Facebook Twitter

საქმე №ას-422-2019 18 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.ა–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ა–ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მზღვეველი) მიმართ, მოპასუხისათვის 4 194,75 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 23 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, შეისყიდა საკუთარ ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაზღვევის მომსახურება. 2017 წლის 7 აგვისტოს დაზღვეულ ავტომანქანას, ქუთაისი-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე მოძრაობის დროს, მოხვდა სხვა ავტომანქანის მიერ ასხლეტილი ქვა. მძღოლის მიერ ვიზუალური დათვალიერების შედეგად ნივთს დაზიანებები არ აღმოაჩნდა. 2017 წლის 8 აგვისტოს, მივლინებიდან მძღოლის დაბრუნების შემდგომ მან შეამჩნია ხმაური მანქანის სავალი ნაწილიდან, რის გამოც, ტექნიკური დათვალიერების მიზნით, მიმართა „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, რათა კომპეტენტურ დაწესებულებას დაედგინა, გააჩნდა თუ არა მანქანას ისეთი სახის დაზიანება, რომელიც ვიზუალურად ვერ დადგინდებოდა. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ რადიატორის სიახლოვეს აღმოჩენილმა ასხლეტილმა ქვამ გამოიწვია მანქანის სხვადასხვა სახის დაზიანებები. დაზიანების ფაქტის დადგენისთანავე, 2017 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელე დაუკავშირდა საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზსა და საპატრულო პოლიციას, თუმცა, მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მძღოლმა დაარღვია მზღვეველის შეტყობინების წესი, მან შემთხვევის დადგომისთანავე არ გააჩერა ავტომობილი და არ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და/ან დაუკავშირდა მზღვეველს და არ იმოქმედა მისი მითითებების შესაბამისად. ავტომობილის შემდგომი ექსპლუატაციით გაიზარდა ზიანი, გარდა ამისა, მოგვიანებით (დაახლოებით 30 კმ-ის გავლის შემდგომ) გამოიძახა პოლიცია და აცნობა სანომრე ნიშნის დაკარგვის თაობაზე, რაც შეეხება ქვის მოხვედრის ინციდენტს, უფლებამოსილმა მძღოლმა იგი პოლიციას დაუმალა. საპირისპირო შემთხვევაში, პოლიცია შეძლებდა ბრალეული მძღოლის მოძიებას და მზღვეველს არ დაეკარგებოდა სუბროგაციის უფლება. სადაზღვევო ხელშეკრულება ავალდებულებს დამზღვევს, დაეხმაროს კომპანიას სუბროგაციაში. მოსარჩელე შემთხვევის შეტყობას არასწორად უკავშირებს 8 აგვისტოს, საკონსულტაციოდ ექსპერტთან გამოცხადების დროს, რადგანაც შემთხვევა წინა დღეს დადგა და ამის შესახებ იცოდა დამზღვევმა, მისი მოსაზრება არ შეესაბამება ხელშეკრულების დანართ #1-ში ასახულ ტერმინთა განმარტებას. გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით ირკვევა, რომ მან დაახლოებით 400 კმ. გაიარა დაზიანებული მანქანით, რაც ზიანის ოდენობის განსაზღვრას ხელს უშლის.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ დაეკისრა 4 194,75 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ (სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2017 წლის 23 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, შეისყიდა საკუთარ ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაზღვევის მომსახურება;

1.2.2. ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევა განმარტებულია როგორც შემთხვევა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი, დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად დამდგარი ზარალი;

1.2.3. დაზღვევის პირობების მე-4 პუნქტით მოწესრიგებულია მხარეთა ურთიერთობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, 4.1.1. პუნქტით გათვალისწინებულია დამზღვევის ვალდებულებები სადაზღვევო შემთხვევისას, კერძოდ, დამზღვევის ვალდებულებებს წარმოადგენს:

ა) „მზღვეველის“ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე დაუყოვნებლივ დაკავშირება და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;

ბ) საპატრულო პოლიციის დაუყოვნებლივ გამოძახება;

გ) საპატრულო პოლიციის მისვლამდე ავტომანქანის შემთხვევის მდგომარეობით შენარჩუნება;

დ) ავტომანქანის მძღოლის თრობის ფაქტის დადგენა;

ე) არაუგვიანეს 48 საათისა მზღვეველისთვის ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენა;

ვ) შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.

ამავე მუხლით გათვალისწინებულია მზღვეველის უფლებამოსილება, დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისას, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე;

1.2.4. 2017 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადებით მიმართა მზღვეველს. სადაზღვევო შემთხვევის აღწერაში დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა მიუთითა, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გადაადგილებისას ავტომანქანას წინა ბამპერზე, სანომრე ადგილის ქვედა მხარეს მოხვდა ასხლეტილი ქვა;

1.2.5. მზღვეველის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 და 25 ოქტომბრის წერილებით დამზღვევს უარი ეთქვა ანაზღაურების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მისთვის შემთხვევის შესახებ ცნობილი იყო 7 აგვისტოს, თუმცა, შემთხვევის შესახებ შეტყობინება განხორცილდა მომდევნო დღეს, რითაც დაირღვა ხელშეკრულების #1 დანართი, სადაზღვევო პირობების მე-4 მუხლის 4.1.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შემთხვევის დადგომისას დაუყოვნებლივ შეტყობინების განხორციელებას მზღვეველის ცხელ ხაზზე;

1.2.6. სარჩელში მითითებული ახსნა-განმარტების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის 8 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“, ავტომანქანის შემოწმების შედეგად გამოავლინა მისი დაზიანება. სარჩელში მითითებული გარემოება სადაზღვევო შემთხვევის 2017 წლის 8 აგვისტოს გამოვლენის შესახებ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლითა და სასამართლოში 2018 წლის 21 თებერვალს წარდგენილი დამატებითი მოსაზრებით შედავებულია მოპასუხის მიერ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დაზღვეული ავტომანქანის სამართავად დანიშნულმა მძღოლმა საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს ავტომანქანის სანომრე ნიშნის დაკარგვის შესახებ 2017 წლის 7 აგვისტოს აცნობა. შსს გურიის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2017 წლის 7 აგვისტოს რეაგირების ოქმით ირკვევა, რომ დაახლოებით 11:15 საათზე ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ..... 22-ე კილომეტრზე ავტომაგისტრალზე ნაპოვნი იქნა ქართული სანომრე ნიშანი MM-...-GG, გადამოწმებისას გაირკვა, რომ ნიშანი ეკუთვნოდა მოსარჩელეს. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე 2017 წლის 7 აგვისტოს შედგენილ ახსნა-განმარტებაში დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე დაკარგა წინა სანომრე ნიშანი. ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის 2017 წლის 8 აგვისტოს რეაგირების ოქმის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟი გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-20 კმ-ზე „ტოიოტა ცენტრი თბილისში“, სადაც იმყოფებოდა ს.კ–ი. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს მოძრაობდა დაზღვეული ავტომანქანით, დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოძრაობისას იგრძნო, რომ წინიდან დაეჯახა გზიდან ასხლეტილი ქვა, შემდეგ ნახა, რომ წინა ნომერი აღარ ჰქონდა და მანქანა ხმაურით დადიოდა, მან ახალი ნომერი აიღო და შემდეგ მიმართა ცენტრს იმის გასარკვევად, რა იწევდა ხმაურს. ცენტრში დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომანქანას გარკვეული დაზიანებები გააჩნდა. 2017 წლის 7 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მანქანის ნომერი დაკარგა, დაუყოვნებლივ აცნობა საპატრულო პოლიციას. მოსარჩელის განმარტებით, ქმედებათა ამგვარი თანმიმდევრობა განპირობებული იყო ასხლეტილი ქვის შედეგად ავტომანქანისთვის მიყენებული დაზიანების უხილავობით, კერძოდ, მართალია 2017 წლის 7 აგვისტოს დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა დააფიქსირა ნომრის დაკარგვის ფაქტი, თუმცა, გათვალისწინებით იმისა, რომ ავტომობილის სხვა დაზიანებები არ იყო თვალსაჩინო, მძღოლს არ შეეძლო ავტომანქანის ნომრის დაკარგვასთან ერთად დაეფიქსირებინა, შემდეგ კი მიეთითებინა ასეთ დაზიანებებზე. ამ გარემოებების წინააღმდეგ მზღვეველი აღნიშნავს, რომ ქვის მოხვედრის და ამის შედეგად ავტომანქანის დაზიანების ფაქტი მოსარჩელისთვის მაშინვე უნდა გამხდარიყო ცნობილი, ამის შემდეგ მძღოლის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეესრულებინა, რომლის დარღვევის პირობებში შეუძლებელია იმის დადგენა ნამდვილად ქვის მოხვედრამ გამოიწვია თუ არა დაზიანება და რა ვითარებაში მოხვდა ქვა ავტომანქანას, კერძოდ, დამზღვევის მიერ მისი ვალდებულების დარღვევის პირობებში შეუძლებელია იმის დადგენა ხომ არ ჰქონდა ადგილი რისკის გამონაკლის შემთხვევებში დადგომას, როგორიცაა გაჩერებული ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირის მიერ დაზიანება, ავტომანაქანის გამოყენება რალიში, შეჯიბრებაში, სამაშველო სამსახურში, არასაგზაო პირობებში;

