Facebook Twitter

№ას-584-584-2018 28 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – მ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – დ.ა–ა, გ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2009 წლის 4 მარტს დ.ა–ას (შემდეგში - პირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე), გ.გ–ძესა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მ.ნ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) შორის, ქალაქ ზესტაფონში, ...... მდებარე 502 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (შემდეგში - მოპასუხის მიწის ნაკვეთი), ერთობლივი სახსრებით შენობა/ნაგებობის აშენების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მშენებლობის დამთავრების შემდეგ ეს შენობა/ნაგებობები მხარეებს თანასაკუთრებაში გადაეცემოდათ, ხოლო მის მართვაზე, სარგებლობასა და განკარგვაზე ერთობლივად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 15. ტ.1).

2. 2009 წლის 4 მარტიდან 2009 წლის ოქტომბრამდე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების ფართობმა 94.5 კვ.მ შეადგინა, ხოლო მოგვიანებით მიწის ნაკვეთს 48 კვ.მ ნაგებობა დაემატა და საერთო ჯამში #1 განაშენიანების ფართი 94.5 კვ.მ, ხოლო #2 განაშენიანების ფართობი 48 კვ.მ გახდა (შემდეგში - სადავო ქონება), (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 25-28. ტ.1).

3. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 142.5 კვ.მ შენობა-ნაგებობები მოსარჩელეთა ხარჯით აშენდა.

4. შპს „ლ.ა–ის“ 2015 წლის 23 ივლისის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა დანახარჯებით აგებული, მოპასუხის კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება - 70 000 ლარია (იხ. დასკვნა, ს.ფ. 29. ტ.1).

5. 2009 წლის 9 ოქტომბერს მოპასუხესა და სს „ბ.რ–კას“ (შემდეგში - ბანკი) შორის კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად მოპასუხემ წლიური 24%-იანი სარგებლით - 20 000 აშშ დოლარი ისესხა, ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად კი, 2009 წლის 12 ოქტომბერს იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება. ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრეს მოსარჩელეებმა და ზ.მ–ძემ (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 16- 23. ტ.1).

6. 09.10.2009 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს 2009 წლიდან 2013 წლამდე მოსარჩელეები ასრულებდნენ, მთლიანად გადაიხადეს - 20 000 აშშ დოლარი.

7. 2015 წლის 27 ივლისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის მიმართ და ამ უკანასკნელისათვის მათ სასარგებლოდ - 46 670 ლარის დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, საკუთარი სახსრებით ააშენეს შენობა-ნაგებობა, ასევე გაისტუმრეს ბანკის წინაშე მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და რაიმე ხარჯი არ გაუწევიათ ამას ისიც ადასტურებდა, რომ 2009 წლის ოქტომბერში დასრულდა შენობა/ნაგებობების რეგისტრაცია მოპასუხის სახელზე და მოსარჩელეებს ამ ფაქტის მიმართ პრეტენზია არ განუცხადებიათ. მართალია, სესხი გამოტანილ იქნა მოპასუხის სახელზე, მაგრამ აქედან მას მხოლოდ 6 000 აშშ დოლარი გადაეცა, დანარჩენი მოსარჩელეებმა აიღეს. ამდენად, არ დასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.

9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, 46 670 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 930-ე, 932-ე, 935-ე, 932.2, 939.2, 940-ე და 976.1 მუხლები გამოიყენა.

10. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

11.1. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებებით (მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, მოწმეთა ჩვენებებითა და აპელანტის განმარტებით) დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის/აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2009 წლის 4 მარტის შემდეგ, 142.5 კვ.მ შენობა/ნაგებობა მოსარჩელეთა ხარჯით აშენდა.

11.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2009 წლის 4 მარტის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებას, ვინაიდან მხარეებს ამხანაგობის მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები, მართვის ორგანოთა სტრუქტურა და ფუნქციები, მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესი/პირობები, ხელშეკრულებიდან გასვლის წესი, საქმიანობის ხანგრძლივობა, ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესი არ შეუთანხმებიათ. პალატის დასკვნით, ეს იმას ნიშნავდა, რომ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე მხარეები არ შეთანხმებულან, შესაბამისად, მათ შორის ხელშეკრულება არ დადებულა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელეებმა აპელანტის კუთვნილ ქონებაზე ხარჯი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაწიეს, რის შედეგადაც ქონება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შესაბამისად, მოპასუხე მოსარჩელეთა ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

11.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხის ვალის გასასტუმრებლად ბანკს 20 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, აპელანტს არცერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. პირიქით, მან ეს გარემოება დაადასტურა კიდეც, ოღონდ მიუთითა, რომ სესხად აღებული 20 000 აშშ დოლარიდან 14 000 აშშ დოლარი, მათვე ეკუთვნოდათ, რისი დადასტურებაც აპელანტმა ვერ შეძლო. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა/თავდებებმა ბანკის მიმართ, მოვალის/აპელანტის ვალდებულება შეასრულეს, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის/გადახდილი ვალის ნაწილში, მოსარჩელეებზე გადავიდა ბანკის მოთხოვნა აპელანტის მიმართ.

11.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის კუთვნილი შენობა ხელშეკრულების დადების შემდეგ აშენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი მოსარჩელეთა ხარჯზე გამდიდრდა - 70 000 ლარით, ეს თანხა მოსარჩელეთა მოთხოვნას აღემატებოდა.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

12.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში არ იყო რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა, რაკი ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველი არსებობდა.

12.2. კასატორის მითითებით, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა მონაწილეობა მშენებლობაში, არც მას არ დაუდასტურებია ეს გარემოება არცერთ სასამართლო სხდომაზე.

12.3. კასატორის მითითებით, ბანკიდან აღებული სესხიდან, 20 000 აშშ დოლარიდან 14 000 აშშ დოლარი, მოსარჩელეებმა ისესხეს, შესაბამისად, მათ თავიანთი და არა მოპასუხის ვალდებულება შეასრულეს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების არარსებობის მიუხედავად, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე 142.5მ2 ფართის შენობა მოსარჩელეებმა საკუთარი სახსრებით ააშენეს. მოპასუხეს მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა გაისტუმრეს მოპასუხის მიერ ბანკიდან აღებული სესხი.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნა სსკ-ის 987.1 მუხლიდან (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა), ხოლო კრედიტორის წინაშე თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებით წარმოშობილი მოსარჩელეთა მოთხოვნა სსკ-ის 905-ე (თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება) მუხლიდან გამომდინარეობს.

19. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე“... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“.

20. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გამდიდრდა, ვინაიდან მან მიიღო მოსარჩელეების ხარჯით გაუმჯობესებული ქონება. სსკ-ის 987.3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებებზე კასატორი არ მიუთითებს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, გაწეული დანახარჯი აუნაზღაუროს მოსარჩელეებს (შდრ. სუსგ-ები # ას-1193-1122-2015, 31.05.2016; #ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472-448-2013, 05.12.2013).

21. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელეებს მშენებლობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და ყველაფერს საკუთარი სახსრებით აკეთებდა. საკასაციო სასამართლო ამ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მათ მიერ ხარჯის გაწევა დაადასტურეს მოწმეთა ჩვენებებითა და აუდიტის დასკვნით. მოპასუხეს, გარდა იმისა, რომ მითითებულ მტკიცებულებათა გამაბათილებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, სარჩელის წინააღმდეგ კვალიფიციური შესაგებელიც არ შეუტანია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო შენობა/ნაგებობა სწორედ მოსარჩელეთა ხარჯით აშენდა, შესაბამისად, მოპასუხემ მიიღო მოსარჩელეების ხარჯით გაუმჯობესებული ქონება, რითაც ეს უკანასკნელი გამდიდრდა. ამდენად, ამ ქონებაზე გაწეული დანახარჯი მოსარჩეელეებს მან უნდა აუნაზღაუროს.

23. მოსარჩელეები მოითხოვენ ასევე მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრებას, რომელიც მათ ბანკს გადაუხადეს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ეს მოთხოვნა, როგორც ითქვა, სსკ-ის 905-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ეს ნორმა ადგენს ძირითადი მოთხოვნის კანონიერ გადასვლას თავდებზე, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში. კრედიტორის მოთხოვნა თავდებზე გადადის ავტომატურად (კანონის ძალით) და დამატებითი შეთანხმება არ მოითხოვება. ძირითადი მოთხოვნა თავდებზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო კრედიტორის ხელში (სსკ-ის 198.1 მუხლი). აქედან გამომდინარე, ძირითად მოვალესა და კრედიტორს შორის არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში თავდები იკავებს კრედიტორის ადგილს.

24. სსკ-ის 905-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის გადასვლის წინაპირობებია: ა) ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა და ბ) თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილება. მოცემულ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელეებმა, როგორც თავდებმა პირებმა, დააკმაყოფილეს კრედიტორი (ბანკი), კერძოდ, შეასრულეს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება - დაფარეს კრედიტი, მათზე გადავიდა ბანკის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ, რომლის რეალიზაციაც სსკ-ის 867-ე და 623-ე მუხლების საფუძველზეა შესაძლებელი.

25. მოთხოვნის ამ ნაწილში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მისი სახელით გამოტანილი სესხის (20 000 აშშ დოლარის) ნაწილი, 14 000 აშშ დოლარი, მოსარჩელეებმა ისესხეს და ვალდებულნიც იყვნენ დაებრუნებინათ ეს თანხა. ამით კასატორს იმის თქმა სურს, რომ მოსარჩელეებმა არა მოპასუხის, არამედ საკუთარი ვალი გაისტუმრეს.

26. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან მან ვერ დაამტკიცა, რომ 14 000 აშშ დოლარი ბანკისგან არა მან, არამედ მოსარჩელეებმა ისესხეს. საკასაციო პალატა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზეპირი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით ვერ დადგინდება (სსსკ-ის 624-ე მუხლი). სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელეთა მიერ სესხის აღების ფაქტი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დაკმაყოფილებული მოთხოვნის/გადახდილი ვალის ნაწილში, მოსარჩელეებზე გადავიდა ბანკის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ (სსკ-ის 905-ე მუხლი - თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ).

27. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, სახელდობრ, საქმეში არ იყო რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის სხდომის ოქმი და განმარტავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი საქმეში სასამართლო სხდომის ოქმის არარსებობაა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდებოდა, კერძოდ, ზემოაღნიშნული სხდომის ოქმი მატერიალური სახით ერთვოდა საქმეს (იხ. ს.ფ. 322-334. ტ.1), ხოლო, რაც შეეხება სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერს, საქმეს არ ერთვოდა ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც გამოსწორდა სააპელაციო სასამართლოსათვის აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის გადაგზავნისა და საქმეზე დართვის გზით (იხ.ს.ფ. 133. ტ.3), შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია უსაფუძვლოა.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2333 ლარის (300 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 21.05.2018; 300 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 16.06.2018; 1733 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 23.07.2018; ) 70% – 1633.1ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.ნ–ძეს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2333 ლარის (300 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 21.05.2018; 300 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 16.06.2018; 1733 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 23.07.2018; ) 70% – 1633.1ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი