საქმე №ა-5777-შ-178-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.პ–ი (ე–ი)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.პ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ბამბერგის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის №0207F609/12 გადაწყვეტილება და ამავე გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ბამბერგის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის №0207F609/12 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება) და ამავე გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ე.პ–სა და მ.პ–ს (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, ქალიშვილობის გვარი - ე–ი) შორის 2006 წლის 24 მაისს, საქართველოში, რუსთავში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის №MN0055700) შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 18 დეკემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებისა და ამავე გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიაში.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე განცხადება წარდგენილია ე.პ–ის მიერ, და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო მოპასუხე - შუამდგომლობის ავტორი.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამავე გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–ის (ე–ი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ბამბერგის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის №0207F609/12 გადაწყვეტილება და ამავე გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ე.პ–სა და მ.პ–ს შორის 2006 წლის 24 მაისს, საქართველოში, რუსთავში რეგისტრირებული ქორწინება №MN0055700;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ.მიქაბერიძე