1.2.7. დამზღვევის უფლებამოსილ მძღოლს შემთხვევის დადგომისთანავე, 2017 წლის 7 აგვისტოს არ შეეძლო ეცნობებინა მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის შესახებ. სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე მძღოლს დასკვნა შეეძლო გამოეტანა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ტექნიკური დათვალიერებისათვის მიმართა „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ (დაზღვეული ავტომობილის დაზიანება და სადაზღვევო შემთხვევა წარმოიშვა არა ავტოსაგზაო შემთხვევის, ანუ სხვა ავტომობილთან შეჯახების შედეგად, არამედ სხვა ავტომობლის მიერ ასხლეტილი ქვის დაზღვეულ ავტომობილზე მოხვედრის შედეგად. ამასთნ, ავატომობილს ასხლეტილი ქვა მოხვდა არა მძღოლისათვის თვალსაჩინო ადგილას, არამედ, წინა ბამპერთან, რაც მძღოლისათვის მანქანის მართვის მომენტში თვალსაჩინო ვერ იქნებოდა. როგორც უკვე მოგვიანებით, 8 აგვისტოს, „ტოიოტა ცენტრში“ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების შედეგად გაირკვა, ასხლეტილმა ქვამ დააზიანა წინა ბამპერის ქვედა ნაწილი, რის შემდეგაც, მან შეაღწია შიგნით, დააზიანა წყლისა და კონდიციონერის რადიატორები იმგვარად, რომ რადიატორებმა მიიღეს მნიშვნელოვანი დეფორმაცია (შიგ ჩასხმული სითხე არ დაღვრილა, ჩატუმბული ფრეონი არ დაკარგულა). მძღოლმა სანომრე ნიშნის დაკარგვის შესახებ გაიგო თბილისი-სამტრედიის მაგისტრალზე მოძრაობისას, როდესაც ასხლეტილი ქვა მოხვდა მანქანას 7 აგვისტოსვე, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით, როდესაც მძღოლი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა სოფ. ....., რა დროსაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია და დააფიქსირა სანომრე ნიშნის დაკარგვის ფაქტი; მართალია, 8 აგვისტოს რეაგირების ოქმში დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი უთითებს 7 აგვისტოს გადაადგილებისას ასხლეტილი ქვის მოხვედრის თაობაზე, თუმცა 8 აგვისტოს ახსნა-განმარტებით არ ირკვევა 7 აგვისტოს პოლიციისათვის ქვის მოხვედრის ინცინდენტის მიზანმიმართულად დამალვა. 8 აგვისტოს ოქმში მძღოლი განმარტებას „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ ავტომობილის შემოწმებისა და ქვის აღმოჩენის შესახებ იძლევა. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით, ავტომანქანაზე დაზიანებების შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია განსაკუთრებულად ახლო ხედით გადაღებული ფოტომასალის გარეშე, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის დახმარების გარეშე მძღოლისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა ავტომანქანის დაზიანების შესახებ. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, კონკრეტულად რა მომენტიდან დაიწყო მანქანამ ხმაურით სვლა. ავტომობილმა დაზიანება მიიღო ისეთი ზემოქმედებით და ისეთი სახით, რომელიც არ იყო თვალსაჩინო და არ წარმოშობდა მოძრაობის შეწყვეტის აუცილებლობას. დაზიანებას არ გამოუწვევია ავტომობილის გადაადგილების შეუძლებლობა. სოფ. ..... ჩასვლის შემდეგაც მძღოლმა შეამჩნია მხოლოდ სანომრე ნიშნის დაკარგვა და უშუალოდ ქვედა ბამპერზე მიყენებული დაზიანება არც იქ დაუფიქსირებია).

1.2.8. „ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის“ კონსულტაციური პასუხის მიხედვით, კვლევა ჩატარებულია ავტომანქანის ფოტო სურათების და მისი დაზიანების _ სათადარიგო ნაწილების სამუშაოს დასახელების ინვოისის განხილვისა და შედარების საფუძველზე. კონსულტაციური პასუხის თანახმად, დაზიანებების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია სურათით და შეფასების ინვოისით, ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მძღოლისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო დროის მცირე მონაკვეთში, (კერძოდ, გაგრილების სისტემის უწესივრობა, წყლის რადიატორის დაზიანება, რაც აისახებოდა მძღოლის წინა მონიტორზე), რის გამოც ავტომობილს 400 კ.მ-ის გავლამდეც წარმოექმნებოდა ტექნიკური პრობლემები და ავტომობილის გადაადგილება შეუძლებელი გახდებოდა. რაც შეეხება კონდიციონერის რადიატორის მწყობრიდან გამოსვლას, კონდიციონერის მუშაობის შეწყვეტა, აგვისტოსთვის დამახასიათებელი ტემპერატურული მდგომარეობიდან გამომდინარე, მძღოლისთვის საგრძნობი იქნებოდა. დამზიანებელ საგანთან, ქვასთან მიმართებით კონსულტაციურ პასუხში მითითებულია, რომ ფოტომასალით ძნელია დადგინდეს მისი ფიზიკური მონაცემები (ზომა, წონა), რითიც შეიძლება განისაზღვროს მისი დამაზიანებელი ძალის მოქმედება. კონსულტაციური პასუხის მიხედვით, დაზიანების აღწერით, ინვოისითა და ფოტომასალის შესწავლით, მოცემულ ეტაპზე აღნიშნული არ ასახავს რეალობის არგუმენტირებულ დადასტურებას. პასუხი შეიცავს რეკომენდაციას დაზიანებულ დეტალებზე საექსპერტო კვლევის ჩატარების შესახებ. კონსულტაციური პასუხის ავტორი, ერთი მხრივ, უთითებს, რომ დაზიანებათა შესახებ მძღოლისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყო დროის მცირე მონაკვეთში, რაც საბოლოოდ გამორიცხავდა კიდეც ავტომანქანის გადაადგილების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, განმარტავს, რომ აღნიშნული პასუხი არ ასახავს რეალობის არგუმენტირებულ დადასტურებას, რადგან კვლევა ეფუძნება ინვოისსა და ფოტომასალას. პასუხის ავტორი რეკომენდაციას იძლევა დაზიანებულ ნაწილებზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ;

1.2.9. პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადების დასრულებამდე მზღვეველს დაზღვეული ავტომობილის მძღოლის თრობის ფაქტზე არ მიუთითებია. მისი შედავება შემოიფარგლებოდა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების დანართი #1-ის 4.1.1 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

1.2.10. 2017 წლის 9 აგვისტოს „ტოიოტა ცენტრი თბილისი-ს“ მიერ გაცემული ინვოისის თანახმად, შეკეთებას საჭიროებს დაზიანებული ავტომანქანის წყლის რადიატორი, ფრეონი, სანომრე პლასტმასი, წინა ბამპერის ქვედა ნაწილი, კონდიციონერის რადიატორი, სათუნუქე სამუშაოები, ფრეონის ამოტუმბვა და ჩატუმბვა. მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4 194.75 ლარს. „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ შეძენილ ავტომანქანას სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ამავე ცენტრის სერვისში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოიხსნება გარანტიიდან;

1.2.11. საქმის მასალებით არ დგინდება მზღვეველის შედავება, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ინფორმაციის მეორე დღეს მიწოდებისა და დაზიანებული ავტომანქანის ექსპლუატაციით გაიზარდა ზიანის ოდენობა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799.1 და 820-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სავალდებულოა დადგინდეს მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობა, ხელშეკრულებით შეთანხმებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, ზიანის ოდენობა, მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა. ეს წინაპირობები, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, რომელთა ყოველმხრივი შესწავლის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ დამზღვევს, შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ფაქტის დადგომისთანავე შეეტყო დაზიანების შესახებ და ემოქმედა ხელშეკრულებით განსაზღვრული შეტყობინების წესების დაცვით,მით უფრო ალოგიკურია საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში, რატომ უნდა დაემალა მძღოლს მანქანის გარე ფაქტორით დაზიანების შესახებ. ეს გარემოებები თავისთავად საფუძველს აცლის მზღვეველის პრეტენზიას მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების წესებისა და სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე, რაც ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სადაზღვევო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 29.03.2019წ. #978 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.ა–ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს.კ.ა–ას“ (ს/კ #....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.03.2019წ. #978 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი