საქმე №ას-1407-2019 6 დეკემბერი, 2019 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს.მ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.მ–ასა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, შემსყიდველი ან შპს) და ნ.გ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე ან მიმწოდებელი) შორის, 2017 წლის 7 მარტს, გაფორმდა №39-ს/17 ხელშეკრულება, შპს-ს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ #478 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების კოდი 8-ის შესაბამისად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე (ტ. 1, ს/ფ 15-17).
2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 5000 ლარს (მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 1 000 ლარი), ხოლო 1 (ერთი) თვეში გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2 500 ლარს (მათ შორის საშემოსავლო - 500 ლარი). მიმწოდებელს გასაწევი მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, ყოველი თვის ბოლოს გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდება 2017 წლის 7 მარტიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო.
4. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო: გაეწია მომსახურება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; შეესრულებინა შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებები, უზრუნველეყო კომპანიის წინაშე მდგრადი რისკების გამოვლენა, ემოქმედა მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის გენერალური დირექტორის ცალკეული დავალებებით; საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო გაწეული მომსახურების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა; დაეცვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
5. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრებინა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1 %. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დაეკისრებინა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%.
6. მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დაეკისრებინა შემსყიდველისთვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოცემულ მომენტში გადასახდელი თანხის 1 %.
7. ხელშეკრულება ძალაში იყო მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.
8. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, მხარეებს შორის არსებობდა იმავე ხელშეკრულების საგანზე სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები (ტ. 1, ს.ფ 42-44, 164-180).
9. შპს-ის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, 2017 წლის 7 ივნისის მოხსენებითი ბარათით, მიმართა შპს-ის გენერალურ დირექტორს და განმარტა, რომ ამოიწურა მოსარჩელესთან 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული №105-ს/16 ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადა და ითხოვა მისი თანხმობის შემთხვევაში დადებულიყო აღნიშნულ პირთან ახალი ხელშეკრულება, იგივე პირობებით, 2 თვის ვადით (ტ. 1, ს.ფ 18).
10. 2017 წლის 7 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 4 000 ლარი, შპს-ას მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია.
11. სარჩელის საფუძვლები
11.1. მოსარჩელემ 2018 წლის 11 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მისთვის, მიმწოდებლის სასარგებლოდ, 4000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
11.2. მიმწოდებელმასასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.
12. მოპასუხის შესაგებელი
12.1. შემსყიდველმა წერილობით წარდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
12.2. მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადების ფაქტი, იმ პირობებით, რაც სარჩელშია მითითებული, თუმცა უარყო მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოპასუხემ მიუთითა, რომ მეორე მხარის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რადგან მხარეთა შორის, ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შედგენილიყო მიღება-ჩაბარების აქტი. ვინაიდან ასეთი აქტი არ არსებობდა, შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიუწოდებია მომსახურება და არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
12.3. მოპასუხემ შესაგებელში, ასევე, აღნიშნა, რომ საფინანსო-სამსახურის უფროსის 2017 წლის 7 მარტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გაფორმდა №39-ს/17 ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებლის მიერ არ შესრულებულა.
13. მოპასუხის შეგებებული სარჩელი
13.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
13.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ (შემსყიდველმა) თავისი სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების დარღვევისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%. მიმწოდებელს შემსყიდველის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო 61 დღეზე, დღეში 50 ლარი, 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, რაც 3050 ლარს შეადგენდა.
14. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია
14.1. მიმწოდებელმა შემსყიდველის შეგებებულ სარჩელზე წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა და განმარტა, რომ ის პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობა არ ადასტურებდა მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას. მიმწოდებელმა მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი (შემსყიდველი) არ აკონკრეტებდა, თუ რომელი ვალდებულება არ შეასრულა მიმწოდებელმა და რა ზიანი განიცადა შპს-ამ ამგვარი შეუსრულებლობით. ძირითადმა მოსარჩელემ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და იმავდროულად აღნიშნა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, რადგან 400 %-ით აღემატებოდა ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო შემსყიდველის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 4 000 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა.
15.2. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე მუხლებითა და საქართველოს შრომის კოდექსის ნორმებით იხელმძღვანელა.
16. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (შემსყიდველმა), მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით მოპასუხის (შემსყიდველის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
17.2. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, თავისი იურიდიული ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რადგან გარიგების საგანი მთავრობის №478-ე დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა იყო. ამასთან, ამ გარიგების დადებისას შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) საფუძველზე დამტკიცებული ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესების თანახმად მოქმედებდა.
17.3. სასამართლომგანმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - სამუშაოს საზღაურის გადახდა ამ უკანასკნელმა იმ საფუძვლით გახადა სადავო, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ შეასრულა, კერძოდ, მომსახურების გაწევაზე მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, რაც აპელანტის მოსაზრებით, შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულებას გამორიცხავდა.
17.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტის ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომ მან შესასრულებელი დავალებები გასცა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა ან/და არაჯეროვნად შეასრულა. ასევე, აპელანტს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა, რომ კომპანიის საქმიანობაში რეალურად არსებობდა გარკვეული რისკები, თუმცა მოსარჩელეს ეს რისკები არ გამოუვლენია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელესთან გარიგების გაფორმება თავისთავად შესასრულებელი სამუშაოს არსებობას და მიმწოდებლისთვის მის იდენტიფიცირებულობას ნიშნავდა, რადგან, ასეთი მსჯელობა ეწინააღმდეგებოდა სახელშეკრულებო პირობას, რომლის მიხედვითაც მხარეებმა მიმწოდებლის ვალდებულებად შემსყიდველის მიერ მიცემული დავალების შესრულება განსაზღვრეს.
17.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდა ზეპირი განმარტებისა, მოპასუხის მხრიდან მითითებული ვერ იქნა ვერც ერთ მტკიცებულებაზე, რაც შემსყიდველი საზოგადოების მხრიდან მიმწოდებლისთვის დავალების მიცემის, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მისი შეუსრულებლობის ფაქტს დაადასტურებდა. შემსყიდველი ორგანიზაცია შესასრულებელი ვალდებულების არსებობის დადასტურებას გარიგების გაფორმებაზე მითითებით შეეცადა, თუმცა აღნიშნული მსჯელობა სასამართლომ არ გაიზიარა.
17.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლის ვალდებულება - კომპანიის წინაშე მდგარი რისკების გამოვლენა, თავისთავად არ იძლეოდა იმგვარი პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ კომპანია სადავო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რისკების წინაშე იდგა, ხოლო სადავო პერიოდზე მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობის გათვალისწინებით კი, მიმწოდებელს ასეთი რისკები არ გამოუვლენია. ამ მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებს შორის ხელშეკრულების იმავე საგანზე რამდენიმეთვიანი ურთიერთობა არსებობდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 164-183), რაც იძლეოდა კომპანიის წინაშე არსებული რისკების გარკვეულწილად შემცირების ვარაუდის დაშვების საფუძველს. სადავო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კომპანიის წინაშე მოსარჩელის მიერ გამოუვლენელი რისკების არსებობა, რამაც საბოლოოდ კომპანიის ინტერესებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობის საფუძველს არა შემსრულებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ შემსყიდველის მხრიდან მისთვის დავალების მიუცემლობა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რისკების არარსებობა წარმოადგენდა.
17.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიმწოდებლის მიერ გასაწევი მომსახურება, ნებისმიერ შემთხვევაში, არ გულისხმობდა, ამ უკანასკნელის მხრიდან რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევას. იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნებოდა დავალებები გაცემული, არც მათი შესრულების და შესაბამისად, რაიმე შედეგის მიღწევის საჭიროება არ წარმოიშობოდა, თუმცა დავალებების არარსებობა და, ასევე, კომპანიის წინაშე რაიმე რისკების არარსებობა, არ ათავისუფლებდა მოპასუხეს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან, რაც ხელშეკრულებით იყო წარმოშობილი.
17.8. რაც შეეხება შპს-ის სააპელაციო პრეტენზიას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნები (იხ. ამ განჩინების 17.2-17.7 ქვეპუნქტები) პირდაპირ გამორიცხავენ შემსყიდველის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
18. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
18.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
18.2. კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ შპს-ას გადასახდელად დააკისრა თანხა შეუსრულებელი სამუშაოსათვის. მოპასუხის წილი მტკიცების ტვირთი გამოიხატებოდა უშუალოდ ხელშეკრულებაში, რომლის 1.2 პუნქტში ნათლად არისო გაწერილი, რომ მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო საფინანსო-ეკონომიკური სამსახურისთვის, კომპანიის წინაშე მდგარი რისკების გამოვლენა. სხვა დავალების მიცემას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, სასამართლოს შეკითხვა, კომპანიამ მისცა თუ არა დავალება მიმწოდებელს, სრულიად უსაფუძვლო იყო, ვინაიდან, „დავალება“ ე.წ. შესასრულებელი სამუშაო, ხელშეკრულებაში უშუალოდ იყო გაწერილი, ამ მიზნით კი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაიდო ხელშეკრულება. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იყო, რომ მიმწოდებელს არაფერი შეუსრულებია. საქმეში არ არსებობდა არანაირი დოკუმენტი, რომელიც მოსარჩელემ შექმნა და გამოავლინა რისკები, ან თუნდაც მოხსენებითი ბარათი, სადაც განმარტავდა, რომ კომპანიაში რისკები არ ყოფილა, შესაბამისად, ბუნდოვანი იყო სააპელაციო სასამართლოს განჩინება შემსყიდველისათვის სახელშეკრულებო თანხის დაკისრების თაობაზე, რადგან ხელშეკრულების საგანი არ შესრულებულა;
18.3. კასატორის განმარტებით, კომპანიას სჭირდებოდა სპეციალისტი, რომელიც შეძლებდა, გამოევლინა ესა თუ ის რისკი და შედეგი ეცნობებინა ხელმძღვანელობისთვის. დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს დასკვნები, რადგან თუ არ არსებობდა გამოსავლენი რისკები, მაშინ არც მათ გამოსავლენად დაიქირავებდა კომპანია სპეციალისტს; 18.4. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, სასამართლომ შპს-ას მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელისათვის დავალების მიცემის დამტკიცების კონტექსტში, რაც არასწორია, რადგან ხელშეკრულების საგანია თვითონ, ე.წ. „დავალება“, რომლის შესრულება შემსრულებელს ეკისრებოდა სახელშეკრულებო პირობების თანახმად, რომლის თითოეულ პუნქტს იცნობდა, რაც ხელმოწერით დაადასტურა და არ მოუთხოვია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. . კასატორის განმარტებით, როდესაც ვალდებულება ვერ სრულდებოდა, მიმწოდებელს შეეძლო კომპანიის ხელმძღვანელობისთვის მიემართა და განემარტა, რომ კომპანიაში რისკები არ არსებობდა, მაგრამ ასეთი რისკები მას არც კი გამოუკვლევია. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს, რომლის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ანაზღაურება, აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეს სახელშეკრულებო ვალდებულება - დავალება არ შეუსრულებია.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
26. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების საკითხს და უთითებს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც მოპასუხეს ნარდობის საფასურის გადახდა არ უნდა დაეკისროს.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 629.1-ე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“ მუხლი წარმოადგენს.
28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ იყო შედეგზე ორიენტირებული და იგი ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მომსახურების გაწევას, რაც შემსყიდველი კომპანიის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაში უნდა გამოხატულიყო. განსახილველ შემთხვევაში კი შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან დავალება გასცა, ხოლო შეგებებული სარჩელით მოპასუხემ იგი არ შეასრულა.
30. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახულ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს და დამატებით განმარტავს, უდავოდაა დადგენილი, რომ შემსყიდველს მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება არ გადაუხდია, საქმის მასალებით არც ის დასტურდება, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ დავის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას მართებულად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (იხ. ტ.1, ს.ფ.164-183) და დაასკვნა, რომ მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება არ მოიცავს იმგვარ დათქმას, რომ მოპასუხეს მხოლოდ მაშინ წარმოეშობოდა მოსარჩელისათვის (მიმწოდებლისათვის) ანაზღაურების ვალდებულება, როდესაც იგი შეასრულებდა კონკრეტულ დავალებებს ან/და გამოვლინდებოდა კომპანიის წინაშე არსებული რისკები. სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა და დაასაბუთა, რომ საქმეში მოთავსებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, დასტურდებოდა, რომ მიმწოდებელი ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს და არც ერთ აქტში არ ყოფილა მითითებული მოსარჩელის მიერ რაიმე კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე, შედეგის მიღწევაზე (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ. 2, ს.ფ. 91-94).
31. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, კასატორმა ვერ დაასაბუთა საკუთარი მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებლობა, რაც საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს.მ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ს.მ–ას" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N658, გადახდის თარიღი 2019 წლის 27 აგვისტო), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე