Facebook Twitter

საქმე №ას-1476-2019 7 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ბეს თანხის ორმაგად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა.გ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ბ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ბეს თანხის ორმაგად დაბრუნების – 2000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი ბეს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, არაუგვიანეს 2017 წლის 22 აგვისტოსა, მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაეცა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და ვარგის მდგომარეობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (მარკა, მოდელი: Mercedes Benz E.., გამოშვების წელი 2016). აღნიშნული მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 1000 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით. შეთანხმების თანახმად, ბე-ს სახით გადახდილი თანხის გამოკლებით დარჩენილი ნაწილი – 19000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ნასყიდობის საგნის გაფორმებისთანავე. დათქმული დროიდან საკმაოდ დიდი ხნის გასვლის მიუხედავად, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არც ბეს სახით გადახდილი თანხა არ დაუბრუნებია.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ავტომანქანის შეძენა სურდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, მოსარჩელე მოქმედებდა მისი სახელით. მოპასუხემ ჩამოიყვანა ავტომანქანა, მაგრამ ბეს მიმცემმა მხარეთა მიერ შეთანხმებული საბოლოო თანხა არ გადაიხადა, რის გამოც საბოლოოდ ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ გაფორმდა. აღნიშნულის გამო, მოპასუხე მნიშვნელოვნად დაზარალდა, ვინაიდან მანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებული ხარჯები მან გასწია. ბეს მიმცემმა ბრალეულად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც ბეს თანხა უნდა დარჩეს მიმღებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

6. 2017 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ბეს შეთანხმება შემდეგი პირობებით: ბეს შეთანხმების გაფორმებისთანავე მყიდველი უხდის გამყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან სულ 20 000 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარს. მყიდველი იღებს ვალდებულებას, ნასყიდობის საგნის დარჩენილი ღირებულება, ანუ სულ 19 000 აშშ დოლარი გადაუხადოს ნასყიდობის საგნის მყიდველზე გაფორმებისთანავე. გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი ნივთობრივად და სამართლებრივად უნაკლო და ვარგის მდგომარეობაში. ნასყიდობის საგანია: მარკა, მოდელი: Mercedes Benz E.., გამოშვების წელი – 2016.

7. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია და სადავო არ არის გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი – კონკრეტული მარკისა და მოდელის ავტომანქანა, მოპასუხეს მოსარჩელისთვის რუსეთის ფედერაციიდან უნდა ჩამოეყვანა ხელშეკრულების დადებიდან 10-15 დღეში. ხელშეკრულების შესრულების ადგილი მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა.

8. ბეს თანხის – 1000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი სადავო არ არის. მოსარჩელე ხელშეკრულებით შეთანხმებულ ავტომანქანას არ დაუფლებია.

9. 2017 წლის 20 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მის მიერ მოპასუხისათვის ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობის – 2000 აშშ დოლარის დაბრუნება მოითხოვა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად ეფუძნება იმ სამართლებრივ დასკვნას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაარღვია მოსარჩელემ, კერძოდ, მან, როგორც მყიდველმა არ მიიღო ნასყიდობის საგანი, რაც მოთხოვნის უფლებას გამორიცხავდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არამართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 421-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ბეს ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა, კერძოდ, ნასყიდობის საგანი იდენტიფიცირებადია, ფასი ზუსტად განსაზღვრულია, მხარეთა გამოვლენილი ნება ნამდვილია, ნება ხელმოწერებით დადასტურებულია, გარიგება წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულია. შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ბეს ხელშეკრულება ნამდვილია ვალდებულებით-სამართლებრივი თვალსაზრისით და წარმოშობს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, ბეს მთავარი ფუნქციაა ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება (მტკიცების ფუნქცია), თუმცა მას გააჩნია ასევე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და საგადამხდელო ფუნქციები. პირველი ფუნქციის სამართლებრივი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს და ბეს თანხა ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში; ხოლო თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მაშინ მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, არ გამოირიცხება ბეს მიმცემის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც (სსკ-ის 423 მუხლი).

13. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ხოლო მოპასუხე განმარტავს, რომ მან, ბეს შეთანხმების თანახმად, კონკრეტული ავტომანქანა ჩამოიყვანა საქართველოში 2017 წლის 25 აგვისტოს, თუმცა თავად მყიდველმა განაცხადა უარი შეძენაზე. შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს ბეს დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნული არგუმენტის საპირისპიროდ, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე იმ ნაწილში, სადაც იგი ადასტურებს, რომ სადავო ავტომანქანასთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებებს მესამე პირთან აწარმოებდა, ვინაიდან რეალური მყიდველი მესამე პირი იყო (იხ. შესაგებელი). მესამე პირმა მანქანის შესამოწმებლად ორი პირი მოავლინა, რომლებსაც მოეწონათ ნივთი, თუმცა შემდეგ ნასყიდობა არ შედგა.

14. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მანქანის ჩამომყვანი პირის ჩვენებით დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა მან მოპასუხის დაკვეთით ჩამოიყვანა, მანქანის შესამოწმებლად მასთან ორი პირი მივიდა, თუმცა მათ შორის მოსარჩელე არ ყოფილა.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64, საქმე №ას-1322-2018, 4 აპრილი, 2019 წელი).

16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ქმნის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მოპასუხემ ბეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მანქანა წარუდგინა არა მოსარჩელეს, არამედ მესამე პირს, რომელიც, მისივე მტკიცებით, ნამდვილი მყიდველი იყო. ასეთ შემთხვევაში იმ გარემოების დადასტურების ტვირთი, რომ მოპასუხემ 2017 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სწორედ მოსარჩელის წინაშე შეასრულა (წარუდგინა ხელშეკრულებით შეთანხმებული მანქანა, მაგრამ მოსარჩელემ უარი თქვა მის მიღებაზე), მოპასუხის მხარეზეა, თუმცა მან ასეთი მტკიცებულებები (მაგ: მოწმის ჩვენება) სასამართლოს ვერ წარუდგინა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის შედავება, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს ბეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის (ბეს მიმღების) მიერ ნასყიდობის საგანზე უარის თქმით. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვალდებულების შესრულება, რაც ბეს ხელშეკრულების თავისებურებებიდან გამომდინარე, ბეს თანხის ორმაგი ოდენობით უკან დაბრუნების მოთხოვნას წარმოშობს. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

18. რაც შეეხება, საქმეში წარმოდგენილ ცნობას მომსახურების სააგენტოდან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება საქმის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან აღნიშნულით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ბეს ხელშეკრულებით შეთანხმებული ავტომობილი საქართველოში დარეგისტრირდა 2017 წლის 10 ოქტომბერს სხვა ფიზიკური პირის სახელზე, რასაც მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მტკიცების მიზნებისათვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ფაქტები და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარყო მოპასუხის არგუმენტები. ასევე, არასწორად გამოიყენა კანონი.

21. სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების, ასევე, სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ მოპასუხეს ავტომანქანა შეთანხმებულ ვადაში მოსარჩელისათვის არ გადაუცია და არ ჩამოუყვანია, ამავდროულად, არ ჩამოიყვანა ბეს ხელშეკრულებაში მითითებული ავტომანქანა. საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, სადაც ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტები და განბაჟების თარიღი. ბეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე ავტომობილი ჩამოყვანილ იქნა რუსეთის ფედერაციიდან.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

25. 2017 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ბეს შეთანხმება შემდეგი პირობებით: ბეს შეთანხმების გაფორმებისთანავე მყიდველი უხდის გამყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან სულ 20 000 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარს. მყიდველი იღებს ვალდებულებას, ნასყიდობის საგნის დარჩენილი ღირებულება, ანუ სულ 19 000 აშშ დოლარი გადაუხადოს ნასყიდობის საგნის მყიდველის სახელზე გაფორმებისთანავე. გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი ნივთობრივად და სამართლებრივად უნაკლო და ვარგის მდგომარეობაში. ნასყიდობის საგანია: მარკა, მოდელი: Mercedes Benz E.., გამოშვების წელი – 2016.

26. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია და სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საგანი – კონკრეტული მარკისა და მოდელის ავტომანქანა, მოპასუხეს მოსარჩელისთვის რუსეთის ფედერაციიდან უნდა ჩამოეყვანა ხელშეკრულების დადებიდან 10-15 დღეში. ხელშეკრულების შესრულების ადგილი მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა.

27. ბეს თანხის – 1000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი სადავო არ არის. მოსარჩელე ხელშეკრულებით შეთანხმებულ ავტომანქანას არ დაუფლებია.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბე მიეკუთვნება ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს და წარმოადგენს ქონებრივი ხასიათის მქონე მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებას. ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე გადასცემს მეორეს და რომლითაც დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ბეს სამართლებრივი მომავალი დამოკიდებულია ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულების სამართლებრივ ბედზე და, შესაბამისად, არ არსებობს ბე ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების გარეშე. აღნიშნულ გარემოებას განაპირობებს ბეს აქცესორული ხასიათი, რომლითაც ბე უშუალო კავშირშია ძირითადი, უზრუნველყოფილი ხელშეკრულების არსებობასა და მის ნამდვილობასთან.

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მკაფიოდ არის განსაზღვრული ბეს საგანი. ბეს საგანს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი თანხა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების საგნად დაუშვებელია სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი სხვა ქონების გამოყენება. სამოქალაქო კოდექსით არ არის დადგენილი ბეს შესაძლო ოდენობა და მისი მოცულობას მხარეები ურთიერთშეთანხმებით ადგენენ. ხელშეკრულების მხარეებს ევალებათ ბეს ოდენობის განსაზღვრა სახელშეკრულებო კეთილსინდისირების პრინციპის დაცვით (იხ. დამატებით: Gottwald, in MüKo BGB, 5. Aufl., 2009, § 336,Rn.2)

32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან ბე უმთავრესად წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ნაწილს (როდესაც ბე იანგარიშება ხელშეკრულების ფასში), ბეს მოცულობა უნდა იყოს ნაკლები ხელშეკრულებით გადასახდელი სრული თანხის ოდენობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა არა ვალდებულების უზრუნველყოფას, არამედ ვალდებულების შესრულებას. ბე მხარეთა შეთანხმების შედეგია. ბეს შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობენ ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების მხარეები, კერძოდ, ძირითადი ვალდებულების მოვალე, როგორც ბეს მიმცემი და ძირითადი ვალდებულების კრედიტორი, როგორც ბეს მიმღები. სამოქალაქო კოდექსი არ აწესებს ბეს შეთანხმების სავალდებულო ფორმას. შესაბამისად, ბეს შესახებ შეთანხმება შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. იურიდიული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ორივე შემთხვევაში ბე საჭიროებს ძირითადი ხელშეკრულებისათვის დაწესებული ფორმის დაცვას.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ მეორისათვის გადაცემული ბე ფულადი თანხაა და გვაროვნული ნივთის თვისებები გააჩნია, იგი როგორც წესი გადადის მისი მიმღების საკუთრებაში. (იხ. დამატებით: Prüting/ Wegen/ Weinreich, BBG Komm., 12. Aufl., Luchterhand Verlag, 2017, ს. 776, § 336, Rn.2.). ბეს მიმცემი ინარჩუნებს აღნიშნულ ფულად თანხაზე ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნას. მოთხოვნა არსებობს მანამ, სანამ ბეს მიმღები არ შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომლის შესრულების უზრუნველყოფის მიზნითაც მოხდა ბეს მიცემა. ამ ვალდებულების შესრულებისთანავე ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნა წყდება.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბეს უზრუნველყოფითი ფუნქცია ემსახურება, როგორც ბეს მიმცემი, ასევე, ბეს მიღები მხარის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. აღნიშნული მოსაზრების საფუძველს გვაძლევს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ბეს მომწესრიგებელ ნორმათა შინაარსი, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის დროს ბეს სამართლებრივი რეგულირების წესი. ბე ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებაა, როგორც ბეს მიმცემზე ასევე ბეს მიმღებზე, რათა მათ ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ. კერძოდ, ბეს ორმაგი უზრუნველმყოფი ხასიათი გააჩნია. იგი ბადებს უზრუნველმყოფ და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეფექტს ხელშეკრულების ორივე მხარისათვის. ბეს მიმცემმა იცის, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკარგავს ბეს თანხას. ბეს მიმღებს კი, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბეს ორმაგად უკან დაბრუნება მოუწევს.

35. ქართულ სინამდვილეში ბე, ასევე, გადახდის ფუნქციასაც ასრულებს. ბეს ერთი მხარე გადასცემს მეორეს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა ბეს მიმცემი არ კარგავს ბეს თანხას. ბეს მიმცემის მიერ ვალდებულების შესრულების და ძირითადი ვალდებულების საგნისა და ბეს საგნის იდენტობის შემთხვევაში, ბე ჩაითვლება ვალდებულების შესრულების ანგარიშში. აღნიშნული დებულება ხაზს უსვამს იმას, რომ ბე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების საგანს აღმატებული რაიმე დამატებითი ვალდებულება არ არის. ბეს მიმცემს, ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, არ წარმოეშობა რაიმე დამატებითი შესრულების ვალდებულება. (იხ. დამატებით: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 251). ვალდებულების შესრულების ანგარიშში ბეს ჩათვლა ავტომატურად ხდება ბეს მიმცემის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებითანავე და ამისათვის მხარეთა მხრიდან რაიმე მოქმედების განხორციელება არ არის საჭირო. სანამ ვალდებულების შესრულება არ მომხდარა, ბე არც ნაწილობრივი შესრულებად განიხილება. თუკი ბე არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების საგნის იდენტური, ბუნებრივია, ბეს ჩათვლა ვალდებულების შესრულების ანაგარიშში შეუძლებელია. ეს არ ნიშნავს, რომ ბეს მიმღებს ბეს დატოვების უფლება ეძლევა. თუ ამას დაუშვებდით, იგი ბეს მიმღების უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევდა.

36. იმისთვის, რომ ბე წარმოშობილად ჩაითვალოს, აუცილებელია, ხელშეკრულების მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას აღნიშნულის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბეს შესახებ შეთანხმება რაიმე ფორმის დაცვას არ საჭიროებს. პირგასამტეხლოსგან და მოვალის გარანტიისაგან განსხვავებით, მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ შეთანხმდნენ ბეს თაობაზე ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

37. იმისათვის, რომ ბე დარჩეს ბეს მიმღებს, აუცილებელია ხელშეკრულების დარღვევა ბეს მიმცემის მიერ. თუმცა, მხოლოდ თვითონ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი არ არის ბეს დატოვების საკმარისი საფუძველი. ასევე, აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა ბეს მიმცემის ბრალით იყოს გამოწვეული (სსკ-ის 423-ე მუხლი). ბეს პირობები შეიძლება დაირღვეს პირადად ბეს მიმცემის, მისი კანონიერი წარმომადგენლისა ან იმ პირის მიერ, რომელსაც იგი იყენებს საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად. თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაში ბეს მიმცემს ბრალი არ მიუძღვის, ბეს მიმღებმა ბე უკან უნდა დააბრუნოს. იმისათვის, რომ ბეს მიმღებმა ბეს მიმცემის თანხა დაიტოვოს, მნიშვნელობა არ აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შედეგად, ბეს მიმღების მიერ განცდილ ზიანს ან მის ოდენობას (იხ. დამატებით: Gottwald, in MüKo BGB, 5. Aufl., 2009, § 338, Rn.1) რეალურად, განცდილი ზიანი შეიძლება ბეს ოდენობაზე ნაკლებიც კი იყოს. ზიანის არსებობის შემთხვევაში კი, ბე ჩაითვლება ზიანის ანგარიშში, ამასთან ბეს მიმღებს არ ერთმევა უფლება, ზიანის ანაზღაურების საერთო წესებიდან გამომდინარე, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურების დარჩენილი ნაწილი, რომელიც ბეს თანხით არ დაიფარა (იხ. დამატებით: ზ.ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, 2001, გვ. 80).

38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში როცა ბეს მიმღები არ ასრულებს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მან ორმაგად უნდა დააბრუნოს ბეს თანხა. ისევე, როგორც ბეს მიმცემის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აქაც მოთხოვნის საფუძვლად გვევლინება ბეს მიმღების მიერ ვალდებულების ბრალეული დარღვევა (სსკ-ის 423 II მუხლი). სასამართლო დავის შემთხვევაში ბეს მიმცემი ვალდებულია დააამტკიცოს ბეს მიმღების მიერ ვალდებულების ბრალეული დარღვევის ფაქტი.

39. სსკ-ის 423 II მუხლი არაფერს ამბობს ბეს ჩათვლაზე ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. ასეთ შემთხვევაში მართებულია, სსკ-ის 423 I მუხლის დებულების ანალოგიით გამოყენება და ბეს ჩათვლა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. ამგვარი რეგულირებით ბეს მიმცემს გაუადვილდება მინიმალური ზიანის ანაზღაურება. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ზიანის ანაზღაურების საერთო წესით, მოითხოვოს ის ზიანი, რომელიც აღემატება ბეს ოდენობას. სხვაგვარი მიდგომა უსამართლო იქნებოდა ბეს მიმღების მიმართაც, რადგან ბეს საჯარიმო პირგასამტეხლოს მსგავს ხასიათს მიცემდა. ეს კი მნიშვნელოვნად დაამძიმებდა სახელშეკრულებო ვალდებულების დამრღვევის მდგომარეობას.

40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

41. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

42. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

43. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

44. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმისა და მხარეთა ჩვენებები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უშუალოდ ავტომანქანის საქართველოში ჩამომყვანი პირის მითითებისა და თავად მოპასუხის განმარტების შესაბამისად, სადავო ავტომანქანა ჩამოყვანილ იქნა მოპასუხის დაკვეთით, მანქანის შესამოწმებლად მოწმესთან ორი პირი მივიდა, თუმცა მათ შორის მოსარჩელე არ ყოფილა. ამავდროულად, მოპასუხემ დაადასტურა, რომ სადავო ავტომანქანასთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებებს მესამე პირთან აწარმოებდა, ვინაიდან რეალური მყიდველი მესამე პირი იყო. მესამე პირმა მანქანის შესამოწმებლად ორი პირი მოავლინა, რომლებსაც მოეწონათ ნივთი, თუმცა შემდეგ ნასყიდობა არ შედგა.

45. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ სადავო ვალდებულება უშუალოდ მოსარჩელის მიმართ შეასრულა.

46. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 29 ოქტომბერს №21944629 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ.ბ–ძეს (პირადი №.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 29 ოქტომბერს №21944629 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური