საქმე №ას-1389-2019 6 დეკემბერი, 2019 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.... (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან შემსყიდველი) და შპს „კ....-ს (შემდეგში: მოპასუხე, შპს ან მიმწოდებელი) შორის, 2017 წლის 10 მარტს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №188 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) გაფორმდა, ხის მასალის სამინისტროსათვის მიწოდების თაობაზე. შესყიდვის ღირებულება 50 499 ლარით განისაზღვრა (ს. ფ. 20-24).
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების შეუსრულებლობის ან/და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველის უფლებად განისაზღვრა: ა) ხელშეკრულების №1დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%; ბ) არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისრებოდა.
3. ხელშეკრულების საფუძველზე შპს-ამ შემსყიდველს - 23.03.2017 წელს 20 416 ლარის ღირებულების, ხოლო 28.03.2017 წელს 14 259 ლარის ღირებულების ხის მასალა მიაწოდა.
4. შპს-ას შემსყიდველისთვის 15 824 ლარის ღირებულების საქონელი არ მიუწოდებია.
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ (შემსყიდველმა) 2018 წლის 27 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხის (მიმწოდებლის) მიმართ, პირგასამტეხლოს - 5 049.9 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
5.2. მიმწოდებელმა სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ მიმწოდებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული მასალის პირველ და მეორე ეტაპებზე შემოტანა განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირველი ეტაპი შესრულდა გარკვეული ხარვეზით, რაც შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან და ორი დღის მანძილზე ხარვეზი აღმოიფხვრა. ვინაიდან პირველი ეტაპისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება მოსარჩელემ ორი თვის დაგვიანებით გადაიხადა, მოპასუხემ (მიმწოდებელმა) შემსყიდველს წერილობით აცნობა, რომ მათთან წყვეტდნენ ხელშეკრულებას.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით შემსყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2 524.95 ლარის გადახდა.
7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და აღნიშნა, რომ სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
9.3. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევა, რაც შესყიდვის ობიექტის ნაწილის, კერძოდ, 15 824 ლარის ღირებულების ხის მასალას მიუწოდებლობაში გამოიხატა სადავო არ არის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება წარმოადგენდა.
9.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მოპასუხეს (მიმწოდებელს) არც პირგასამტეხლოს საფუძველი და არც მისი ოდენობა სადავო არ გაუხდია. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს-ის მიერ წარდგენილ შესაგებელზე, სადაც ამ უკანასკნელმა სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება და აღნიშნა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობა მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული. ამდენად სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (№ას-318-301-2017, 05.05.2017 წელი).
9.5. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საგანსაც 50 499 ლარის ღირებულების ხის მასალის შესყიდვა წარმოადგენდა, მიმწოდებელმა შემსყიდველს 34 674 ლარის ღირებულების მასალა მიაწოდა. საგულისხმო იყო, რომ შემსყიდველს მიწოდებული მასალის ხარისხთან დაკავშირებით შემსრულებლის მიმართ რაიმე პრეტენზია არ ჰქონია, შემსყიდველი მიმწოდებელ შპს-ას, მხოლოდ 15 824 ლარის ღირებულების ხის მასალის მიუწოდებლობას ედავებოდა, რაც დაახლოებით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-ს შეადგენს. საქმის მასალების მიხედვით არც ხელშეკრულების საგნის ნაწილის მიუწოდებლობის შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი დგინდებოდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს და არა - კრედიტორის გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს. სააპელაციო სასამართლომაღნიშნა, , რომ მსგავს ვითარებაში, როდესაც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საფუძვლით ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილი იყო, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანს ხელშეკრულების შესრულების პროვოცირება აღარ წარმოადგენდა, საქმის მასალებით არც ნასყიდობის საგნის ნაწილის მიუწოდებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის ფაქტი დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნებისთვის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემცირების შედეგად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი იყო.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება მისი ნაწილობივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10.2. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 417-418-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პირგასამტეხლო წარმოადგენდა სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებული იყო სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ იყო. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული უფლება არ გულისხმობს, რომ სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ ვითარებაში, მაშინაც კი, როცა არ არის პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, გამოიყენოს მოცემული უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და მხარეთა ნების ავტონომიას.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
17. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
21. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე