაქმებელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით:

9.1. საქმეზე მტკიცების საგანს წარმოადგენდა, მუშაობდა თუ არა მოსარჩელე სადავო პერიოდში მოპასუხე კომპანიაში. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე 2012 წლის მაისიდან 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა შპს-ში. მოპასუხის ახსნა-განმარტებითა და მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია გარემოებები, რომელიც მოსარჩელის მოპასუხესთან მუშაობას გამორიცხავდა, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობის, ბუღალტრული აღრიცხვის, ოფისისა და სამუშაო ადგილის არარსებობა, ბუღალტრის ხელმოწერილი დოკუმენტის არარსებობა, ხელფასების საერთოდ გაუცემლობა და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

9.2. თავად მოსარჩელემაც განცხადება დაწერა, როგორც ბუღალტერმა და დირექტორმაც იგი ბუღალტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე არ მუშაობდა კომპანიის მთავარ ბუღალტრად 700 ლარის შრომის ანაზღაურებით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით შეჩერდა სამოქალაქო საქმისწარმოება აწ გარდაცვლილი მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უფლებამონაცვლის დადგენამდე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ.პ–ი ცნობილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის - გ.პ–ის უფლებამონაცვლედ და საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმისწარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

18. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.

19. მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. (შდრ სუსგ. № ას-922-884-2014, 16.04.2015; Nას-483-457-2015, 07.10.2015) შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა სადავო პერიოდში დაკისრებული შრომით მოვალეობების დასაქმებულის მიერ შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. დამსაქმებელი შემოიფარგლა სიტყვიერი განმარტებებით, მაშინ, როდესაც, მტკიცებულებების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში აღარ იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხის მხარეზე იყო და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა სწორედ მას ხელეწიფებოდა. აღნიშნული მტკიცების რეალიზება მოპასუხე კომპანიამ ვერ უზრუნველყო.

20. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტის - მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის უარსაყოფად დამსაქმებელს არც საკასაციო საჩივრით არ წარმოუდგენია დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები, მაგალითისათვის, კასატორის მტკიცება, რომ მოსარჩელე ბუღალტრად და არა - მთავარ ბუღალტრად მუშაობდა, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. მოცემული დავისათვის აღნიშნული პრეტენზია არაარსებითი იმიტომაა, რომ ორივე თანამდებობაზე ერთი და იგივე ანაზღაურება იყო.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგინდა ფაქტობრივი გარემოება სადავო პერიოდისთვის (2012 წლის მაისიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით) მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო პერიოდში შრომის აუნაზღაურებლობა სადავო არ არის. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1510.1 ლარის, 30%-ის, 453.03 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „გ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 1510.1 ლარის 30%-ის, 453.03 ლარის გადახდა;

3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი