საქმე №ას-1136-2019 20 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.ჯ–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ა–ძის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით საქმეში არასათანადო მოსარჩელე ლ.ჯ–ა შეიცვალა სათანადო მოსარჩელით მ.მ–ძით (შემდგომში − „მოსარჩელე“).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
5. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება აპელანტს ჩაბარდა სატელეფონო აქტის მეშვეობით 2019 წლის 15 აპრილს.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 16 აპრილს და ამოიწურა 2019 წლის 30 აპრილს. თუმცა აპელანტს ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოუფხვრია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა.
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, აპელანტისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იყო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება;
13.2. 2019 წლის თებერვლის თვიდან არსებითად შეიცვალა აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც 5 მარტიდან 7 მარტამდე იგი იმყოფებოდა ჩ–ძის სახელობის კარდიოლოგიურ ცენტრში, სადაც ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო კვლევა. საბოლოო დიაგნოზი იყო არასტაბილური სტენოკარდია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება (მძიმე ფორმით) და რეკომენდირებული იქნა ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული ჩარევა ვერ განხორციელდა, რადგან აპელანტის მდგომარეობა დამძიმდა. მარტში აპელანტს დაუდგინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი კიდევ ერთი დიაგნოზი: ქრონიკული გასტრიტი, ეროზიული დუოდენიტი და ეზოფაგიტი. მკურნალობის ფონზე მდგომარეობის გაუარესების შედეგად აპელანტი 17 მარტიდან 20 მარტამდე იმყოფებოდა ი. ღ–ის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, დიაგნოზით: მძიმე ფორმის ანემია და ენცეფალოპათია (რაც თავის ტვინის დაზიანების სინდრომია), გულის ქრონიკული უკმარისობა, მიტრალური სარქვლის მძაფრი ნაკლოვანება, ეროზიული გასტროდუოდენიტი და შაქრიანი დიაბეტი;
13.3. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ფონზე აპელანტმა ვერ შეძლო საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვა. მას ფიზიკურად არ შეეძლო შეევსო ხარვეზი, რის გამოც უგულვებელყოფილი იქნა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული გარემოებები და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაშვება უნდა მიიჩნიოს საპატიოდ.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. დადგენილია, რომ აპელანტს 2019 წლის 15 აპრილს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ (იხ. ტ.1. ს.ფ. 147).
18. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2019 წლის 30 აპრილს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
19. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო, შესაბამისად, სასამართლომ გაშვებული საპროცესო ვადა უნდა მიიჩნიოს საპატიოდ და აღადგინოს იგი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ განაპირობებს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი არაა და არც კერძო საჩივარს ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის განმავლობაში (2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით) აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რაც მის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას შეუძლებელს გახდიდა. კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე