საქმე №ას-1828-2019 31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ტ–ძე, ი.მ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.კ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ე.ტ–ძისა და ი.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი, შპს „მ.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულებულად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მათვე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით - ე.ტ–ძეს 150 ლარის, ხოლო ი.მ–ს 584.40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნების წარდგენა. აპელანტებს განემარტათ, რომ დასახელებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2019 წლის 28 ოქტომბერს აპელანტების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოახერხა აპელანტებთან დაკავშირება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, და ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 7 დღით.
7. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2019 წლის 11 ნოემბერს, აპელანტების წარმომადგენელმა, კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ხარვეზის შევსებისთვის დანიშნული ვადის 10 დღით გაგრძელება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 5 დღით.
9. სააპელაციო სასამართლოს, 2019 წლის 25 ნოემბერს, კვლავ მიმართა (მესამეჯერ) აპელანტების წარმომადგენელმა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
10. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე „სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.“ მითითებით განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორებს არ წარუდგენიათ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად, აპელანტებს დავალებული ჰქონდათ სსსკ-ის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებმა, სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2019 წლის 30 აგვისტოს, ხოლო ხარვეზი 2019 წლის 11 ოქტომბერს დაუდგინდათ პირველად და მიეცათ გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად. მიუხედავად აღნიშნულისა აპელანტების წარმომადგენელმა, არაერთხელ, მათ შორის 2019 წლის 25 ნოემბერს კვლავ მიმართა სასამართლოს და წარადგინა, წინა შუამდგომლობების მსგავსი, დაუსაბუთებელი განცხადება ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტებს ჰქონდათ საკმარისზე მეტი დრო, რათა სასამართლოსთვის წარედგინათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი ან სასამართლო დაერწმუნებინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაში.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
14. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, მის მარწმუნებლებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის, მესამეჯერ გაგრძელებაზე უარის თქმის გამო შეეზღუდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
18. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების 4-12 პუნქტებში ასახულ დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის (დეფინიცია იხ. მე-10 პუნქტში) გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტებს არანაირი სახის მტკიცებულება არ წარუდგენიათ სააპელაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, ამასთან, აპელანტების მიერ წარდგენილი განცხადებები, ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე, ერთგვაროვანი შინაარსის და დაუსაბუთებელი იყო.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის მტკიცება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითა და მხარესთან კომუნიკაციის შეუძლებლობით იყო განპირობებული, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს, მათივე არაერთი შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არაერთხელ გაუგრძელდათ საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თუმცა, ამის მიუხედავად, აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე სარწმუნოდ დადასტურებული შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის. კერძო საჩივრის ავტორებს, სააპელაციო სასამართლოსათვის არც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ან მტკიცებულება წარუდგენიათ.
21. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
22. სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
23. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
24. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა, შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ #ას-194-194-2018, 18.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც მათი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ებს: # ას-1187-1107-2017, 22.01.2018წ; #ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ტ–ძისა და ი.მ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
3 . განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე