საქმე №ა-5663-შ-169-2019 10 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს "მ.ტ.უ–ა" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ტ.ე.ჯ–ა" (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის #910/4551/16 გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლო) 2017 წლის 2 მარტის #910/4551/16 გადაწყვეტილებით შპს "მ.ტ.უ–ას" (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი, შპს " დ–სა" და შპს "ტ.ე.ჯ–ას" (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი დავალიანების 65 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის 1 723 633 გრივნის 28 კაპიკის ეკვივალენტი, ასევე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს 23 920 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის 634 297 გრივნის 05 კაპიკის ეკვივალენტი და სასამართლო მოსაკრებლის გადახდა 35 566 გრივნის 79 კაპიკი.
2. მოსარჩელის წარმომადგენელმა, 2019 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს შუამდგომლობაზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს 2019 წლის 19 დეკემბერს ჩაჰბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორს დაევალა წარმოედგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს 2019 წლის 19 დეკემბერს ჩაჰბარდა. კერძოდ, სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა ადვოკატის სამუშაო ადგილზე კანცელარიის სპეციალისტს ქ.ა–ს, რაც სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად შუამდგომლობის ავტორისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას თან ერთვის სსსკ-ის 96.1 მუხლით გათვალისწინებული წესით გაცემული და დამოწმებული მინდობილობა. ამასთან, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების დროისათვის მოსარჩელის წარმომადგენელი ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ მინიჭებული მინდობილობის საფუძველზე ემოქმედა.
10. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა 2020 წლის 20 იანვარს (ორშაბათი).
11. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "მ.ტ.უ–ას" შუამდგომლობა, უკრაინის, ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის #910/4551/16 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი