Facebook Twitter

საქმე №ას-1316-2019 20 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ე-პ.ჯ–ამ“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ–ის“ (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 1053.13 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1053 ლარისა და 13 თეთრის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება იყო 1053 ლარი და 13 თეთრი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და მიუთითა, რომ, რადგან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ სასამართლოს უნდა დაეშვა და განეხილა სააპელაციო საჩივარი, რადგან დავა იყო სპეციფიკური და იგი არ წარმოადგენდა ზოგადი ხასიათის ქონებრივ-სამართლებრივ დავას. სააპელაციო პალატის მითითებით, დავა სწორედაც რომ ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათის იყო, რადგან მოსარჩელის ინტერესს მოპასუხისაგან ქონებრივი სარგებლის, კერძოდ, მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების მიღება წარმოადგენდა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემული დავა არის სპეციფიკური ხასიათის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის ზოგადი განმარტებით მხარეს ერთმევა უფლება იდავოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. ამავე დროს, კერძო საჩივრის ავტორი მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

15. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1053 ლარისა და 13 თეთრის გადახდა.

16. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1. ს.ფ. 214-226).

17. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ნორმის განმარტებით ირკვევა, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1053 ლარითა და 13 თეთრით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა დაეკისრა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მოცემული დავის სპეციფიკური ხასიათის გამო სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის ზოგადი განმარტება.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავა ქონებრივი ხასიათის დავაა, ვინაიდან ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი.

22. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ ამ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე