№ას-565-565-2018 31 ოქტომბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ე.ც–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ..... საჯარო სკოლა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.ც–ი (შემდეგი - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2004 წლის 20 სექტემბრიდან მუშაობდა სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ .... საჯარო სკოლის (შემდეგში - სკოლა, მოპასუხე ან დამსაქმებელი) დაწყებითი კლასის მასწავლებლად (იხ. ბრძანება. ს.ფ. 16. ტ.1).
2. მხარეებს შორის იმავე თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე 2011 წლის 1 სექტემბრის, 2012 წლის 1 სექტემბრის, 2013 წლის 1 სექტემბრისა და 2014 წლის 1 სექტემბრის შრომით ხელშეკრულებებს მოსარჩელემ ხელი არ მოაწერა, თუმცა იღებდა ანაზღაურებას და 2014 წლის ნოემბრის ბოლომდე ირიცხებოდა სკოლის პედაგოგად (იხ. ს.ფ. 107-125. ტ.1).
3. სკოლის დირექტორის 2014 წლის 2 სექტემბრის #3 და #8 ბრძანებით, მოსარჩელეს მიეცა 14 საგაკვეთილო საათი და დაევალა მე-3 კლასის ხელმძღვანელობა (იხ. ბრძანებები, ს.ფ. 99-101. ტ.1).
4. სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის 2014 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სკოლის დირექციისაგან მოსარჩელისათვის უფლებამოსილების შეჩერებისა და მისი სკოლიდან გათავისუფლების შესახებ საკითხის დაყენება იქნა მოთხოვნილი (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ 55. ტ.1).
5. სკოლის დირექტორის 2014 წლის 26 ნოემბრის #19 ბრძანებით (შემდეგში სადავო ბრძანება), სკოლაში გამოუცხადებლობისა და გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენის გამო, მოსარჩელეს დისციპლინურ სახდელი სამსახურიდან გათავისუფლება დაეკისრა (იხ. ბრძანება ს.ფ. 54 ტ.1).
6. სკოლის საქმისმწარმოებლის 2014 წლის 1 დეკემბრის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ სადავო ბრძანების ჩაბარების მიზნით გამოცხადდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა მოსარჩელის დედა, რომელსაც გააცნო ბრძანების შინაარსი, მაგრამ ჩაბარებაზე უარი განაცხადა (იხ. ახსნა-განმარტება, ს.ფ. 61. ტ.1).
7. მოსარჩელეს პირადი საქმე 2016 წლის 25 თებერვალს გადაეცა (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 128. ტ.1).
8. მოსარჩელე 2016 წლის 2 თებერვლიდან მუშაობს შპს „ხ–თან“ არსებულ დამოუკიდებელ სკოლა „მ–ში“ დაწყებითი კლასების გახანგრძლივებულ ჯგუფსა და I-IX კლასებში მუსიკის მასწავლებლად (იხ. ცნობა, ს.ფ. 181. ტ.1).
9. 2016 წლის 25 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის, 8000 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძველი სიცრუეს ემყარება, რადგან დირექტორმა არ მისცა საშუალება, გამოცხადებულიყო სამსახურში და შეესრულებინა მასწავლებლის მოვალეობა.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა.
11. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
12. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13.1. სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის საფუძვლით გათავისუფლდა.
13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დარღვეული უფლების შესახებ 2016 წლის თებერვალში შეიტყო, როცა პირადი საქმე ჩაიბარა სკოლაში. პალატამ ისიც გაითვალისწინა, რომ სადავო ბრძანების გასაცნობად სკოლის საქმისმწარმოებელი 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში და ბრძანება გააცნო დედამისს, ვინაიდან მოსარჩელე სახლში არ იმყოფებოდა. ამ დროიდან, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ და მას სასამართლოსთვის უნდა მიემართა ერთი თვის მანძილზე.
14. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14.1 კასატორის მტკიცებით, ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ ჩაჰბარებია. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, რაც იმით გამოიხატა, რომ, თითქოს სადავო ბრძანება მას 2016 წლის თებერვალში ჩაჰბარდა, 2014 წლის 1 დეკემბერს კი - შინაარსი ეცნობა დედამისს.
14.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილი, სკოლის კოლექტივის ურთიერთგამომრიცხველი, ურთიერთსაწინაღმდეგო და მიკერძოებული განცხადებები დაუდო საფუძვლად. სიცრუეა, რომ 2014 წლის 2 სექტემბერს სკოლის გადაწყვეტილებით მიეცა 14 საათი და დაევალა მე-3 კლასის ხელმძღვანელობა, მაშინ, როცა სექტემბრის დასაწყისში განცხადებით მიმართა შესაბამის ორგანოებს საგაკვეთილო საათებისა და სადამრიგებლო კლასის მოთხოვნით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.
20. დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა სშკ-ის, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43.2 მუხლის, სკოლის შინაგანაწესის 19.8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და სკოლის სამეურვეო საბჭოს და დისციპლინური კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც ვალდებულების უხეშ დარღვევას გულისხმობს. მოპასუხის მტკიცებით, უხეში დარღვევა მოსარჩელის სკოლაში გამოუცხადებლობითა და გაკვეთილების გაცდენით გამოიხატა, რაც ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით დადგენილი ქცევის სტანდარტების ისეთი უხეში დარღვევაა, რომელიც მისთვის ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას გამორიცხავდა.
21. საკასაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების უხეშად დარღვევის შესახებ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას.
22. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი, რომელიც, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება თითოეულ მხარეს და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და, ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამსაქმებელი ვალდებული იყო, ემტკიცებინა მოსარჩელის მიერ იმ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რომელიც ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. სამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილია სკოლის პედაგოგების მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებები, სადაც მოსარჩელის მიერ არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობისა და გაკვეთილების გაცდენის ფაქტებია აღწერილი (იხ. ს.ფ. 63; 65; 68; 72; 76. ტ.1) საქმის მასალებში არსებობს ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდენის გამო, მისთვის უფლებამოსილების შეჩერებისა და სკოლიდან გათავისუფლების საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 55. ტ.1). გარდა ამისა, რაიონულ სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს სადავო ბრძანებაში მითითებული ფაქტები. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი გამოკვლევის შედეგად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დგინდება.
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასთან და დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის არარსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასეს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენება და მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის ფაქტი მართებულად დაადგინეს.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება კეთილსინდისიერად გამოიყენა, სახელდობრ: მომსახურების გამწევ ისეთ საპასუხისმგებლო ადგილზე, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოს გულისხმიერად, კეთილსინდისიერად და მაღალი ეთიკური სტანდარტით შესრულების ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პალატა დასაქმებულის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ დასაქმებულმა საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების ისეთი უხეში დარღვევა ჩაიდინა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აბსოლუტური საფუძველია.
27. საკასაციო სასამართლო, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც იზიარებს საპელაციო პალატის დასკვნას და აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 2014 წლის 1 დეკემბერს, ხოლო, 2016 წლის თებერვალში ჩაიბარა პირადი საქმე, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად. სშკ-ის 38.6-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეს 2016 წლის თებერვალში გადაეცა, თუმცა სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2016 წლის ნოემბერში, ანუ კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და მართებულად იქნა უარყოფილი.
29. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ე.ც–ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის, გადახდის თარიღი 18.05.2018) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი