Facebook Twitter

საქმე №ას-1457-2019 6 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ხ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ჩ–ძე, მ.ჩ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.ხ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ჩ–ძის, მ.ჩ–ძისა და მ.ჩ–ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით მ.ჩ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ჩ–ძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ნ.ხ–ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელება 10 დღით სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ნ.ხ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში ხელახლა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც ამჯერად იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის საბოლოო განხილვამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დადგინდა, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული დავის საგნის ღირებულების (100 000 ლარი) დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის სავარაუდო ოდენობის (5 000 ლარი) 30%-ის - 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემთხვევაში, მას სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდა გადაუვადდებოდა საქმის საბოლოო განხილვამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.ხ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (100 000 ლარი) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბ) სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა მომართა უზენაეს სასამართლოს განცხადებით და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება 15 (თხუთმეტი) დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ნ.ხ–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (100 000 ლარი) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელება 15 დღით. შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღესვე კასატორმა გააფორმა ხელშეკრულება აუდიტორთან - შპს „ა.დ.გ–თან“, რომელმაც ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში ვერ მოასწრო დასკვნის მომზადება და ითხოვა დამატებით 15 დღიანი ვადა ქონების შეფასებისათვის. აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას თან ერთვის შპს „ა.დ.გ–ის“ მიერ 2020 წლის 27 იანვარს გაცემული ცნობა. წარმოდგენილი შუამდგომლობიდან და თანდართული ცნობიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი ითხოვს დამატებით 15 დღიან ვადას იმისათვის, რომ სახელმწიფო უწყებებიდან მოძიებულ იქნეს დამატებითი დოკუმენტები, კერძოდ 2010 წლამდე ქალაქ თბილისის მერიის არიქტექტურის სამსახურში დაცული მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, რომლის შემადგენლობაშიც იქნება სახლის, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს სადავო უძრავი ქონება, დანგრევამდე არსებული ფოტოები, რაც შესაძლებლობას მისცემს აუდიტორს მოახდინოს შეფასება საცხოვრებელი სახლის დანგრევამდე არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

წარმოდგენილ განცხადებაში კასატორის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ხარვეზის განჩინებით დავალებული აქვს წარმოადგინოს: ა) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (100 000 ლარი) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ნ.ხ–ს დაევალა წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (100 000 ლარი) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბ) სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი შუამდგომლობს საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი აუდიტის დასკვნის წარმოსადგენად, თუმცა მას არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის წარმოდგენაც ასევე დავალებული ჰქონდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა.

გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ორჯერ უკვე იმსჯელა კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობებზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, 2019 წლის 18 ნოემბრის და 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებებით დააკმაყოფილა ისინი და კასატორს გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის შევსებისათვის. ამავე განჩინებებით კასატორს განემარტა, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და მეორე მხარის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა.

ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით 1500 ლარის გადაუხდელობის პირობებში შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად (აუდიტორის დასკვნის წარმოსადგენად) დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ხ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური