Facebook Twitter

საქმე №ას-1804-2019 31 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.თ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.თ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი), საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე ქ. ბათუმი, ..... (საკადასტრო კოდი: .....) (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), გამოთხოვის თაობაზე.

2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ განიხილა საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მოთხოვნები, ასევე მხარის უფლება მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს სადავო ქონება შესყიდული ჰქონდა რ/კ „ა–გან“ და იგი მერიის საკუთრებას არ წარმოადგენდა. მოსარჩელეს მოპასუხესთან არსებულ სხვა (ადმინისტრაციულ) დავებში არასდროს განუცხადებია პრეტენზია ამ ქონებაზე. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოპასუხის პრეტენზია საქმის წარმოების შეაჩერების თაობაზე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის მოთხოვნები. საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

7. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და, რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. აღნიშნული შინაარსის დებულებას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761-ე მუხლის მესამე ნაწილი და ადგენს, რომ თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1924-2018, 17 იანვარი, 2019 წელი; №ას-1608-2018, 30 ნოემბრი, 2018 წელი).

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

12. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. ს.ფ. 17), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

16. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მითითებას, რომ მას სადავო ქონება შესყიდული ჰქონდა რ/კ „ა–გან“, რის გამოც მიიჩნეოდა ქონების მართლზომიერ მფლობელად. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოპასუხეს (კასატორს) სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია.

17. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

18. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზეც, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად არ შეაჩერეს წინამდებარე საქმის წარმოება სხვა საქმის გადაწყვეტამდე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და მართებულად უარყო აპელანტის პრეტენზია წინადებარე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

19. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოცემული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, სასამართლო მას უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს და მიაჩნია, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს, რადგან არ იკვეთება სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით საკუთრების უფლების დადგენის შეუძლებლობა. ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ საქმე №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.). განსახილველ დავაში, მართალია, მოპასუხე მიუთითებს მასსა და მოსარჩელეს შორის სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დაწყებულ სხვა ადმინისტრაციულ დავაზე, რომელსაც მისივე განმარტებით, წინამდებარე საქმეზე უშუალო გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მას არც საკასაციო და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ წარუდგენია. მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება კი ვერ მისცემს შესაძლებლობას სასამართლოს შეაფასოს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობა. ამდენად, არ იკვეთება წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობებიც.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-25-23-2017, 2017 წლის 30 ივნისის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 10 იანვარს №8922060349 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.თ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. მ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ მ.თ–ძეს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 10 იანვარს №8922060349 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსარმართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე