30 იანვარი, 2019 წელი,
№ას-367-367-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
კასატორი - შპს „ა–ი“, შპს „ა–ის“ წარმომადგენლობა საქართველოში
წარმომადგენელი - თ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ფ.ი.ი.ს.თ–ის“ ფილიალი საქართველოში, სს „ფ.ი.ი.ს.თ“
წარმომადგენლები - ა.კ–ი, თ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით:
- საქართველოში სს „ფ.ი.ი.ს.თ–ის“ ფილიალის და სს „ფ;ი.ს.ვ.თ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
- შპს „ა–ის“ საქართველოს წარმომადგენლობასა და შპს „ა–ს“ სოლიდარულად დაეკისრათ 1 069 589.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
6. 2018 წლის 31 მაისს მხარეებმა საკასაციო სასამართლოში ერთობლივი განცხადებით წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმისწარმოების შეწყვეტა.
7. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:
7.1. ერთი მხრივ, სს „ფ.ი.ი.ს.თ.“ (ს/კ .....) და სს „ფ.ი.ი.ს.თ–ის“ ფილიალი საქართველოში (ს/კ .....), (ორივე ერთად შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ფ–ი“) და, მეორე მხრივ, შპს „ა–ი“ (.....) და შპს „ა–ის“ წარმომადგენლობა საქართველოში (.....) (ორივე ერთად შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ა–ი“) მორიგდნენ შემდეგზე:
7.2. მხარეები ადასტურებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე #ას-367-367-2018, „ფ–ის“ სარჩელზე, „ა–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
7.3. მხარეები თანხმდებიან, რომ უნდა შეწყდეს სამოქალაქო საქმის #ას-367-367-2018 წარმოება და დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
7.3.3. „ა–მა“ გადაუხადოს „ფ–ს“ 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით) წინამდებარე მორიგების აქტზე ხელისმოწერიდან 1 (ერთი) საბანკო დღეში, შემდეგ საბანკო ანგარიშზე - სს „ს.ბ.“, ანგარიშის ნომერი: GE58....;
7.3.4. გაუქმდეს მხარეთა შორის 13.07.2011 წლის N303 ნარდობის ხელშეკრულება, ასევე, 12.03.2014 წლის შეთანხმება და ამ უკანასკნელით გათვალისწინებული 5 (ხუთი) - წლიანი საგარანტიო მომსახურების ვალდებულება;
7.3.5. საქართველოს უზენაეს სასამართლოში „ა–ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, მხარეები იღებენ ვალდებულებებს (თანხმდებიან), საქმე დაასრულონ მორიგებით, წინამდებარე მორიგების აქტის პირობებით, რის საფუძველზედაც, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და მხარეები სთხოვენ სასამართლოს შესაბამისი განჩინებით დაამტკიცოს მათ შორის გაფორმებული მორიგების აქტი;
7.3.6. „ა–ი“ იღებს ვალდებულებას, ამ აქტზე ხელმოწერისთანავე გამოიხმოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანილი სარჩელი;
7.3.7. მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ორივე მხარე თანხმდება, რომ ამ მორიგების აქტში მითითებულ დავებთან დაკავშირებით, მათ ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზიის უფლება აღარ ექნებათ;
7.3.8. მორიგების აქტით დადგენილი გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, უქმდება მხარეთა შეთანხმება გადასახდელი თანხის ოდენობაზე და „ფ–ი“ უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა მორიგების აქტის 1.2. პუნქტში მითითებული შემდეგი თანხებით - 1 069 589.65 (ერთი მილიონ სამოცდაცხრა ათას ხუთას ოთხმოცდაცხრა დოლარისა და სამოცდახუთი ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის, 5 000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბაჟისა და 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების იძულებითი წესით აღსასრულებლად.
7.3.9. „ა–ის“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, თუ „ფ–ი“ არ შეასრულებს მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს - უზენაეს სასამართლოში უარს იტყვის საქმის მორიგებით დასრულებაზე, ასეთ შემთხვევაში, „ფ–ი“ ვალდებულია, „ა–ს“ უპირობოდ უკან დაუბრუნოს გადახდილი თანხა, მოთხოვნიდან სამი საბანკო დღის ვადაში და „ა–ი“ იტოვებს უფლებას, გააგრძელოს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან გამოხმობილი სარჩელის ხელახალი შეტანით;
7.3.10. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შეასრულონ;
7.3.11. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, პირნათლად და კეთილსინდისიერად შეასრულონ ამ მორიგების აქტით დადგენილი პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ თანხმობას, სათანადო ორგანოს მიერ განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
10. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
11. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 83-ე, 49-ე, 257.1, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ უნდა შეწყდეს სამოქალაქო საქმის (#ას-367-367-2018) წარმოება და დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
1.2. „ა–ი“ გადაუხდის „ფ–ს“ 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით) წინამდებარე მორიგების აქტზე ხელისმოწერიდან 1 (ერთი) საბანკო დღეში, შემდეგ საბანკო ანგარიშზე - სს „ს.ბ.“, ანგარიშის ნომერი: GE58......;
1.3. გაუქმდეს მხარეთა შორის 13.07.2011 წლის N303 ნარდობის ხელშეკრულება, ასევე, 12.03.2014 წლის შეთანხმება და ამ უკანასკნელით გათვალისწინებული 5 (ხუთი) - წლიანი საგარანტიო მომსახურების ვალდებულება;
1.4. საქართველოს უზენაეს სასამართლოში „ა–ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, მხარეები იღებენ ვალდებულებებს (თანხმდებიან), საქმე დაასრულონ მორიგებით, წინამდებარე მორიგების აქტის პირობებით, რის საფუძველზედაც, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს და მხარეები სთხოვენ სასამართლოს, შესაბამისი განჩინებით დაამტკიცოს მათ შორის გაფორმებული მორიგების აქტი;
1.5. „ა–ი“ იღებს ვალდებულებას ამ აქტზე ხელმოწერისთანავე გამოიხმოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანილი სარჩელი;
1.6. მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ორივე მხარე თანხმდება, რომ ამ მორიგების აქტში მითითებულ დავებთან დაკავშირებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიის უფლება აღარ ექნებათ;
1.7. მორიგების აქტით დადგენილი გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, უქმდება მხარეთა შეთანხმება გადასახდელი თანხის ოდენობაში და „ფ–ი“ უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა მორიგების აქტის 1.2. პუნქტში მითითებული შემდეგი თანხებით - 1 069 589.65 (ერთი მილიონ სამოცდაცხრა ათას ხუთას ოთხმოცდაცხრა დოლარი და სამოცდახუთი ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის სახელმწიფო ბაჟისა და 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების იძულებითი წესით აღსასრულებლად.
1.8. „ა–ის“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, თუ „ფ–ი“ არ შეასრულებს მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს - უზენაეს სასამართლოში უარს იტყვის საქმის მორიგებით დასრულებაზე, ასეთ შემთხვევაში, „ფ–ი“ ვალდებულია, „ა–ს“ უპირობოდ უკან დაუბრუნოს გადახდილი თანხა, მოთხოვნიდან სამი საბანკო დღის ვადაში და „ა–ი“ იტოვებს უფლებას, გააგრძელოს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან გამოხმობილი სარჩელის ხელახალი შეტანით;
1.9. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შეასრულონ;
1.10. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, პირნათლად და კეთილსინდისიერად შეასრულონ ამ მორიგების აქტით დადგენილი პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ თანხმობას, სათანადო ორგანოს მიერ განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
3. შეწყდეს საქმისწარმოება სს „ ფ.ი.ი.ს.თ–ის“ სარჩელზე;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
5. კასატორ შპს „ა–ს“ (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8 000 ლარი (საგადახდო დავალება N10 (გადახდის თარიღი 15.06.2017), საგადახდო დავალებები N67, N68, N69, N70, N71, N72, N73, გადახდის თარიღი 17.11.2017);
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი