27 დეკემბერი, 2019 წელი, №ას-418-2019 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან მერია) და შპს „გ“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კომპანია ან მენარდე) შორის 2016 წლის 9 ივნისს დაიდო სახელწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მენარდეს ქ. თბილისში, ... გამზირზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების (თარგების) აღდგენა-მოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 684 987.09 ლარით, ხოლო შესრულების ვადა 120 დღით განისაზღვრა.
2. მერიასა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 10 ივნისს დაიდო სახელწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მენარდეს ქ. თბილისში, .... ქუჩაზე არსებული ალეის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 638 988.26 ლარით, ხოლო შესრულების ვადა 120 დღით განისაზღვრა.
3. მენარდეს სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25% სამუშაო ხელშეკრულებათა გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - არანაკლებ 50% სამუშაო უნდა შეესრულებინა. ვალდებულების შესრულების მითითებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეულ დარღვევაზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ით განისაზღვრა.
4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხელშეკრულების ღირებულების არანაკლებ 25%-ის ოდენობის სამუშაოების შესრულების შესახებ, თუმცა, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შეთანხმებული ხარისხით ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთო - 120-დღიან ვადაში შეასრულა.
5. 2016 წლის 19 ივლისს მერიამ კომპანიას წერილობით მიმართა და აცნობა, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის გამო, პირგასამტეხლო ხელშეკრულებათა ღირებულების 1% - 6 849.88 ლარი და 6 389.89 ლარი დაეკისრა, რომელიც მენარდეს შემჭიდროვებულ ვადაში უნდა გადაეხადა.
6. 2017 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს 13 239.77 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ის წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვადის დარღვევით შეასრულა, შესაბამისად, მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო გადაეხადა.
7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება. გარდა ამისა, დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ის გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მერიის სარჩელი მენარდის მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2000 ლარის გადახდა. დავის მოსაწესრიგებლად, სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 30 დღის ვადაში ხელშეკრულებათა არანაკლებ 25 %-ის ღირებულების სამუშაოს შესრულებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საბოლოო ვადების დარღვევის პრევენციას ემსახურებოდა. პალატამ ისიც აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ფაქტი. უფრო მეტიც, უდავო იყო, რომ მენარდემ შეთანხმებული სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 120-დღიან ვადაში, შემკვეთისათვის მისაღები ხარისხით შეასრულა.
10.2. ამასთან, სასამართლომ ისიც გაითვალისწინა, რომ პირგასამტეხლო დაირიცხა არა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, საბოლოოდ წარმატებით შესრულდა. პალატის განმარტებით, სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება კი, არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც სსკ-ის 417-ე მუხლი ითვალისწინებს, მით უფრო, მაშინ, როდესაც, მიუხედავად ეპიზოდური ვადის დარღვევისა, ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მისაღები ხარისხით სრულდება.
11. აღნიშნული განჩინება მერიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით :
11.1. მენარდემ საკუთარი ნებით მიიღო ტენდერში მონაწილეობა და ხელშეკრულებათა დადებისას მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ის პირობები და შედეგები, რომელიც ხელშეკრულებათა დარღვევას მოჰყვებოდა. მხარეს ისინი სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა. ხელშეკრულებები კი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა - შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან. გაუგებარია, რატომ უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ნაწილიდან, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით სხვაგვარად იყო განსაზღვრული.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
18. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიმწოდებლის მხრიდან დარღვევის უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა (2 000 ლარი) ადეკვატურ ოდენობად მიაჩნია. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერმოთხოვნილიოდენობისპირგასამტეხლოსთანაზომიერებავალდებულების დარღვევასთან მიმართებით.სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (შდრ. ას-144-140-2016, 2016 წლის 19 აპრილის განჩინება)“.
20. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებისას მართებულად გაითვალისწინა ფაქტები, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან და მიუხედავად შუალედური ვადის დარღვევისა, ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მისაღები ხარისხით შესრულდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დარღვევის სიმძიმის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად სწორად განსაზღვრა 2 000 ლარი.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, Nას-800-756-2015).
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი