გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-470-118-კს-03 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 31 ივლისს კერძო საჩივრის ავტორმა ფიზიკურმა პირებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 1997წ. ¹12.98.752 დადგენილების, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მონაცემებისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაუქმება, ასევე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება. 2003წ. 4 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რასაც არ დაეთანხმა საოლქო სასამართლო და სასამართლოთა შორის სარჩელის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად, საქმე გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2003წ. 27 ოქტომბერს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოითხოვეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერება, ასევე სსკ-ს 198-ე მუხლის 1-2 ნაწილის შესაბამისად, ქონების დაყადაღება და მოპასუხეებისათვის გარკვეული ქმედებების განხორციელების აკრძალვა.
განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ განსახილველად ასევე გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებით განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს იმ მოტივით, რომ საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფაზე, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პალატა ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის წამოჭრილ დავას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:
სსკ-ს 193-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განცხადების შეტანის დღესვე, მოპასუხის შეუტყობინებლად განიხილება სარჩელის განმხილველი სასამართლოს მიერ. ვინაიდან სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა ჯერ გადაწყვეტილი არ არის და სარჩელი განსჯადობით განსახილველად არ დაქვემდებარებია არც თბილისის საოლქო და არც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოსარჩელეთა წარმომადგენლებს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდა კერძო საჩივრის წესით. კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მათი განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, საქმე გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეთა წარმომადგენლების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სსკ-ს 193-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად _ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 3 დეკემბრის განჩინებით გადაწყდა სარჩელის განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავა და თავად სარჩელი, რომლის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებასაც ეხება განსახილველი კერძო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, განსახილველად განსჯადობით დაექვემდებარა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს. ამასთან საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორები განცხადებაში ითხოვენ სარჩელის უზრუნველყოფის სახით სადავო ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერებას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსჯადი სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების თანამდევი შედეგი და სარჩელის უზრუნველყოფის კანონისმიერი ღონისძიებაა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. წარმომადგენლების ხ. დ-ისა და თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმესთან ერთად განსახილველად განსჯადობით გადაეცეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.