საქმე №ას-26-2020 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე სს „თ.ბ–ის“ სარჩელისა გამო, ო.უ–სა და ე.გ–ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების სოლიდარულად გადახდევინების თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, სს „თ.ბ–ის“ მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება ო.უ–ოსა და ე.გ–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც საქმის მასალებს არ შეესაბამება და ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია ფორმალურად, საქმის შედეგის შესახებ ინფორმაციის უქონლობის გამო. კერძოდ, საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, სს „თ.ბ–ის“ სარჩელი ო.უ–სა და ე.გ–ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების სოლიდარულად გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ო.უ–სა და ე.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საკასაციო საჩივარში, კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია საქმის განხილვის შედეგი, შესაბამისად, სახეზეა ისეთი ვითარება, როცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მხარე, რომლის სასარგებლოდაცაა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც დაუშვებელია. მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც საკასაციო გასაჩივრების სუბიექტებს შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებას ანიჭებს საქმეში მონაწილე ნებისმიერ მხარეს (მოსარჩელე, თანამოსარჩელე, მოპასუხე და თანამოპასუხე), მაგრამ კანონის აღნიშნული ნორმა ზოგადად განსაზღვრავს ამ სუბიექტებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ანალოგია, რაც გულისხმობს სადავო ურთიერთობის მოწესრიგებას მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონის ან კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეს, რომლის სასარგებლოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, უფლება არა აქვს გაასაჩივროს იგი ზემდგომი წესით. ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს პირს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. დასკვნა, რომელიც ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, მდგომარეობს შემდეგში: თუკი მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მისი უფლება არ დარღვეულა და სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მისი დავა, მას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღარ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივი შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ იგი არასწორი და კანონშეუსაბამოა, საკასაციო სასამართლო ვერ გააუქმებს და ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს იქნება კასატორის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლიდან გამომდინარე დაუშვებელია. ამდენად, მხარეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება მთლიანად, თუ იგი მის წინააღმდეგაა გამოტანილი, ან იმ ნაწილში, რომელიც მის წინააღმდეგაა მიღებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის არსი წარმოადგენს არა პირის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, არამედ ორიენტირებულია იმ პირის/პირთა უფლებების დაცვაზე (გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება), რომელთა მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილით - სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი უფლებები და/ან მოვალეობები. ამასთან, ეს მუხლი არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სს ,,თ.ბ–ს'' პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მის მიმართ დადგენილ შედეგზე არ გააჩნია, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების მქონედ ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 2591-ე და 391-ე მუხლების მიზნიდან გამომდინარე, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე