Facebook Twitter

საქმე №ას-1436-2019 7 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.ქ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ყ.თ–ი“ (უფლებამონაცვლე – შპს „თ.ე–ი“) (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქ.ქ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ყ.თ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულება საცალო მომხმარებელზე დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ, ასვევ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1 468,49 ლარის გადახდის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ მიმართა ვაკე-წყნეთის რაიონულ სადისტრიბუციო ცენტრს და მოითხოვა, მის საკუთრებაში არსებული საცხობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზნით, დაეყენებინათ ცალკე მრიცხველი, ვინაიდან საცხობი წლების მანძილზე ფუნქციონირებდა შეშაზე და იმის გამო, რომ სამეზობლო წუხდებოდა გამონაბოლქვით, მოსარჩელეს კატეგორიულად სთხოვდნენ საკითხის მოგვარებას.

3. მოსარჩელის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა გაქირავებული საცხობიდან შემოსული თანხა, ამიტომ მოსარჩელემ მოითხოვა მრიცხველის დაყენება ინდივიდუალურად საცხობისათვის, რადგან კომერციული საქმიანობისათვის მოხმარებული ბუნებრივი აირი არ გამხდარიყო მისი ოჯახის გადასახდელი.

4. მოსარჩელეს უკვე შეძენილი ჰქონდა მრიცხველი, თუმცა მაინც შეიძინა იგი.

5. მოპასუხემ მოსთხოვა ინდივიდუალურ მეწარმესთან ერთად გაეფორმებინა ხელშეკრულება დავალიანების – 8074,07 ლარის გადანაწილებასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ მომხდარიყო ახალი მრიცხველის დაყენება. მოპასუხემ მოსარჩელე დაარწმუნა, რომ თანხას გადაიხდიდა ინდივიდუალური მეწარმე და მას ამით არანაირი ზიანი არ მიადგებოდა. მითითებული ფაქტორის გათვალისწინებით, მოსარჩელე დასთანხმდა ვალის გადანაწილებასთან დაკავშირებით შეთავაზებას. ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო ინდივიდუალური მეწარმე, ამდენად, მოსარჩელე დარწმუნდა, რომ მრიცხველის დაყენება შეუძლებელი იყო სხვაგვარად.

6. 2015 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად დაედო მოტყუება. მრიცხველი გაფორმდა მოსარჩელის სახელზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე მას ხელს არ აწერდა.

7. მოსარჩელემ გადაიხადა 1 468,4 ლარი, რომელიც მას დაეკისრა უსამართლოდ. 2016 წლის 24 ივნისის განცხადებით მოსარჩელემ გამოხატა პროტესტი და მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვა დარიცხული თანხის ჩამოწერა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. მან აღიარა კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება, იკისრა მისი გადახდის ვალდებულება და მოითხოვა თანხის გადანაწილება.

9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელიც და განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან გასულია ერთი წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან. მოსარჩელემ კი დავალიანების დაფარვა დაიწყო 2015 წლის 30 ოქტომბრიდან და იხდიდა ყოველთვიურად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს განცხადებით და მოითხოვა ბუნებრივი აირის დავალიანების – 8074,00 ლარის 54 თვეზე გადანაწილება.

13. 2015 წლის 19 ნოემბრის განცხადებით მოსარჩელემ დავალიანების ოდენობა –8074 ლარი დაადასტურა (2015 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) და განმარტა, რომ რაიმე პრეტენზია მას არ გააჩნდა.

14. 2015 წლის 19 ნოემბერს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და მოსარჩელეს, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე – ი.მ წ–ი (შემდგომში – აბონენტი) შორის გაფორმდა საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება – 8074,07 ლარი აღიარა და იკისრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2020 წლისა, სრულად დაეფარა იგი. მხარეთა შეთანხმებით დავალიანების გადახდა განაწილვადების წესით განხორციელდებოდა.

15. ხელშეკრულებას ხელს აწერენ მოპასუხის წარმომადგენელი და მოსარჩელე.

16. მოპასუხე კომპანიის აბონენტად რეგისტრირებულია ინდივიდუალური მეწარმე წ–ი. 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით აბონენტის დავალიანება შეადგენს 7127,48 ლარს.

17. 2015 წლის 19 ნოემბრიდან მოსარჩელე იხდიდა დავალიანებას.

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მხარეთა სასარგებლოდ თანხის დაკისრებასა და დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარი მართებულად ეთქვა.

19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას მოპასუხის მიერ მოტყუების ფაქტს უკავშირებს, შესაბამისად, სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს სწორედ იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა წარმოადგენს, რაც მოტყუების სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის არის საჭირო.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ენდობოდა მეორე მხარეს (მოპასუხეს), რის გამოც ისე მოაწერა ხელი, რომ არ გადაუმოწმებია მასში ასახული ინფორმაცია, კერძოდ, არ შეუმოწმებია რეალურად თანხას ინდივიდუალური მეწარმე გადაიხდიდა თუ არა.

21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

22. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით.

23. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად იმ ფაქტობრივი გარემოების მითითება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ დავალიანებას მეწარმე გადაიხდიდა, ყოველგვარი წერილობითი მტკიცებულებისა, თუ ლოგიკური ბმის არარსებობის პირობებში, გარიგების ბათილობის წინაპირობა ვერ გახდება. მით უფრო, მაშინ, როდესაც გარიგების დადების შემდეგ აპელანტი კონკლუდენტური მოქმედებით დაეთანხმა გარიგების შინაარსს და შეთანხმებულ თანხას იხდიდა. აღნიშნული დასკვნა პირველ რიგში ეფუძნება იმ გარემოებას, რომ გარიგების წერილობით დადებისას მხარე ატარებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას – დარწმუნდეს გარიგების შინაარსში, ეჭვის არსებობის შემთხვევაში დააზუსტოს/გაარკვიოს ეს ფაქტები და მხოლოდ მეორე მხარის ზეპირი განმარტებების საფუძველზე არ იკისროს სამართლებრივი ტვირთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის ქმედება სამოქალაქო დაუდევრობად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც მას ნაკისრი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. თავის მხრივ, ვინაიდან მოტყუების ფაქტის არსებობა საქმის მასალებით ვერ დადასტურდა, პალატამ ჩათვალა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმაზე იყოს თუ არა ის განზრახი და ასეთი ფაქტის გარეშე გარიგება დაიდებოდა თუ არა.

24. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში არსებულ სააბონენტო ნომერზე დარიცხული დავალიანების განაწილვადებით გადახდა იკისრა, ახალი აბონენტის რეგისტრირება არ მომხდარა. საქმის მასალებში თავად მოსარჩელის მიერაა წარმოდგენილი აბონენტის ბარათი, სადაც აბონენტს წარმოადგენს სწორედ ის ნომერი, რომელზე დარიცხული დავალიანების განწილვადება და გაზმომარაგების აღდგენა მოხდა. ამ პირობებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია, უზრუნველყოს მის კერძო საკუთრებაში ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურის გადახდა მით უფრო ისეთ შემთხვევებში, როდესაც ქონება კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება და მესაკუთრე მისგან მოგებას იღებს. საწინააღმდეგო პოზიციის გაზიარების შემთხვევაში მივიღებდით ისეთ სიტუაციას, როდესაც ქონების კომერციული მიზნით გამოყენებისას მესაკუთრეს ყოველთვის მიეცემოდა შესაძლებლობა, თავი აერიდებინა დაგროვებული დავალიანების გადახდისგან, რაც გაუმართლებლად შეზღუდავდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესს.

25. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აბონენტის ბარათზე რამდენიმე თვის განმავლობაში დავალიანების ოდენობა ერთი და იგივე ციფრებით განისაზღვრებოდა, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ უძრავი ქონება იყო დაკეტილი და კომპანიის წარმომადგენელმა ვერ შეძლო ჩვენების აღება. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ დადგენილების (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილება) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცალო მომხმარებელმა, შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის ან/და მიმწოდებლის წარმომადგენლის დაშვება მრიცხველთან, რათა მათ რეგულარულად მოახდინონ მრიცხველის შემოწმება და ჩვენების აღება. ვინაიდან თავად აპელანტიც განმარტავდა, რომ მისი უძრავი ქონება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, მიიჩნევს, რომ აბონენტის ბარათში რამდენიმე თვის პერიოდში ერთიდაიგივე ოდენობის დავალიანება სწორედ იმ მიზეზით იყო განპირობებული, რომ აპელანტის მიერ დადგენილების მე-10 მუხლით დაკისრებული ვალდებულება არ სრულდებოდა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი არგუმენტი აპელანტს არ წარმოუდგენია პალატამ მიიჩნია, რომ დავალიანების არასწორად არ გაანგარიშებულა და მომხმარებელი შეცდომაში არ შეყვანილა.

26. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.

27. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

28. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სსსკ-ის 105-ე მუხლისა.

29. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

30. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად მოტყუება დაედო, აპელანტს ეკისრებოდა. მოტყუების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება და რაც მთავარია, ვერც გონივრული და ლოგიკური განსჯის შედეგად ვერ დგინდება. შესაბამისად, აპელანტმა სადავო გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენა ვერ შეძლო, რის გამოც მის მიმართ არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი მართლზომიერად დადგა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

32. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტები, არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 81-ე მუხლი, ხოლო არ გამოიყენა 50-ე, 52-ე, 53-ე, 54-ე და 55-ე მუხლები.

33. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას მიმართა განცხადებით არსებული დავალიანების გადაანგარიშების შესახებ. ფაქტობრად კი, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა მრიცხველის დამონტაჟება. სასამართლომ კი მხედველობაში მიიღო დომინირებულ მდგომარეობაში მყოფი მოპასუხის არგუმენტები და არ გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება სადავო შეთანხმების გაფორმებისას მისი მოტყუების შესახებ.

34. სასამართლოს საეჭვოდ უნდა მიეჩნია ერთსა და იმავე დღეს მოსარჩელის მიერ ორი განცხადების შედგენა. ერთი მათგანით აღიარა მოპასუხის მიმართ დავალიანება, ხოლო მეორეთი დავალიანების გადახდის ვალდებულება იკისრა ინდივიდუალურმა მეწარმემ. აღსანიშნავია, რომ მითითებულ განცხადებებში ასახული იყო მხოლოდ აბონენტის ნომრები და არსად არ იყო ნახსენები ინდივიდუალური მეწარმე. მოპასუხემ ეს უკანასკნელი დაასახელა ხელშეკრულებაში იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს მასზე ხელი მოეწერა.

35. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულებაში აბონენტად მითითებულია მოსარჩელე, თუმცა არც ადრე და არც ამჟამად იგი აბონანტს არ წარმოადგენდა. ფაქტობრივად დასახელებულია ინდივიდუალური მეწარმის, როგორც აბონენიტის რეკვიზიტები.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

37. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხემ წარმოადგინა 2019 წლის 30 ივლისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად იმავე საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებულია იურიდიული პირი საფირმო სახელწოდებით შპს „თ.ე–ი“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

40. 2015 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს განცხადებით და მოითხოვა ბუნებრივი აირის დავალიანების – 8074,00 ლარის 54 თვეზე გადანაწილება.

41. 2015 წლის 19 ნოემბრის განცხადებით მოსარჩელემ დავალიანების ოდენობა –8074 ლარი დაადასტურა (2015 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) და განმარტა, რომ რაიმე პრეტენზია მას არ გააჩნდა.

42. 2015 წლის 19 ნოემბერს, ერთი მხრივ, მოპასუხესა და მოსარჩელეს, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე – ი.მ წ–ი (შემდგომში – აბონენტი) შორის გაფორმდა საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება – 8074,07 ლარი აღიარა და იკისრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2020 წლისა, სრულად დაეფარა იგი. მხარეთა შეთანხმებით დავალიანების გადახდა განაწილვადების წესით განხორციელდებოდა.

43. ხელშეკრულებას ხელს აწერენ მოპასუხის წარმომადგენელი და მოსარჩელე.

44. მოპასუხე კომპანიის აბონენტად რეგისტრირებულია ინდივიდუალური მეწარმე წ–ი. 2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით აბონენტის დავალიანება შეადგენს 7127,48 ლარს.

45. 2015 წლის 19 ნოემბრიდან მოსარჩელე იხდიდა დავალიანებას.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

48. სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა გარიგების მოტყუებით დადებაზე.

49. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

50. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.

51. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (სუსგ 16.06.2014 წელი, საქმე №ას-182-171-2014).

52. მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება მის მიერ დავალიანების აღიარებისა და არსებული თანხის გადანაწილების შესახებ დაიდო მოპასუხის მხრიდან მისი მოტყუების შედეგად. ფაქტობრივად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ დავალიანების გადახდა დაეკისრებოდა მესამე პირს.

53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

54. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

55. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომელიც კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ უარყო, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად იგი მოტყუვდა, რის შედეგადაც დაიდო სადავო გარიგება. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე კომპანიას მიმართა არა დავალიანების გადანაწილების, არამედ სხვა – ახალი მრიცხველის დამონტაჟების მიზნით.

56. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

57. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

59. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

61. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.დ–ძის მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ქ.ქ–ს (პირადი №....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ.დ–ძის მიერ 2019 წლის 30 ოქტომბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური