Facebook Twitter

საქმე №ას-1146-2019 6 დეკემბერი, 2019 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ „ს.მ–ძე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან შემსყიდველი) და ი/მ ს.მ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, ან მიმწოდებელი) შორის, 2016 წლის 12 აპრილს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №81 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში (2016 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით) ჩაეტარებინა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფის ადმინისტრაციული შენობის 104 999.96 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები (ტ. 1, ს. ფ. 16-20).

2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების შესრულების მიმდინარეობისას შემსყიდველის გადაწყვეტილებით ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოზე ეტაპობრივად გაფორმდებოდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო შესყიდვის ობიექტი საბოლოოდ მიღებულად ჩაითვლებოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ხელშეკრულების 10.3 პუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ამ უკანასკნელისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%.

4. 2016 წლის 13 მაისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად მიმწოდებელმა შეასრულა 15 163.72 ლარის ღირებულების სამუშაო. 2016 წლის 1 ივნისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა შეასრულა 12 413.59 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო 2016 წლის 8 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით მიმწოდებელმა შეასრულა 39 940.23 ლარის ღირებულების სამუშაო (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები ტ.1, ს.ფ. 43-44, 62-65).

5. 2016 წლის 8 ივლისის ურთიერთშეთანხმების ოქმით მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც, შეიცვალა ხელშეკრულებაში თანდართული ხარჯთაღრიცხვა, კერძოდ კი, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შემცირდა 13.35 ლარით და შეადგინა 104 986.61 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების სხვა პუნქტები დარჩა უცვლელი (იხ. ურთიერთშეთანხმების ოქმი ტ.1, ს.ფ. 46).

6. მხარეებს შორის, 2016 წლის 16 ნოემბერს, გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 102 465.92 ლარს, ნაცვლად ფორმა №2-ით წარმოდგენილი 104 986.6 ლარისა (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი ტ.1, ს.ფ. 111).

7. ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 9 ნოემბრის დასკვნის თანახმად, შსს-ის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფების ადმინისტრაციულ შენობებში შესასრულებელ სარემონტო სამუშაოებზე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ღირებულებების შესაბამისად დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 102 465.92 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა №2-ით მოცემული 104 986.60 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენდა 2 520.68 ლარს. დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარისხი ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისთვის ვიზუალური დათვალიერებით იყო დამაკმაყოფილებელი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტ.1, ს.ფ. 85-110).

8. 2016 წლის 18 ნოებრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ სამუშაოების ვადის გადაცილებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 1%, სულ საჯარიმო თანხამ 13 561.56 ლარი შეადგინა. აღნიშნული წერილი მოპასუხეს 2016 წლის 25 ნოემბერს ჩაჰბარდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 66).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ 2017 წლის 5 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, პირგასამტეხლოს - 13 561.56 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

9.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-8 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილის ხარჯთაღრიცხვაში შეტანილმა ცვლილებებმა შეცვალა ძირითადი მოცულობა, რადგან დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო გახდა შეთანხმებულზე მეტი დრო, რის შესახებაც შემკვეთს ეცნობა.

10.2. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2016 წლის 16 ნოემბერს, შემსყიდველსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებული იყო, რომ მიმწოდებელმა 2016 წლის 12 აპრილის №81 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები შეასრულა და მიღება-ჩაბარების აქტი იყო საბოლოო. აღნიშნული ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ უფლებამოსილი პირის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები შესრულებული იყო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შემსყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 13 561.56 ლარის გადახდა დაეკისრა.

11.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

12. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შემსყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 678.08 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

13.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 9 ნოემბრის დასკვნით დადასტურებული იყო, რომ შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები ნაცვლად 104 986.60 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენდა 2520.68 ლარს. დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა, შესაბამისად მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ვადის გადაცილებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, მხარეთა მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე, მეტიც, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2016 წლის 8 ივლისის ურთიერთშეთანხმების ოქმის თანახმად, ცვლილება შეეხო მხოლოდ 2016 წლის 12 აპრილის №81 ხელშეკრულებაზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვას, კერძოდ, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შემცირდა 13.35 ლარით და შეადგინა 104 986.61 ლარი, ხელშეკრულების სხვა პუნქტები კი უცვლელი დარჩა.მითითებული კი გულისხმობდა, რომ ცვლილება არ შეხებია მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ვადას. საგულისხო იყო, ასევე, რომ ხელშეკრულების 14.8 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაში იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმით იქნებოდა შედგენილი და მხარეთა მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი.

13.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც სსკ-ის 50-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მხარეთა შეთანხმება მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ წარმოადგენს გარიგებას, იგი სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიძენდა იურიდიულ ძალას მხოლოდ ურთიერთობის მონაწილეების მიერ წინასწარ შეთანხმებული (მოცემულ შემთხვევაში წერილობითი) ფორმით ნების გამოვლენის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს წერილობითი ფორმით არ დაუდიათ ხელშეკრულება, რომელიც სამუშაოს შესრულების ვადის ცვლილებას შეეხებოდა.

13.4. სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა შესრულების ვადის გადაცილებაში, კერძოდ, მოპასუხემ 23 382.49 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა 58 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარებოდა შემცირებას. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, აგრეთვე ორივე მხარის კანონიერი ინტერესის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 0,05%-მდე შემცირება, რამაც 678.08 ლარი შეადგინა.

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

14.2. კასატორმა თავის საკასაციო საჩივარში განმარტა, რომ საქმის მასალებითა და არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდებოდა, როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ვადაგადაცილების ოდენობა. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია სრულად იყო გამყარებული არსებული მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც იგი უნდა შემცირებულიყო. მოცემული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებაში მოიაზრებდა პირგასამტეხლოს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად. კასატორის აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მხარეს წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულება, რომლისთვისად სწორედ დადებული ხელშეკრულებები, იძლევა იმის საშუალებას, რომ პირნათლად შესრულდეს ძირითადი ფუნქცია.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

21. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

23. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

25. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე