საქმე №ას-1796-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე ან ბანკი) ნ.ჯ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. მხარეებმა, 2019 წლის 3 ივლისს, ერთობლივ ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურეს, რომ უარს ამბობდნენ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და ითხოვდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 250-ე მუხლის თანახმად, სასამართლო შემოფარგლულიყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით, დასაბუთების გარეშე. ამავე ხელწერილში, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, განმარტებულია, რომ დასახელებულ შემთხვევაში, სსსკ-ის 370-ე და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შევიდოდა კანონიერ ძალაში (იხ. ტ.1,ს.ფ. 91).
3. დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, იხელმძღვანელა სსსკ-ის 370-ე მუხლით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარის მიერ სასამართლოსთვის ან მოწინააღმდეგე მხარისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანაზე წერილობით უარის თქმა, ართმევს მას ასეთი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
10. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ და მოპასუხემ ერთობლივი ხელწერილით მიმართეს საქალაქო სასამართლოს, დაეთანხმნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე, აღნიშნეს, რომ არ სურდათ დასაბუთებული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოითხოვეს.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 250-ე „თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.....“ მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე“ ქვეპუნქტის თანახმად საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღესვე, რადგან მის გასაჩივრებაზე მხარეებმა ერთობლივი ხელწერილით განაცხადეს უარი. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება კი სსსკ-ის LII თავით განსაზღვრული, საქმის წარმოების განახლების შესახებ, წესებითაა შესაძლებელი, კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჯ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე