Facebook Twitter

№ას-86-2020 04 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ქ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც. გ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ც.გ–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) წარადგინა სარჩელი გ.ქ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე: ზუგდიდი, სოფელი …., წმინდა …, ს/კ: ….. და აღნიშნული ქონება მოსარჩელეს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ.54-60; განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, ს.ფ.61,62). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

5. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

6. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით:

სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

7. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს - ნ.კ–ას 2019 წლის 23 დეკემბერს (იხ.: უკუგზავნილი, ს.ფ.147). საქმეში წარმოდგენილია გ.ქ–ას მიერ ნ.კ–აზე გაცემული ვადაში მოქმედი რწმუნებულება გასაჩივრების უფლებით (ტ.1, ს.ფ.82).

სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ამდენად, დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2019 წლის 23 დეკემბერს.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

შესაბამისად, კასატორისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 24 დეკემბერს და ამოიწურა 2020 წლის 13 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იქნა ფოსტის მეშვეობით. საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა მხოლოდ 20.01.2020წ., ანუ, სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით.

პალატა აქვე დამატებით განმარტავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში უშუალოდ მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად უთითებს 25 დეკემბერს (ს.ფ.151). მართალია, გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყება უკავშირდება უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებას, პალატა მაინც აღნიშნავს, რომ კასატორს საკასაციო საჩივრის წარმოდგენის 21 დღიანი ვადა ამ თარიღიდანაც გაშვებული აქვს.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას- 936-2019, 25 ივნისი, 2019 წელი).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

12. საკასაციო საჩივარს ერთვის 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2020 წლის 20 იანვრის # 8960880127 საგადახდო დავალებით ნ.კ–ას მიერ გადახდილი 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ქ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. გ.ქ–ას (პ/ნ …..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ.კ–ას მიერ სს "საქართველოს ბანკის" მეშვეობით შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი 300773150, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, 20.01.2020წ. - გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება: 8960880127).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე