Facebook Twitter

საქმე №ას-17-2020 27 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ნ–ა (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ვ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავი ქონების წილზე საკუთრების უფლების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი.ვ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ის მიმართ უძრავი ქონების წილზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხე ნ.ბ–ის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ შვილი - ვ.ბ–ი და მეუღლე - ნ.ნ–ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ბ–მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ვ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს ნ.ნ–ამ და ვ.ბ–მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ნ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ გასაჩივრების უფლების მქონე პირმა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სადავოდ არ გახადა კანონით დადგენილ ვადაში, მაშინ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მხარე კარგავს მისი გასაჩივრების უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.ვ–ის სარჩელი ნ.ნ–ასა და ვ.ბ–ის მიმართ უძრავი ქონების წილზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მოპასუხე ნ.ნ–ას. ის სადავოდ გახადა მეორე მოპასუხემ, ვ.ბ–მა.

2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ვ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოპასუხე ნ.ნ–ას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ამით იგი ფაქტობრივად დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და უარი თქვა მის გასაჩივრებაზე. შესაბამისად, ნ.ნ–ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც ართმევს მას შესაძლებლობას წარადგინოს საკასაციო საჩივრი. ამდენად, არსებობს მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თუნდაც ჰქონოდა ნ.ნ–ას საკასაციო საჩივრის წარდგენის სათანადო უფლებამოსილება, მაინც იარსებებდა მისი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი საკასაციო საჩივრის კანონმდებლობით დადგენილი ვადის (სსსკ 2591, 397-ე მუხლები) დარღვევით წარდგენის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ნ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე